საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ნახევარფანლში გააღწია, რაც იმის მაუწყებელია, რომ გაისად, ის მოსკოვში, პლანეტის 24 უძლიერეს გუნდს შორის იქნება.
ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ბელგიის და რაც მთავარია, საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებს მეტოქედ შედარებით იოლი, უკრაინის ნაკრები ერგო, მაგრამ თამაში მაინც მძიმე გამოდგა. ამ შეხვედრის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა _ გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს ინაღდებდა და როგორც ჩანს, თავიდან ქართველი მორაგბეები ცოტას ნერვიულობდნენ. ისე მოხდა, რომ ალგარვეს სტადიონზე, უკრაინას უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავდა და შეძახილებით გამხნევებულმა მეტოქემ, 3,5 წუთი საქართველოს ნაკრების ნახევარზე გაატარა. მე-40 წამზე უკრაინამ ანგარიში გახსნა, როდესაც ცერკოვნი მცველს დაუსხლტა, ვერც დაზღვევაზე გადასულმა შავლეგ მახარაშვილმა შეაჩერა და ლელო გავიდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.
გავიდა ნახევარი ტაიმი და რადგან უკრაინელები საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანს ვეღარ უახლოვდებოდნენ, ბედი ფეხით თამაშით სცადეს. გადაკიდებული ბურთი ჩვენს 22-ში ქართველების ნადავლი გახდა, ფეხმარდი გეგენავა დაიძრა, ფლანგზე მაღალ სიჩქარეზე ისე ჩაიქროლა, ხელი ვერავინ წაატანა, დაახლოებით 80 მეტრი ირბინა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, შალვა მახარაშვილმა კი, გარდასახვა გამოიყენა. ამ დროს მოედანზე უკვე შემოსული იყო მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც რატომღაც, სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ლელოს გატანაში დიდი წვლილი შეიტანა.
გატანილი ლელოს შემდეგ, უკვე საქართველოს ნაკრები დამკვიდრდა უკრაინის ნახევარზე, ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით 25 მეტრში გათამაშებულ ჯარიმას, მარცხნივ გეგენავას მისამართით კვირიკაშვილის გრძელი პასი მოჰყვა, მან ცრუმოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, ისეთი მოძრაობა გააკეთა, უკრაინელებმა იფიქრეს ხაზის გასწვრივ გაიქცევაო, სინამდვილაში ცენტრისაკენ შეიწია და თავისი და ჩვენი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვა, ამჯერად, კვირიკაშვილმა გამოიყენა.
მეორე ტაიმი ისევ ქართველთა იერიშებით დაიწყო და ლელოც გავიდა, მაგრამ მანამდე, მსაჯმა გიორგი ფრუიძეზე წინთამაში დააფიქსირა. ამას უკრაინელთა ხანგრძლივი იერიში მოჰყვა, საქართველოს ნაკრები სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებდა. მხოლოდ ერთხელ, კვირიკაშვილმა გადაიტანა ჯარიმით ბურთი მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ის დერეფანშივე დაიკარგა და შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, უკრაინამ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა.
სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ლევან გოგოლაშვილი, კვირიკაშვილის ფეხით შეცურებულ ბურთს უკრაინის 22-ში შეყვა, მცველმა მას დაასწრო, მაგრამ ქართველმა ფეხზე წამოდგომა არ აცადა, მერე მეორე უკრაინელმაც მიირბინა და თითქოს ბურთი დაიკარგა, მაგრამ გოგოლაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოსტაცა და ჩათვლის მოედანში გადაწვა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ეს აღარაფერს წყვეტდა - 19:12 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და კახა ალანიას შეგირდები მსოფლიო თასზე მიდიან.
უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მერაბ შარიქაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი გეგენავა, გიორგუ ფრუიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, ლაშა ხმალაძე. შეცვლაზე შევიდნენ მერაბ კვირიკაშვილი (პირველ ტაიმში, მე-2 წუთზე) და 11:24 წუთზე ბექა ბიწაძე და ლევან გოგოლაშვილი.
სანამ მსოფლიო თასზე გაემგზავრება, საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში თასის ასაღებად გააგრძელებს ბრძოლას და ნახევარფინალში, თბილისის დროით 23:18 საათზე, მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში იტალია 28:7 დაამარცხა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია