ამბები

0:40 | 22.07.2012 | ნანახია 2522 - ჯერ

7-კაცა პორტუგალიაში პირველად დამარცხდა

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში, მასპინძელთა გუნდს ორი ლელო გაუტანა, მაგრამ საპასუხოდ სამი გაუშვა და 12:19 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჯგუფურ ეტაპზე მოგებული სამი (გერმანიასთან, ბელგიასთან და საფრანგეთთან) და დღეს მეოთხედფინალში უკრაინასთან მოგებული თამაშის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა 2013 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე დაიბევა და დარჩენილ მატჩებს მხოლოდ მოსკოვში, ჯგუფში განთესვის კუთხითღა ექნება მნიშვნელობა. 
კახა ალანიას შეგირდებმა ძლიერ მოშვიდკაცე პორტუგალიას არაფერი დაუთმო, მაგრამ მეტოქესთან ერთად მსაჯის გარჯას ვეღარაფერი დაუპირისპირა. თამაში ხეირიანად დაწყებულიც არ იყო, როდესაც რეფერიმ თედო ზიბზიბაძეს, აქაოდა, ჯარიმის შემდეგ 10 მეტრით უკან არ დაიხიეო, ყვითელი ბარათი უჩვენა. ორწუთიანი მეტობა პორტუგალიელებმა გამოიყენეს და ორი ლელო გაიტანეს, რასაც ერთი გარდასახვა მიაყოლეს. ტაიმის ბოლოს, საქართველოს ნაკრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშა და ლელოც უეჭველი გავიდოდა, რადგან ირაკლი მაჩხანელის წინ მცველი აღარ იყო, მაგრამ მსაჯმა, ზიბზიბაძემ მანამდე წინპასი გააკეთაო და...
მეორე ტაიმის დასაწყისში, საკუთარი 22-ის სიახლოვეს, ლაშა ხმალაძემ ხაზი თითქმის გაჭრა, ორ მცველს გაექცა, მაგრამ ბოლო, მესამე პორტუგალიელი ვეღარ ჩამოიცილა და ბურთი წინ დაუვარდა. მეტოქემ უპირატესობა გამოიყენა, ფეხით შეგორებულ ბურთს შეყვა, მაგრამ მას ირაკლი გეგენავა წამოეწია და ბურთი არ დაამიწებინა. რეფერი მზად იყო გეგენავასთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა და ტექნიკური ლელო ჩაეთვალა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა, რას ერჩი, ქართველი წესების სრული დაცვით თამაშობდა და “მთავარს” უნამუსობაზე ხელი ააღებინა. 
მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი კარგი კომბინაცია წამოიწყო. ამჯერადაც ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი, მერე ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშდა, სადაც ირაკლი მაჩხანელმა მცველი ცრუმოძრაობით გააცურა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო შალვა მახარაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. ქართველმა მორაგბეებმა საკუთარი 22-იდან სცადეს მორიგი კომბინაციის წამოწყება, ხაზიც თითქმის გაიჭრა, მაგრამ მერე ერთმა არაზუსტმა პასმა სიტუაცია არია, ცუდი პასების ჯაჭვი კი იმით დასრულდა, რომ მერაბ კვირიკაშვილს ბურთი გადაახტა და პორტუგალიამ ლელო-გარდასახვა გაიტანა - 7:19.
საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე თავისი მეორე ლელო გაიტანა. თავიდან ხაზი კვირკაშვილმა გაჭრა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, ბექა ბიწაძემ მარცხენა ფლანგზე ლევან გოგოლაშვილი მოძებნა, რომელიც ჩათვლის მოედნიდან სამიოდე მეტრში შებოჭეს, მაგრამ მერე ბურთი მარჯვნივ დაბრუნდა, სადაც რიცხობრივი მეტობა გვქონდა და კვირიკაშვილმა ბურთი ლამის ცენტრში დაამიწა, თუმცა, სიჩქარეში გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა - 12:19. შეხვედრის დამატებით დროში გადასაყვანად ლელო-გარდასახვა იყო საჭირო, ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიას ბურთი აუტში არ გაატანინეს და წაართვეს, მაგრამ როდესაც მარჯვნივ გაშლა სცადეს, პასმა მიზნამდე არ მიაღწია და კონტრშეტევაზე პორტუგალიას კიდევ ერთი ლელოს გატანა შეეძლო. დაცვაში თავგანწირულმა თამაშმა მათ ამის საშუალება არ მისცა, მაგრამ დრო აღარ იყო და ახლა საქართველოს ნაკრები ნაშუაღამევს, 01:14 საათზე მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება, რომელიც თასის ნახევარფინალში ესპანეთთან 0:24 დამარცხდა. შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე ალანიას შეგირდებმა საფრანგეთს 33:17 აჯობეს.
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088295