ამბები

23:06 | 8.07.2012 | ნანახია 4739 - ჯერ

ოდენსედან სინით და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის საგზურით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დანიურ ქალაქ ოდენსეში წლეულს საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა, შედეგად, გუნდმა V ადგილი დაიკავა და სინს დაეუფლა, ჩამოიტოვა რა უკან ევროპის ჩემპიონი ინგლისი, რუსეთი და შოტლანდია.
დანიაში ნაჩვენები შედეგით, საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ამა წლის 20-21 ივლისს, ლისაბონში გასამართი ტურნირის საგზური, რომელიც 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია და რაც მთავარია, თამაშმა გააჩინა იმედი იმისა, რომ ლისაბონში ქართველი მორაგბეები, მინიმუმ, მე-5 ადგილს დაიკავებენ (ევროპიდან მსოფლიო თასის საგზურს 5 საუკეთესო გუნდი მიიღებს) და გაისად მოსკოვში გაემგზავრებიან (მოსკოვში გაიმართება 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასი. ევროპიდან მისი საგზური უკვე მოპოვებული აქვთ ევროპის ჩემპიონ ინგლისს, 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონ უელსსა და მასპინძელ რუსეთს).
მოგეხსენებათ, 7-კაცა რაგბის ჩატარების ფორმატი ორი წლის წინათ შეიცვალა: მას გრან პრი დაერქვა, გუნდები დონეებად დაიყო და 12 საუკეთესო ნაკრები, ევროპის ჩემპიონის სახელის მოსაპოვებლად, რამდენიმე ეტაპზე იბრძვის. თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდს ქულები ეწერება და გამარჯვებულიც ის ნაკრები ხდება, რომელიც ჯამში ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს. ჯამში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი გრან პრის ემშვიდობება და გაისად მის ადგილს “ა” ჯგუფის 2 საუკეთესო იკავებს.
შარშან, ევროპის გრან პრი ოთხ ეტაპად ჩატარდა, მაგრამ რადგან წლეულს 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიც იყო დაგეგმილი, გარკვეული ცვლილებები მოხდა. ევროპის ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა, მე-4 ტურნირი კი, უშუალოდ მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია.
პირველ ორ ეტაპზე, ჩვეულებისამებრ, 12-12-მა გუნდმა ითამაშა, მესამეზე კი, რადგან მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე მონაწილე გუნდების ვინაობაც უნდა გარკვეულიყო, 12-ს, “ა” დივიზიონის 4 ბინადარი (3 საუკეთესო - რუმინეთი, ბელგია და ლიტვა, ასევე, მასპინძელი დანია) დაემატა.
16 გუნდი ოთხ ოთგუნდა ჯგუფად დაიყო და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის სამ-სამი თამაში გაიმართა, მეორე დღეს კი, ჯგუფის ორ-ორმა საუკეთესო ნაკრებმა თასისათვის ბრძოლა მეოთხედფინალებში გააგრძელა, დანარჩენი ორ-ორი კი, ქვედა ადგილებისთვის, ასევე პლეი ოფში ჩაება.
ევროპის გრან პრის პირველ, ლიონის ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა მე-8 ადგილი დაიკავა, მე-2, მოსკოვის ეტაპზე, რომელიც ერთი კვირის წინათ შედგა, მე-11 ადგილზე გავიდა და ჯამში ნაჩვენები შედეგით, გავარდნის კანდიდატად იქცა.
საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს 15-კაცა რაგბიში თამაშები ჰქონდა და 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა - კახა ალანიამ შემადგენლობა თითქმის სრულად ქართულ კლუბებში მობურთალი მორაგბეებით დააკომპლექტა (ერთადერთი გამონაკლისი მერაბ კვირიკაშვილი იყო, რომელიც ლიონის ეტაპზე იმყოფებოდა, მაგრამ მალევე დაშავდა და ტრავმირებული ფეხი რომ არ გამიზეზებოდა, აღარ უთამაშია).
როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო წარუმატებლობის მიზეზი. დანიაშიც ვერ მოხერხდა უძლიერესი შემადგენლობით წასვლა, მაგრამ გუნდში უკვე გამოჩნდნენ ეროვნული გუნდის წევრები, რომელთაც მაღალი დონის რაგბის თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და ფიზიკურ-ტაქტიკური მომზადებითაც უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე 7-კაცას წინა ეტაპებზე მათი შემცვლელი, პერსპექტიული ბიჭები.
ოდენსეს ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი რუსეთის წინააღმდეგ გამართა, ტაიმი უქულოდ დასრულდა, მაგრამ მე-2 ნახევარში 2 ლელო გაუშვეს და 0:12 დამარცხდნენ.
მიუხედავად ამისა, გამოჩნდა, რომ ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც აღიარებულ მოშვიდკაცეებთან იოლად რამეს დათმობდა, თუმცა, შეცდომები მაინც მრავლად იყო და ეს, ალბათ, შეთამაშების ნაკლებობას უნდა მივაწეროთ.
მეორე იყო უმნიშვნელოვანესი ჯახი უკრაინასთან. ეს მატჩიც მძიმე გამოდგა და ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, შეხვედრის ერთადერთი ლელო მე-2 ნახევრის შუაში გავიდა. ლაშა ხმალაძის კარგი თამაშის შემდეგ, ფლანგზე თედო ზიბზიბაძე გაიჭრა, ის აუტში გაიყვანეს, მაგრამ ბურთის თამაშში დატოვება მოასწრო და ლელო ბექა ბიწაძემ მიითვალა.
ცხადი გახდა, ქართველებს ბელგიელთა ძლევა აღარ გაუჭირდებოდათ და 8 საუკეთესოს შორის მოხვდებოდნენ. ასეც მოხდა - 24:0 ბელგიასთან. აქ, 2 ლელო მერაბ შარიქაძემ გაიტანა, თითო-თითო კი - გიორგი კალმახელიძემ და ზიბზიბაძემ.
მე-2 დღის პირველი თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებს 7-კაცაში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან - პორტუგალიასთან ჰქონდა, ძალიან მძიმე საყურებელი გამოდგა.
საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად ერთხელ გადალახა ცენტრალური ხაზი, ისიც, მეტოქის ჩათვლის მოედანს 35 მეტრზე მეტად ვერ მიუახლოვდა და 0:24 განადგურდა.
ამის შემდეგ, წარმატებას აღარავინ ელოდა, მაგრამ ალანიას შეგირდები თითქოს შეიცვალნენ და მომდევნო 2 მატჩი ისეთ დონეზე ჩაატარეს, როგორსაც მისგან გულშემატკივარი ითხოვს, არადა, მეტოქეები შოტლანდია და ინგლისი იყვნენ.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, თავისზე ძლიერ გუნდთან საქართველოს ნაკრებმა კარგი, თამამი რაგბი ითამაშა - კარგად იცავდა თავს, არც შეტევაში წასვლას უფრთხოდა და ამან შედეგიც მოიტანა.
მართალია, პირველი ლელო შოტლანდიელებმა გაიტანეს, როდესაც მარცხენა ფლანგზე მეტოქე თედო ზიბზიბაძეს გაექცა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ ამის შემდეგ, მთელმა ორმა წუთმა ქართველთა შეტევებში ჩაიარა. ლაშა ხმალაძემ ცრუმოძრაობით, ვითომ პასს აკეთებდა, სქოთთა დაცვა დააბნია, დაცვის ხაზში არსებული ხვრელით ისარგებლა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, შალვა მახარაშვილმა კი, გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
განახლდა თამაში და ქართველებს კიდევ ერთხელ დაუსხლტათ შოტლანდიელი და მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა კვლავ ლელოთი დასრულდა, მაგრამ ამჯერად, გარდასახვა არაზუსტი იყო.
ამას, კვლავ საქართველოს ნაკრების გააქტიურება მოჰყვა და ტაიმის ბოლოს გიორგი კალმახელიძე გაიქცა ფლანგზე, მაგრამ ბურთზე კონტროლი დაკარგა და ის წინ დაუვარდა. ტაიმი 7:12 დასრულდა, მაგრამ ქართველთა თამაში წარმატების იმედს იძლეოდა და მე-2 ტაიმი მათი შეტევებით დაიწყო.
თამაშის განახლებიდან 15 წამი იყო გასული, როცა აქტიური, ახალგაზრდა გიორგი ფრუიძე გაიჭრა ორ მცველს შორის, მაგრამ უკნიდან ბოჭვისას ბურთი დაუვარდა. მიუხედავად ამისა, ალანიას შეგირდებმა მჭიდრო დაცვით მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან ასვლის საშუალება არ მისცეს, ბოლოს კი, ისინი დაჯარიმდნენ. საქართველოს ნაკრები სწრაფად ათამაშებდა ბურთს, მეტოქე რაქში ჯარიმდებოდა, ეს მსაჯს მობეზრდა და რადგან მცველები უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, მე-9 წუთზე შოტლანდიელი გაასინბინა.
5 მეტრიდან გათამაშებული ჯარიმისას ლელო უნდა გასულიყო, ზიბზიბაძის გარღვევის შემდეგ, ხმალაძე ცარიელ კუთხეში გადიოდა, მაგრამ პასი ვერ დაიმორჩილა. სამაგიეროდ, სქოთებმა ბურთის ფეხით შორს გატანა ვერ მოახერხეს, მერაბ შარიქაძემ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა კარგად, მერე შეტევა მარცხნიდან გაგრძელდა, რიცხობრივმა მეტობამ სივრცეები გამოაჩინა და ზიბზიბაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო მახარაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 14:12.
საქართველოს ნაკრები მცირედით დაწინაურდა და საჭირო იყო, სანამ მეტოქე კაცნაკლული გახლდათ, ეს უპირატესობა უფრო გაზრდილიყო.
საფინალო სასტვენამდე 2,5 წუთი რჩებოდა, როცა ფრუიძემ ითამაშა კარგად, მარჯვენა ფლანგზე თავის გარშემო 4 მორაგბე შემოიკრიბა, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და ზიბზიბაძემ, მცველის მცდელობის მიუხედავად, ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო მახარაშვილმა უმნიშვნელოვანესი გარდასახვა რთული პოზიციიდან ზუსტად შეასრულა და უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.
