საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები 20-21 ივლისს პორტუგალიის რეგიონ ალგარვეს მთავარ ქალაქ ფარუში 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპში ჩაებმება და საუკეთესო ხუთეულში მოხვედრით, 2013 წლის 28-30 ივნისს, მოსკოვის საგზურის მოპოვებას ეცდება.
ევროპის გრან პრის მესამე, დანიური ოდენსეს ეტაპზე მეხუთე ადგილის დაკავების შემდეგ, გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ კახა ალანიას შეგირდები მიზანს მიაღწევენ, მით უმეტეს, რომ შესარჩევ ეტაპზე ევროპის სამი ძლიერი ნაკრები არ ითამაშებს. 2009 წლის 7-კაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონი უელსი, ასევე ევროპის ჩემპიონი ინგლისი და მასპინძელი რუსეთი ევროპირველობის საგზურს უკვე ფლობენ. მათ ნაცვლად პორტუგალიაში “ა” დივიზიონის სამი საუკეთესო გუნდი - რუმინეთი, ბელგია და ლიტვა - ითამაშებს.
ალგარვეში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელი პორტუგალია, შოტლანდია (რომელსაც ოდენსეში 21:19 მოვუგეთ), გერმანია, ჰოლანდია და ლიტვა იქნებიან. მეორე ჯგუფში ითამაშებენ საფრანგეთი, ესპანეთი, უკრაინა, იტალია, რუმინეთი და ბელგია. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ, მაგრამ ამ ოთხ გუნდს მთავარი მიზანი - მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება უკვე მიღწეული ექნებათ. ჯგუფის მესამე-მეოთხეადგილოსნები, ასევე ნახევარფინალებიდან, V ადგილისთვის და დარჩენილი ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები უბრალოდ, ქვედა ადგილებს გაითამაშებენ.
იმედია, საქართველოს ნაკრები ამჯერად მოუყრის თავს ძლიერ შემადგენლობას და გაისად მოსკოვში მსოფლიო თასზე ითამაშებს. 7-კაცა რაგბიში მსოფლიო თასი 1993 წლიდან, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს ნაკრები მასში 2001 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია