ამბები

18:11 | 15.07.2012 | ნანახია 2130 - ჯერ

7-კაცაში “აკადემიამ” იპირველა

საქართველოს მორაგბეთა 2012 წლის ჩემპიონი 7-კაცა რაგბიში თბილისის “აკადემია” გახდა. ამ გუნდმა მხოლოდ ერთი, დასკვნითი ეტაპი მოიგო, მაგრამ წინა 2 ეტაპის მომგები “ლელო”, დასკვნით, მე-3 ეტაპზე მხოლოდ V ადგილს დასჯერდა და აკადემიელებმაც მას 2 ქულით აჯობეს.
საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღია შარშანდელ ჩემპიონ “არმიას”. იყვნენ ისეთი გუნდებიც, რომლებმაც ყველა ეტაპზე მონაწილეობა ვერ მიიღეს.
პირველი ეტაპი ივნისის შუა რიცხვებში გაიმართა და მასში 12-მა კლუბმა იასპარეზა. თასის ფინალში “ლელომ” “აკადემია” 27:12 დაამარცხა, ხოლო მე-3 ადგილისთვის ქუთაისური გუნდები იბრძოდნენ, სადაც “აიამ” “ბაგრატს” 12:5 სძლია. V ადგილი “ლოკომოტივს” დარჩა, რომელმაც “ბათუმს” 19:5 აჯობა.
ერთი კვირის თავზე, მე-2 ეტაპის ფინალში “ლელომ” უკვე “ლოკომოტივს” სძლია 40:0, ხოლო “აკადემიამ” “ბათუმის” 31:12 დამარცხებით III ადგილი დაიკავა. V ადგილისთვის ჯახში, “ილიაუნი ჯიქმა” “აიას”, ერთი გარდასახვით, 12:10 აჯობა.
მე-3 ეტაპზე, თასის ნახევარფინალში ვერ გავიდა “ლელო” და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჯგუფურ ეტაპზე, “ლელო” “აიასთან” 14:19 დამარცხდა, “ბათუმს” 7:5 აჯობა, ხოლო ბათუმელებმა ქუთაისელებს 14:12 სძლიეს. ამ სამმა გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვეს და თასისათვის ბრძოლა “აიამ” და “ბათუმმა” გააგრძელა, რადგან ურთიერთშეხვედრებში გატანილ-გაშვებულ ქულათა უკეთესი ბალანსი ჰქონდათ.
მეორე ჯგუფში, “აკადემიას” გამარჯვება “ილიაუნი ჯიქმა” არ დაანება (5:5), მაგრამ აკადემიელებმა დანარჩენი მატჩები მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში, “აკადემიამ” “ბათუმს” 21:0 სძლია, ხოლო “აიამ” “ლოკომოტივი” 19:14 დაამარცხა. თასის ნახევარფინალს დარჩენილმა “ლელომ”, ჯერ “ბაგრატი” დაამარცხა (27:0), მერე “ყოჩები” (22:7) და V ადგილი დაიკავა. III ადგილი, “ბათუმის” 26:5 ძლევით, “ლოკომოტივს” ერგო, ხოლო ფინალში “აკადემიამ” “აიას” 12:7 მოუგო და ჯამში გამარჯვებული გახდა.
ახლა მორაგბეები დაისვენებენ, მოემზადებიან და 1 სექტემბერს ჩაებმებიან საქართველოს ჩემპიონატში 15-კაცა რაგბში, რომელიც ახალი სისტემით (შემოდგომა-გაზაფხული) დაიწყება.

საქართველოს 2012 წლის ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში
აკადემია    54 (18+16+20)
ლელო        52 (20+20+12)
ლოკომოტივი    46 (12+18+16)
აია (ქუთაისი)    44 (16+10+18)
ბათუმი    38 (10+14+14)
ბაგრატი (ქუთაისი)    28 (14+8+6)
ილიაუნი ჯიქი    28 (8+12+8)
ყოჩები    22 (6+6+10)
კოლხი რაინდები (ფოთი)    8 (0+4+4)
ხულიგანა    6 (4+2+0)
არმაზი    2 (2+0+0)
არწივები (ოზურგეთი)    2 (0+0+2)
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095994