საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, პორტუგალიაში დასრულებული მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი IV ადგილზე დაასრულა, რაც უთუოდ წარმატებულ შედეგად უნდა ჩაითვალოს.
თავიდანვე ითქვა, მიზანი 2013 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებააო და ეს მიზანი, ზედიზედ ოთხი თამაშის მოგების შემდეგ, წარმატებით გადაიჭრა. ევროპის გრან პრის პირველი ორი ეტაპისგან განსხვავებით, ჯერ მესამე ეტაპზე ოდენსეში, ახლა კი ალგარვეში, კახა ალანიამ უკეთესი შემადგენლობები წაიყვანა და შედეგიც სახეზეა - დანიაში დაკავებულ V ადგილს, პორტუგალიაში IV მოჰყვა, ოღონდ, ალგარვეში არ უთამაშიათ რუსეთს, ინგლისს და უელსს.
მიზანმიღწეულმა საქართველოს ნაკრებმა, თასის ნახევარფინალში პორტუგალიის დამარცხებაც სცადა, მაგრამ მსაჯმა ბრძოლის ნება არ მოგვცა, III ადგილისთვის ჯახში კი, საფრანგეთმა ჯგუფურ ეტაპზე დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორა და გამარჯვებაც მოიპოვა. საწყის ხუთ წუთში, მათ სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. ტაიმის მიწურულს, გიორგი ფრუიძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში, ლევან გოგოლაშვილმა ქართველთა მეორე ლელო მიითვალა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ანგარიში 7 ქულამდე შემცირდა - 12:19. საქართველოს ნაკრები საბოლოო გარდატეხის შეტანას შეეცადა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე ლელო გაუშვა და ცხადი გახდა, დარჩენილ წამებში, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა - 12:24.
შინაური ტურნირი პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში ესპანეთი 7:5 დაამარცხა, ხოლო V ადგილი და მსოფლიო თასის მე-5 საგზური შოტლანდიას ერგო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში იტალიას 22:14 მოუგო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია