ამბები

11:32 | 18.07.2012 | ნანახია 2964 - ჯერ

დავით მაკაროვი: “ნაკრებმა სტიმული მომცა და რაგბის თამაში ვისწავლე”

დავით მაკაროვი ის ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა და საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც დააჭაშნიკა. ეს მისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამბობს, რომ რაგბის თამაში სწორედ ნაკრების მაისურის მორგების შემდეგ ისწავლა. სანაკრებო გამოცდილება მას და მის გუნდს, თბილისის “აკადემიას” ახლახანს სასიკეთოდ წაადგა და ამ გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო 7-კაცა რაგბიში.
- ეს ჩემი პირველი ტიტულია ცხოვრებაში და უზომოდ ბედნიერი ვარ. თავიდან არც კი მჯეროდა, ასეთ წარმატებას რომ მივაღწიე. ამან თავდაჯერებულობა შემმატა და იმედი მაქვს, მალე პლაჟის რაგბის ჩემპიონიც გავხდები.
- “აკადემია” ბოლო დროს პრობლემებს განიცდიდა და უცებ, 7-კაცას ჩემპიონი გახდა...
- მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გასწიეს, გუნდი არ დაიშალა და შედეგიც სახეზეა.
- 15-კაცაშიც მსგავსი მიზნები გაქვთ?
- ახლა ვისვენებთ, მერე ვარჯიშს დავიწყებთ და მიზნებსაც დავისახავთ. წინდაწინ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პლეი ოფში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ჩემპიონობაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, პლეი ოფში გასვლა ნაღდად შეგვიძლია.
- წლევანდელი სეზონი თქვენთვის განსაკუთრებულია. კლუბის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდით, 7-კაცას ნაკრებში დაგიძახეს...
- “აკადემიას” მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა, ერთ-ერთი მატჩის წინ მითხრა, შენით 7-კაცას ნაკრების მწვრთნელია დაინტერესებული და გაკვირდებაო. მეც ძალიან მოვინდომე და საბოლოოდ ისე მოხდა, ესპანეთის ტურნირზე წამიყვანეს. რეკომენდაცია პაატამ გამიწია და მეც ჩემი ვეცადე.
- როგორი შეგრძნებაა, ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა?
- გულზე “ბორჯღალი” გახატია, საქართველოს სახელით გადიხარ, რაღაც განსხვავებულია... პირველად, ესპანეთის ტურნირზე ვითამაშე, მერე ოფიციალურ მატჩებში ლიონის და მოსკოვის ეტაპზე. პირველზე ვერა, მაგრამ მეორე ეტაპზე, პირადად მე, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ.
- რატომ ვერ ანახა ნაკრებმა ლიონში და მოსკოვში სასურველი შედეგი?
- შემადგენლობა იყო ისეთი, რომ მეტის მიღწევა ვერ შევძელით. ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ახალბედები ვთამაშობდით და შეთამაშება და გამოცდილება გვაკლდა. დანიაში კარგი გუნდი წავიდა და შედეგიც გამოჩნდა. ლიონში და რუსეთში, გარკვეული უარყოფითი როლი, მსაჯებმაც ითამაშეს. უელსთან თამაში მათ წავგავებინეს და მერე სათანადოდ ვეღარ განვეწყეთ. ლიონში, წვიმაში მეტოქეს უფრო გაუმართლა, თორემ მეტის მიღწევა შეიძლებოდა.
- რასაც ვხედავდით, ძლიერ გუნდებთან მოკრძალებულად თამაშობდით...
- ეგეცაა. ძნელია, როდესაც ძლიერ გუნდს ეთამაშები, ფსიქოლოგიური პრობლემა გადალახო. ამას გამოცდილება უნდა, ამდენი ხალხის წინაშე თამაში, ადვილი არაა და ფიზიკურად მეორე ტაიმშიც გვიჭირდა. დაცვაზე უფრო მეტს ვფიქრობდით, ვიდრე შეტევაზე. მწვრთნელები გაშლას გვთხოვდნენ, მაგრამ ვასრულებდით. წვიმაში ფეხით დარტყმები, მწვრთნელის დავალებები, კარგად შევასრულეთ, მაგრამ მეტოქის შეცდომები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი, ფეხით თამაშში აქეთ მოგვბაძა და შედეგი მიიღო.
- პირადად თქვენ, 7-კაცა ნაკრებში თამაშმა რა შეგძინათ?
- ძალიან ბევრი მივიღე. შეიძლება ითქვას, აქამდე თამაში არ ვიცოდი და ახლა ვისწავლე. 7-კაცას გამოცდილება 15-კაცაშიც გამომადგა და ეს უკვე გამოჩნდა. ბევრად გავიზარდე. უცხო თვალიც ამჩნევს, რომ საერთაშორისო გამოცდილება შინაურ გათამაშებაში წამადგა.
- მოსკოვში კარგად ვითამაშეო ამბობთ და კიდევ დაგიძახებენ ამ გუნდში?
- ეგ მწვრთნელებმა გადაწყვიტონ. მოსკოვში, პირადად მე, ურიგოდ არ მითამაშია, მაგრამ შედეგი იყო საშინელი - მე-11 ადგილი (12 გუნდში) და სალაპარაკოც არაფერი იყო. მე დავინახე ჩემი ნაკლოვანებები და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებ. შემდგომში კიდევ თუ დამიძახებენ, უკეთ ვითამაშებ - ეს ზუსტად ვიცი.
- მაინც, რა არის თქვენი დადებითი და უარყოფითი მომენტები?
- ჰაერში კარგად ვთამაშობ, სისწრაფე მაქვს. გამოსასწორობელი მაქვს ფიზიკური კონდინციები და ფინტიც მაქვს, მაგრამ დასახვეწია. დაცვაში თამაშიც მიჭირს, ადრე ვიღლები და ამაზე უნდა ვიზრუნო.
- დიდი ხანი არაა, რაც რაგბს თამაშობთ და ალბათ, ზრდის იმედიც უნდა გვქონდეს...
- 17 წლის ვიყავი რაგბზე რომ მივედი. სპორტის ეს სახეობა ძალიან მომწონდა. ფიზკურად პატარა ვიყავი და რაც არ ვეცადე, მაინც არ გავიზარდე. მერე მეზობლებს დავუჯერე, რაგბზე შევედი და შედეგიც სახეზეა.
 

 

ზურა ქსოვრელი  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08117