საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით გახსნა. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კახა ალანიას შეგირდები გერმანიას დაუპირისპირდნენ და 21:10 იმარჯვეს.
პირველი ლელო გერმანელებმა პირველ წუთზე გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. საქართველოს ნაკრებმა მერაბ შარიქაძის საპასუხო ლელოთი წონასწორობა 5:54 წუთზე აღადგინა, რასაც მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ტაიმი ქართველებმა 7:5 მოიგეს.
მე-2 ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ირაკლი მაჩხანელმა მე-2 ლელო გაიტანა, ამჯერად გარდასახვა შალვა მახარაშვილმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში 14:5 გახდა.
საფინალო სასტვენამდე ორი წუთი რჩებოდა, როდესაც გერმანელებმა მე-2 ლელო მიითვალეს, გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, მაგრამ სხვაობა სახიფათოდ შემცირდა (ოთხ ქულამდე).
ბოლო წუთებმა ალანიას შეგირდების იერიშში ჩაიარა და საფინალო სასტვენამდე 30 წამით ადრე გიორგი ფრუიძემ ლელოთი საქართველოს ნაკრებს გამარჯვება დაუბევა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა გერმანიის წინააღმდეგ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, ირაკლი მაჩხანელი, მერაბ კვირიკაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, შალვა მახარაშვილი, ლაშა ხმალაძე.
შეცვლაზე შევიდნენ თედო ზიბზიბაძე (პირველი ტაიმის შემდეგ), გიორგი ფრუიძე (10:15). მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ირაკლი ღვინჯილიას, ირაკლი გეგენავას და ბაჩანა კოლელიშვილს.
თბილისის დროით 22:56 საათზე, ქართველთა მეტოქე ბელგია იქნება, რომელიც პირველ მატჩში საფრანგეთმა 40:0 გაანადგურა. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალში თამაშის უფლება დაბევებული ექნება. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საგზურს ელგარვეს ტურნირის 5 საუკეთესო გუნდი მიიღებს, ანუ, მეოთხედფინალის 4 გამარჯვებული (თასის ნახევარფინალისტები) და სინის მფლობელი (V-ადგილოსანი).
პორტუგალიაში მსოფლიო თასის საგზურისთვის 12 ევროპული ნაკრები იბრძვის. ისინი სამ ოთხგუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული და თასის მეოთხედფინალში ორ-ორ საუკეთესოსთან ერთად, ორი საუკეთესო მესამედგილოსანიც გადის.
ჯგუფურ ეტაპს საქართველოს ნაკრები ნაშუაღამევს, თბილისის დროით 01:30 საათზე, საფრანგეთთან მატჩით დაამთავრებს და დაახლოებით ერთ საათში მეოთხედფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობასაც შეიტყობს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია