ამბები

0:18 | 21.07.2012 | ნანახია 3445 - ჯერ

7-კაცამ ბელგია დაამარცხა და მეოთხედფინალი დაიბევა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში თამაში დაიბევა.
გერმანიის 21:10 ძლევის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდებმა ბელგიასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და 19:7 იმარჯვეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, ქართველი მორაგბეები ნაშუაღამევს, 01:30 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ. მიუხედავად მომავალი ჯახის შედეგისა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილი უკვე დაბევებული აქვს და შესაბამისად, მეოთხედფინალში აუცილებლად ითამაშებს. ფრანგთა დამარცხების შემთხვევაში, კარგი ის იქნება, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ საქართველოს მეოთხედფინალში შედარებით სუსტი მეტოქე ერგება და შესაბამისად, მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებაც უფრო ადვილი იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ ბელგიასთან თამაშს, ის მეტოქის იერიშებით დაიწყო და დაახლოებით წუთნახევარმა მათ იერიშებში ჩაიარა. მერე თედო ზიბზიბაძემ და მერაბ შარიქაძემ მეტოქე 22-ში ისე შებოჭეს, რომ ბურთიც წაართვეს, ის მარცხენა ფლანგზე ირაკლი გეგენავამდე მივიდა, რომელმაც ცენტრალურ ხაზამდე ირბინა, მერე ფეხით გადაკიდა და მიყვა, უკვე მეტოქის 22-ის ხაზთან ფეხით ერთხელაც ითამაშა, სისწრაფეში მცველებს აჯობა და ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი, გარდასახვა გამოიყენა.
შესვენებამდე წუთნახევარი რჩებოდა, როდესაც ირაკლი მაჩხანელმა საკუთარ ნახევარზე მიიღო, ორ მცველს შუა ჯიქურ გაიჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა – 14:0. ტაიმის დამთავრების მანიშნებელი სიგნალი რომ გაისმა, ბელგიელი ორ ქართველს დაუსხლტა და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 14:7 მოიგო.
მეორე ტაიმი ბელგიელთა იერიშებით დაიწყო და მთელი 5 წუთი საქართველოს ნაკრებს საკუთარ ნახევარზე მოუწია თამაში. ქართველმა მორაგბეებმა თავგანწირული დაცვით შეძლეს რამდენიმე სალელოვე შეტევის შეჩერება. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც თედო ზიბზიბაძე რეფერიმ მეტოქის ყელში ბოჭვისთვის 10.45 წუთზე გაასინბინა. საფინალო სასტვენამდე ორ წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც ბოლოს და ბოლოს ბელგია დაჯარიმდა, ბურთი ცენტრალურ ხაზთან აუტში გავიდა, ამასობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც შეივსო, ბურთი კარგად ჩათამაშდა მარჯვენა ფლანგამდე, მერე მარცხნივ დაბრუნდა, ზიბზიბაძემ გრძელი გადაცემით მაჩხანელი მოძებნა, რომელმაც 45 მეტრი მაღალ სიჩქარეზე ისე დაფარა, ხელი ვერავინ წაატანა და ლელო ალამთან გაიტანა. შალვა მახარაშვილმა გარდასახვა ააცილა, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და მატჩი 19:7 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ბელგიელთა წინააღმდეგ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი გეგენავა, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი გეგენავა, თედო ზიბზიბაძე. 9.55 წუთზე შეცვლაზე შევიდნენ ლევან გოგოლაშვილი და გიორგი ფრუიძე, ხოლო 11.27 წუთზე ლაშა ხმალაძე. ბოლო წუთზე თამაშში შალვა მახარაშვილი ჩაერთო.
მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია 31:0 გაანადგურა და ამ მომენტისთვის ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080526