შოტლანდიელებმა გააფთრებით შეუტიეს, თავიდან საქართველოს ნაკრები ცენტრალური ხაზის სიახლოვეს კარგად იცავდა თავს, მაგრამ მერე მეტოქე სამ ქართველს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა მიითვალა, ხუთიოდე წამში გარდასახვაც გავიდა და რადგან საფინალო სასტვენამდე წამები რჩებოდა, მატჩიც უცბადვე განახლდა. ქართველები ჯერ წესივრად დალაგებულიც არ იყვნენ და შოტლანდიამ, 2-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ბოლო შეტევის უფლება მიიღო. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც მსაჯმა ფრუიძე განზრახ დაჯარიმებისთვის გაასინბინა, მაგრამ კაცნაკლულმა საქართველომ დიდი თავდადების ხარჯზე ბოლო შეტევა გაჭირვებით, მაგრამ წარმატებით მოიგერია და გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმა.
შოტლანდიის 21:19 ძლევის შემდეგ, V ადგილისთვის, ანუ სინისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონ ინგლისს ეთამაშებოდა, რომელმაც ტიტული წლეულსაც შეინარჩუნა. ინგლისელებმა წინა ორი ეტაპი (ლიონის და მოსკოვის) მოიგეს და რადგან პორტუგალიას ათ ქულას უგებდნენ, მათ სერიის მოგების გარანტიას მე-6 ადგილიც აძლევდათ. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ ინგლისმა ქართველთა წინააღმდეგ ნახევარი ძალით ითამაშა - ასეთი რამ რაგბში მიუღებელია.
მთელი თამაშის განმავლობაში, ბურთს უმეტესად საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, აზრიანადაც უტევდა და ამან პირველი შედეგი მე-3 წუთზე მოიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე სანდრო ნიჟარაძე ჯიქურ წავიდა მცველზე, უკვე შებოჭილი მას ხელიდან დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ივა დავითაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. ორიოდე წუთში ინგლისელებმა საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი, მარცხენა ფლანგზე მერაბ შარიქაძეს სივრცე ჰქონდა, მაღალ სიჩქარეზე მცველები უკან მოიტოვა და იმდენი მოახერხა, რომ ლელო მანაც ძელებსშუა გაიტანა და ამჯერად, შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა.
მე-2 ტაიმში ინგლისმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ორივე შემთხვევაში მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე იხეირა.
პირველ ჯერზე, ინგლისელმა თავის ნახევრიდან ფეხით გადაჰკიდა ბურთი და მიჰყვა, ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა, ინგლისელებმა სწრაფად გაითამაშეს ბურთი და ზონების ჩაკეტვა უბრალოდ ვეღარ მოხერხდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები არაქათგამოლეული იყო, თან შემცვლელებიც აღარ დარჩა (ტრავმების გამო) და მოედანზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დანიელი მორაგბე გამოჩნდა. მოგების იმედი თითქოს აღარ ჩანდა, მაგრამ ბოლო წუთზე ლაშა ხმალაძემ სასწაული ჩაიდინა, ცრუმოძრაობით, 2 ინგლისელი პირდაღებული დატოვა და ჩათვლის მოედნამდე 80 მეტრი ირბინა. ეს იყო ულამაზესი ლელო, თანაც, არაპირველი ამ ტურნირზე და ესოდენ მნიშვნელოვანი. მახარაშვილის გარდასახვას თან ფინალური სირენის ხმა დაერთო და საქართველოს ნაკრები დანიაში სინის მფლობელი გახდა!
რაც მთავარია, გუნდმა აჩვენა კარგი თამაში ძლიერ მეტოქეებთან და თუ პორტუგალიაში უძლიერესი შემადგენლობის წაყვანა მოხერხდება და თამაშიც ხარისხიანი იქნა, მაშინ 2013 წლის პლანეტის უდიდეს სარაგბო ფორუმს (7-კაცაში) საქართველოს ნაკრებიც არ დააკლდება.
ოდენსეს ეტაპი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში პორტუგალია 21:12 დაამარცხა.
ინგლისი სერიის გამარჯვებული გახდა, პორტუგალია მე-2 ადგილს დასჯერდა, საქართველოს ნაკრებმა კი, ჯამში მე-8 ადგილი დაიკავა.
ევროპის გრან პრის გაისად გერმანია და ჰოლანდია გამოაკლდება, მათ ადგილს კი, რუმინეთი და ბელგია დაიკავებენ.
საქართველოს ნაკრებმა ოდენსეს ეტაპზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ივანე დავითაშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, გიორგი ფრუიძე, გიორგი კაჭარავა.  

