ინგლისისა და საფრანგეთის სარაგბო კლუბების სურვილს, რომ ევროთასებზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა და შერჩევა “კელტების ლიგის” გათამაშებაში მონაწილე გუნდთა ხარჯზე მოხდეს, განხორციელება არ უწერია.
PlanetRugby-ს ცნობით, საქმე, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს და თუ ინგლისელები და ფრანგები დათმობაზე არ წავლენ, შესაძლოა, “ჰაინეკენისა” და “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჩატარების (ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმატში) მომავალი სულაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისური და ფრანგული კლუბების წარმომადგენლები, 2013/2014 წლების გათამაშებისთვის, “ჰაინეკენის თასზე” გუნდების რაოდენობის 24-იდან 20-მდე შემცირების მომხრენი არიან და ეს 4 გუნდი პრაქტიკულად სტულად “კელტების” ლიგაზე მოდის (ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია). წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ერთი წლის შემდეგ ამ ტურნირისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებიან, მაგრამ მათ საპასუხოდ, ამჯერად ირლანდიურმა, უელსურმა და შოტლანდიურმა კლუბებმაც მკაცრი პოზიცია დაიკავეს და დააფიქსირეს, რომ ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
ტურნირის ყოფილი დირექტორი მარტინ ტომასი, ამ საკითხთან დაკავშირებით The Rugby Paper-ს ესაუბრა: “კელტების კავშირმა მიაღწია შეთანხმებას და ამჯერად არანაირი საფრთხის წინაშე უკან დახევას არ აპირებენ. სავარაუდოდ, ისინი საკუთარ პოზიციას ბოლომდე დაიცავენ და დათმობა ფრანგებს და ინგლისელებს მოუწევთ. ულსელებს, ირლანდიელებს და შოტლანდიელებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ არ დანებდნენ და თუ მეორე მხარემაც არ დათმო და ტურნირში მონაწილეობა უარი თქვეს, “კელტები” მათ ეტყვიან: “სამარცხვინოა, მაგრამ თუ არ გინდათ “ჰაინეკენის თასზე” მონაწილეობის მიღება, ეს თქვენი ნებაა. ჩვენ გვიყვარს ეს ტურნირი და მასში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას”.
სიტუაცია ისეთია, ომის ზღვარზეა მისული. ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს დიდი ძალაუფლება აქვთ. მათ იციან, რომ ტელეტრანსლიაციების შემოსავლიდან, უდიდესი წილი სწორედ მათზე მოდის. მართალია ბოლო სამ წელიწადში, ფინალში გასული ექვსი გუნდიდან მხოლოდ ერთი იყო ინგლისური, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება და ფინანსურად მომგებიანი “ჰაინეკენის თასი” სწორედ ინგლისელთა და ფრანგთა დამსახურებით იყო. როგორც ყველა პროფესიონალურ სპორტში, აქაც საქმე მხოლოდ ფინანსებს ეხება და ინგლისელებს და ფრანგებს მეტი მოგების მიღება უნდათ. წინ დიდი ამბები გველოდება”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია