საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დანიაში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-3 ეტაპზე, შოტლანდიის ძლევის შემდეგ, V ადგილის ფინალში ინგლისთანაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მეტოქეს ორის წილ 3 ლელო გაუტანა და მისი 21:14 დამარცხებით, სინის მფლობელი გახდა.
კარგია, რომ ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობებისა ბოლომდე იწამეს და როგორც შოტლანდიასთან, ასევე ინგლისთან, თამამი, შემტევი რაგბი ითამაშეს.
პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, აზრიანადაც უტევდა და ამან პირველი შედეგი მე-3 წუთზე მოიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე სანდრო ნიჟარაძე ჯიქურ წავიდა მცველზე, უკვე შებოჭილი, მას ხელიდან დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ივა დავითაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.
ორიოდე წუთში, ინგლისელებმა საკუთარ ნახევარზე დაჰკარგეს ბურთი, მარცხენა ფლანგზე მერაბ შარიქაძეს სივრცე ჰქონდა, მაღალ სიჩქარეზე მცველები უკან მოიტოვა და იმდენი მოახერხა, რომ ლელო მანაც ძელებსშუა გაიტანა და ამჯერად, შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა.
მე-2 ტაიმში ინგლისმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ორივე შემთხვევაში მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე იხეირა. პირველ ჯერზე ინგლისელმა თავის ნახევრიდან ფეხით გადაკიდა ბურთი და მიყვა, ხოლო მეორედ, როცა საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა, მათ სწრაფად გაითამაშეს ბურთი და ზონების ჩაკეტვა უბრალოდ ვეღარ მოხერხდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები უკვე არაქათგამოლეული იყო, თან შემცვლელებიც აღარ დარჩა (ტრავმების გამო) და მოედანზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დანიელი მორაგბე გამოჩნდა.
მოგების იმედი თითქოს აღარ ჩანდა, მაგრამ ბოლო წუთზე ლაშა ხმალაძემ სასწაული ჩაიდინა, ცრუმოძრაობით, ორი ინგლისელი პირდაღებული დატოვა და ჩათვლის მოედნამდე 80 მეტრი ირბინა. ეს იყო ულამაზესი ლელო, თანაც, არა პირველი ამ ტურნირზე და ესოდენ მნიშვნელოვანი. მახარაშვილის გარდასახვას თან ფინალური სირენის ხმა დაერთო და საქართველოს ნაკრები დანიაში სინის მფლობელი გახდა!
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია