ამბები

11:07 | 20.07.2012 | ნანახია 3875 - ჯერ

კახა ალანია: “მიზანი მსოფლიო თასზე გასვლაა”

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ხუთი დღეა პორტუგალიაში იმყოფება, სადაც დღეს საღამოს 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ჩაებმება.
გუნდის მწვრთნელებმა თითქმის უძლიერესი შემადგენლობის შეკრება მოახერხეს და მიზანიც მოსკოვის საგზურის მოპოვებაა, ამისათვის კი, ქართველ მორაგბეებს თასის ნახევარფინალში გასვლა, ან ტურნირზე მე-5 ადგილის დაკავება მართებს. ჯგუფურ ეტაპზე კახა ალანიას შეგირდების მეტოქეები საფრანგეთი, გერმანია და ბელგია არიან.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისის დროით 20:44 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, 22:56 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება, ხოლო უკვე ნაშუაღამევს, 21 ივლისს 01:30 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდება. “ა” ჯგუფში პორტუგალია, უკრაინა, იტალია და ლიტვა ითამაშებენ, ხოლო “გ” ჯგუფში ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია და რუმინეთი მოხვდნენ. თითოეული ჯგუფიდან, თასის ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადის და მათ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება.
ხვალ საღამოს თასის მეოთხედფინალებია დანიშნული და იქ გამარჯვებულ გუნდებს მსოფლიო თასის საგზური უკვე დაბევებული ექნებათ. მეოთხედფინალში დამარცხებული ოთხი გუნდი, სინისთვის და მეხუთე საგზურისთვის ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, პორტუგალიის ტურნირის ფინალური მატჩი კი, 22 ივლისს 02:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო თასზე სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 9 ადგილი უკვე დაკავებულია. ევროპიდან იქ თამაშის უფლება მასპინძელ რუსეთს, ევროპის ჩემპიონ ინგლისს და 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონ უელსს აქვთ დაბევებული. დანარჩენი 15 ადგილისთვის გუნდები რეგიონალურ შესარჩევ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის ზონაში შესარჩევი მატჩები ყველაზე ადრე იმართება და 22 ივლისს ნაშუაღამევს 9 მონაწილეს კიდევ 5 დაემატება. ოკეანეთის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის და კარიბის ზონის შესარჩევი მატჩები 25-26 აგვისტოსაა დაგეგმილი. აფრიკაში შესარჩევი ეტაპი 28-30 სექტემბერს გაიმართება, აზიაში 2-3 ნოემბერს, ხოლო შესარჩევ ეტაპს სამხრეთ ამერიკის ზონა 2013 წლის 23-24 თებერვალს დაასრულებს.
კახა ალანია (შვიდკაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “თითქმის სრულად მოვახერხეთ იმ მოთამაშეების შეკრება, რომელთა ნაკრებში ხილვაც მე და პალიკო ჯიმშელაძეს გვინდოდა. გულდასაწყვეტია, რომ სეზონის წინ ტრავმა მიიღო გიორგი შკინინმა და მთელი მოსამზადებელი ციკლი გაუცდა. ასევე დაშავებულია გიორგი კალმახელიძე, რომელმაც ევროპის გრან პრის ბოლო ეტაპზე, ოდენსეში საზარდული იტკინა.
პორტუგალიაში უკვე ხუთი ვარჯიში ჩავატარეთ, სამშაბათს და ოთხშაბათს დღეში ორი ვარჯიში გვქონდა, დღესაც (ხუთშაბათს) ვივარჯიშეთ. საღამოს ვიდეო ანალიზი გვექნება. ერთობლივი ვარჯიში გვქონდა პორტუგალის ნაკრებთან, ბიჭები კარგ ფორმაში არიან, მათი ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ.
მიზანი მსოფლიო თასზე გასვლაა, თუმცა ამისათვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, რომლებიც პორტუგალიაში ჩვენსავით ადრე ჩამოვიდნენ და სერიოზულად ემზადებიან. მთავარია, გუნდმა სათამაშო დისციპლინა არ დაარღვიოს და მიცემული დავალებები მაქსიმალურად შეასრულოს. მოწინააღმდეგეებს კარგად ვიცნობთ და ზუსტად ვიცით, თუ როგორი თამაში უნდა ვითამაშოთ,  რათა დადებით შედეგს მივაღწიოთ. ყველანი მოტივირებულები ვართ და ველოდებით მატჩებს”.
საქართველოს ნაკრები 7-კაცა რაგბიში მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ღვინჯილია, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი გეგენავა, ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ფრუიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107018