ამბები

3:21 | 21.07.2012 | ნანახია 7603 - ჯერ

საფრანგეთიც დალელოვებულია, მსოფლიო თასამდე ერთი ნაბიჯია!

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა, რომელიც 2013 წლის მსოფლიო თასის ევროპულ შესარჩევ ეტაპზე თამაშობს, შეჯიბრის პირველი დღე 100%-იანი შედეგით დაასრულა. პორტუგალიურ ალგარვეში მიმდინარე ტურნირზე, ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის (21:10) და ბელგიის (19:7) ძლევის შემდეგ, არც B ჯგუფის ფავორიტად შერაცხული საფრანგეთი დაინდეს და მეტოქე 33:17 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგებს საწყისი მატჩები ნოლზე ჰქონდათ მოგებული (ბელგიასთან – 40:0, გერმანიასთან – 31:0) და ალბათ, საქართველოს ნაკრებთანაც უეჭველი გამარჯვება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, კახა ალანიას შეგირდებთან უშანსოდ დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში ლელოების დადება მერაბ შარიქაძემ, ირაკლი გეგენავამ, გიორგი ფრუიძემ და ლაშა ხმალაძემ შესძლეს, 3 გარდასახვა კი ზუსტად შალვა მახარაშვილმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები სოლიდური სხვაობით – 26:5 დაწინაურდა.
მე-2 ტაიმის სტარტზევე ფრანგებმა პირველი და უკანასკნელი გარდასახული ლელო გაიტანეს და ალბათ, თამაშის გადარჩენის იმედი მიეცათ, თუმცა, იქვე მეტოქის ჩათვლის მოედანში მერაბ კვირიკაშვილმა შეაღწია, მახარაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა და “ბორჯღალოსნებმა” “სამფეროვნებს” საბოლოო წირვა გამოუყვანეს.
ამგვარად, საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, რაც დანარჩენ 11 მონაწილეს შორის მხოლოდ ესპანეთმა მოახერხა. პირენეელებმა ქართველებს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობეს და ჯამურ სატურნირო ცხრილში, რის მიხედვითაც გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ, პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.
ქართველმა მორაგბეებმა მე-2 პოზიცია დაიკავეს და დღეს, თბილისის დროით 20:45 საათზე მეშვიდეადგილოსან უკრაინას ეთამაშებიან, რომელიც გადაულახავი ბარიერი სულაც არ უნდა იყოს (უკრაინელებმა A ჯგუფში იტალიასთან და პორტუგალიასთან, შესაბამისად, 12:17 და 7:29 წააგეს, ლიტვას კი 14:0 სძლიეს). შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს და ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანიც ესაა.
დღეს, თამაშები სტარტს 20:00 საათზე აიღებს და საქმეში მეცხრე-მეთორმეტე ადგილებზე გასული გუნდები ჩაებმებიან, მეოთხედფინალური სერია სწორედ საქართველო-უკრაინის მატჩით გაიხსნება, რომელსაც პორტუგალია-იტალია, შოტლანდია-საფრანგეთის და ესპანეთი-გერმანიის თამაშები მოჰყვება.
აქვე ვთქვათ, რომ უკრაინის ძლევის შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები ნახევარფინალში მასპინძელ პორტუგალიას და იტალიას შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან. სხვათა შორის, ამ გუნდების ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა, რასაც აპენინელებმა კიდევ უფრო მოულოდნელი შედეგი მიაყოლეს და ამგვარი ტურნირების ახალბედა ლიტვასთან 7:10 წააგეს.

 

დათო მანჯავიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080105