ამბები

13:41 | 17.07.2012 | ნანახია 4259 - ჯერ

მსოფლიო თასის საგზურისთვის საუკეთესო შემადგენლობით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, 15 ივლისს პორტუგალიურ ელგარვეში გაემგზავრა, სადაც 20-21 ივლისს, 2013 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
გუნდის მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პავლე ჯიმშელაძემ, ამჯერად, თითქმის საუკთესო შემადგენლობის შეკრება მოახერხეს და ეს, წარმატების შანსს ერთი-ორად ზრდის. გუნდში არიან ლეგიონერები: ირაკლი მაჩხანელი, რომელსაც კარგა ხანია 7-კაცაში აღარ უბურთავია, ასევე, მერაბ შარიქაძე, მერაბ კვირიკაშვილი და თედო ზიბზიბაძე. ახალი სახეა ბაჩანა კოლელიშვილი.
ევროპის ზონაში, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე 12 გუნდი მონაწილეობს, სულ კი, 2013 წლის მოსკოვის ტურნირზე 8 გუნდი გაემგზავრება. 3 ადგილი უკვე დაჯავშნულია - 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონი უელსი, ევროპის ჩემპიონი ინგლისი და მასპინძელი რუსეთი, ძირითად ტურნირში უკონკურენციოდ მონაწილეობენ. ეს, საქართველოს შანსებს ზრდის და აჩენს იმის რეალურ მოლოდინს, რომ პორტუგალიაში ჩვენი გუნდი საუკეთესო ხუთეულში მოხვდება.
12 ევროპული ნაკრები სამ ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო, მეოთხედფინალში ავტომატურად გადის და მათ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ემატება. ეს რვა გუნდი პლეი ოფში აგრძელებს ბრძოლას და მეოთხედფინალების გამარჯვებულები, მსოფლიო თასის საგზურს იღებენ. ისინი ელგარვეს ტურნირზე თასისთვის ბრძოლას მაინც აგრძელებენ და მოსკოვში მათი განთესვა, სწორედ დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდება. მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები სინისთვის აგრძელებენ ბრძოლას (V ადგილისთვის) და გამარჯვებული მსოფლიო თასზე გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში “ბ” ჯგუფში, საფრანგეთთან, გერმანიასთან და ბელგიასთან ითამაშებს. პირველ მატჩს ალანიას შეგირდები 20 ივლისს, თბილისის დროით 20:44 საათზე გამართავენ, 22:56 საათზე მათი მეტოქე ბელგია იქნება, ხოლო ნაშუაღამევს, უკვე 21 ივლისს, 01:30 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. 21 ივლისს საღამოს, თბილისის დროით 21:50 საათიდან მეოთხედფინალები დაიწყება, ხოლო შეჯიბრი ნაშუაღამევს, 22 ივნისს დასრულდება.
დანარჩენ ორ ჯგუფში გუნდები ასე გადანაწილდნენ - “ა” ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა და “ც” ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია და რუმინეთი.
 

საქართველოს ნაკრები 7-კაცა რაგბიში მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ღვინჯილია, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი გეგენავა, ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ფრუიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია.
მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088183