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
მესამე ეტაპი. 7-8 ივლისი. ოდენსე (დანია)
A ჯგუფი

ინგლისი - გერმანია 24:7
შოტლანდია - დანია 43:0
ინგლისი - დანია 43:7
შოტლანდია - გერმანია 19:7
გერმანია - დანია 40:10
ინგლისი - შოტლანდია 14:26
 

1 შოტლანდია 3 3 0 0 88-21 9
2 ინგლისი 3 2 0 1 81-40 7
3  გერმანია 3 1 0 2 54-53 5
4 დანია 3 0 0 3 17-126 3


B ჯგუფი
საფრანგეთი - იტალია 33:0
უელსი - ლიტვა 28:14
საფრანგეთი - ლიტვა 47:7
უელსი - იტალია 19:17
იტალია - ლიტვა 29:0
საფრანგეთი - უელსი 33:12
 

1 საფრანგეთი 3 3 0 0 113-19 9
2  უელსი 3 2 0 1 59-64 7
3 იტალია 3 1 0 2 46-52 5
4 ლიტვა 3 0 0 3 21-104 3


C ჯგუფი
რუსეთი - საქართველო 12:0
უკრაინა - ბელგია 5:0
რუსეთი - ბელგია 31:12
უკრაინა - საქართველო 0:5
საქართველო - ბელგია 24:0
რუსეთი - უკრაინა 40:0
 

1 რუსეთი 3 3 0 0 83-12 9
2 საქართველო 3 2 0 1 29-12 7
3 უკრაინა 3 1 0 2 5-45 5
4 ბელგია 3 0 0 3 12-60 3


D ჯგუფი
ესპანეთი - ჰოლანდია 28:0
პორტუგალია - რუმინეთი 14:10
ესპანეთი - რუმინეთი 27:0
პორტუგალია - ჰოლანდია 31:12
ჰოლანდია - რუმინეთი 21:19
ესპანეთი - პორტუგალია 7:10
 

1  პორტუგალია 3 3 0 0 55-29 9
2 ესპანეთი 3 2 0 1 62-10 7
3 ჰოლანდია 3 1 0 2 33-78 5
4 რუმინეთი 3 0 0 3 29-62 3


მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
გერმანია - ლიტვა 19:0
ჰოლანდია - ბელგია 19:12
უკრაინა - რუმინეთი 24:0
იტალია - დანია 27:12
 

თასის მეოთხედფინალები
შოტლანდია - უელსი 14:31
პორტუგალია - საქართველო 24:0
რუსეთი - ესპანეთი 0:12
საფრანგეთი - ინგლისი 14:7
 

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
ლიტვა – ბელგია 5:14
რუმინეთი – დანია 26:12
 

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
გერმანია - ჰოლანდია 7:28
უკრაინა - იტალია 12:14
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
შოტლანდია - საქართველო 19:21
რუსეთი - ინგლისი 21:28
 

თასის ნახევარფინალები
უელსი - პორტუგალია 17:24
ესპანეთი - საფრანგეთი 0:21
 

XV ადგილისთვის
ლიტვა - დანია 19:7
 

XIII ადგილისთვის
ბელგია - რუმინეთი 7:5
 

XI ადგილისთვის
გერმანია - უკრაინა 12:5
 

IX ადგილისთვის
ჰოლანდია - იტალია 12:31
 

VII ადგილისთვის
შოტლანდია - რუსეთი 12:19
 

V ადგილისთვის
საქართველო - ინგლისი 21:14
 

III ადგილისთვის
უელსი - ესპანეთი 21:17
 

ფინალი
პორტუგალია - საფრანგეთი 12:21

საბოლოო მდგომარეობა
1.    ინგლისი - 50
2.    პორტუგალია - 48
3.    საფრანგეთი - 45
4.    ესპანეთი - 43
5.    უელსი - 36
6.    რუსეთი - 34
7.    შოტლანდია - 22
8.    საქართველო - 20
9.    უკრაინა - 12
10.    იტალია - 10
11.    ჰოლანდია - 8
12.    გერმანია - 8
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086436