6 ერი

8:32 | 29.02.2016 | ნანახია 1173 - ჯერ

იტალია „ხის კოვზის“ კანდიდატად იქცა

მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში იტალიელები გლაზგოში შერცხვნენ (7:48), სავარაუდო იყო, რომ საკუთარი მაყურებლის თვალწინ დიდი მოტივაციით ითამაშებდნენ, სკოტებს ძლიერად დაუდგებოდნენ და „ხის კოვზის“ თავიდან აცილებას ეცდებოდნენ, მაგრამ...

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - ტრავმირებული კარლო კანას არყოფნაში ძირითადში დაწინაურებულმა კელი ჰაიმონამ მე-8 წუთზე ჯარიმა 3 ქულად აქცია. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად სტუმრების მხარეზე გადავიდა, მასპინძელთა დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და უკვე 25-ე წუთისთვის შოტლანდიელები 17:3 იგებდნენ.

ნახევარი საათის თავზე იტალიის ნაკრებმა ერთი ლელოს დადება მოახერხა - უკანახაზელებმა ბურთი კარგად ჩაათამაშეს ფრთაზე, სადაც კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა იტალიელთა კვაჭი ლეონარდო ჯილარდინი და მას ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში სკოტების დომინირება გაგრძელდა, მათმა კაპიტანმა გრეიგ ლეიდლოუმ, ჰაიმონას ერთი ჯარიმის საპირისპიროდ, სამი ჯარიმის გატანა მოახერხა და თავისი გუნდი 26:13 დააწინაურა. 62-ე წუთზე იტალიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს (რასელი გაასინბინეს) და მარკო ფუსერის ლელოც ვიხილეთ, გარდასახვა ჰაიმონამ ზუსტად შეასრულა.

იტალიელებმა მეტი ვეღარაფერი შეძლეს. პირიქით, კაცნაკლულმა შოტლანდიამ ჯერ ჯარიმა გაუტანა, ხოლო შემდეგ ლელოც მიაყოლა თავისი გარდასახვით და 36:20 მოიგეს.

ამ მატჩის შემდეგ 6 ერის გათამაშებაში შოტლანდიელები მე-4 პოზიციაზე გადავიდნენ, იტალიელები კი ბოლო ადგილზე არიან და ალბათ, იქვე დარჩებიან.

2016 წლის ექვსი ერი

იტალია - შოტლანდია 20:36

იტალია: 2 ლელო - ჯილარდინი, ფუსერი; 2 გარდასახვა - ჰაიმონა; 2 ჯარიმა - ჰაიმონა

შოტლანდია: 3 ლელო - ბარკლი, ჰარდი, სიმორი; 3 გარდასახვა - ლეიდლოუ; 5 ჯარიმა - ლეიდლოუ

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084005