ამბები

16:51 | 13.07.2012 | ნანახია 2315 - ჯერ

ევროპირველობა ქვიშის რაგბში

19 ივლისს, საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები, საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, FIRA AER-ის ეგიდით გასამართ ევროპის პირველობაზე მიემგზავრება. ჩვენი ნაკრებისთვის ეს უკვე მეორე ტურნირია. დებიუტი შარშან ამავე ტურნირზე შედგა და მაშინ ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ქვიშის რაგბი წლების განმავლობაში სამოყვარულო-გასართობ დისციპლინად ითვლებოდა. შარშან FIRA AER-ის ეგიდით ჩატარდა პირველი ევროპის თასის გათამშება, რომლის გამარჯვებულიც მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები გახდა. წლევანდელ ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობს: საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, უკრაინა, ესპანეთი, რუსეთი და საქართველო.
ტურნირი სამი დღე გრძელდება. პირველ დღეს გუნდები ატარებენ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრ თამაშებს. მეორე დღეს ტარდება, მამაკაცთა, ქალთა, ბავშვთა და ვეტარანთა ტურნირი, რომელშიც მთლიანობაში ათასამდე გუნდი მონაწილეობს, ხოლო დასკვნით სათამაშო დღეს ევროპის პირველობის ფინალური სტადიაა. თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში ორი საუკეთესო გუნდი გადის.
ქვიშის რაგბის ორი სახეობა არსებობს - კონტაქტური და უკონტაქტო (თაჩ-რაგბი). ევროპის პირველობა თაჩ-რაგბში ტარდება. გუნდში რვა მოთამაშეა, ხუთი ძირითადი და სამი თადარიგში. შეცვლები შეზღუდული არ არის. მოედნის სიგრძე 40 მეტრია, ხოლო სიგანე 35 მეტრი.
მამუკა ტყეშელაშვილი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შარშანდელისგან განსხვავებით, გადავწყვიტეთ აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაგვეკეთებინა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებებში. ძლიერ მეტოქეებთან გვექნება თამაში. ევროპაში ქვიშის რაგბი საკმაოდ პოპულარულია და ბევრი მიმდევარი ჰყავს. ჩვენ ნაკრებისთვის კი, ჯერ პირველი ნაბიჯებია. ეს ჩვენი მეორე ტურნირია და შევეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ კარგი შედეგის საჩვენებლად. დიდი სურვილი გვაქვს საქართველოში ახალგაზრდებს შორის ჩავატაროთ ტურნირები, რათა შევძლოთ ნაკრების კანდიდატების შერჩევა. ბიჭებს ნაკრებში მოხვედრის სტიმული უნდა მივცეთ, რათა მონაწილეობა მიიღონ ევროპისა და მსოფლიო პირველობაზე”.
IRB უკვე განიხილავს ქვიშის რაგბში პირველი მსოფლიო თასის ჩატარების საკითხს.
საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები: გიორგი ფრუიძე (აია), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ბროძელი (არმაზი), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), ვაჟა ხუციშვილი (რუსთავი), გიორგი აფციაური (არმია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ილია მელაძე (აკადემია).
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
მენეჯერი: სანდრო ჟღენტი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09122