რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სადაც ბოლო დროს ქართველი სპორტსმენები მრავლად არიან, რეგულარული პირველობის პირველი წრე დასრულდა.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობს, რეგულარული პირველობა ორ წრედ ტარდება და მისი დასრულების შემდეგ, ოთხი საუკეთესო ორმატჩიან პლეი ოფში (ნახევარფინალები და ფინალი) უმთავრესი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, შემდგომი ოთხი ასევე პლეი ოფში V-VIII ადგილებს ინაწილებს, ხოლო ორი ნაბოლარა გუნდი IX-X ადგილების მფლობელს ავლენს. რუსეთში მოქმედებს ქულათა დარიცხვის პრემიალური სისტემა, ანუ გამარჯვებული გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე 2 ქულად ფასობს, 7 და ნაკლები სხვაობით მარცხი, ან 4 და მეტი ლელოს გატანა ერთ პრემიალურ ქულას უდრის.
პირველი წრის შემდეგ რეგულარულ პირველობას ქვეყნის ჩემპიონი, კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”-ი ლიდერობს, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რატი ურუშაძე და ქუთაისში აღზრდილი, რუსეთის პასპორტის მქონე ვალერი ცნობილაძე თამაშობენ. “ენისეიმ” ცხრავე თამაში მოიგო და ჯამში 43 ქულა დააგროვა (7 პრემიალური), ყველაზე მნიშვნელოვანი ჯახი კი, უმთავრეს კონკურენტ მონინოს “ვვა-პოდმოკსოვიესთან” ჰქონდა.
მთელი 9 წლის განმავლობაში (2003-დან 2012 წლამდე), კრასნოარსკელები რუსეთის მრავალგზის ჩემპიონს მოსკოვის შემოგარენში, მონინოში ვერ ამარცხებდნენ და ახლა ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. სტუმრებმა თავიდანვე სერიოზულად მოკიდეს საქმეს ხელი და ტაიმი 13:0 მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში ვვა-მ ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირა, მაგრამ “ენისეი” იმ დღეს უფრო ძლიერი იყო და 26:10 იმარჯვა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა ცნობილაძემ, ხოლო ურუშაძე შეცვლაზე საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე შევიდა.
ცხრა თამაშის შემდეგ, 39 ქულით მეორე ადგილზე ვალერი ცნობილაძეს ძმის, ასევე რუსეთის ნაკრების კანდიდატ გრიგოლ ცნობილაძეს “კრასნი იარია”. ეს გუნდი მხოლოდ ერთხელ, “ენისეისთან” დამარცხდა, დანარჩენ მატჩებში კი, გამარჯვება მოიპოვა.
21 ქულით მე-5 ადგილზე ბექა ყურაშვილის და ზაზა ჩირგაძის “ნოვოკუზნეცკია”, რომელმაც 4 თამაში მოიგო, ამდენჯერვე დამარცხდა და ერთხელ ფრეს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქუთაისელი მესამეხაზელი ყურაშვილი “ნოვოკუზნეცკში” საქართველოს საგაზაფხულო ტურნირის დასრულების შემდეგ გადავიდა, ახალ გუნდში თავისი დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა და მაშინ გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა. დღემდე მან რუსეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 ლელო გაიტანა.
ბოლო მატჩში, 24 ივლისს “ნოვოკუზნეცკმა” რუსეთის ყველაზე ქართული გუნდი, მოსკოვის “სპარტაკი” დაამარცხა, რომლის მფლობელი, მენეჯერი, მწვრთნელი და 12 მორაგბე ქართველები არიან. ამ გუნდში მრავლად წავიდნენ ჩვენებური მორაგბეები და დღეს მის ღირსებას ბექა ადანაია, გოდერძი ჯოგლიძე, თორნიკე ძაგნიძე, ზურაბ გოგლიჩაძე, პავლე კვერნაძე, გიორგი მინაძე, ირაკლი კვანტიძე, ზურაბ თუთბერიძე, დავით დახუნდარიძე, მამუკა ხეჩიკოვი, დავით შარაშენიძე და ზურაბ ერისთავი იცავენ. ხსენებულ მატჩში “სპარტაკი” 0:24 დამარცხდა და 10 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა, “ნოვოკუზნეცკთან” მატჩისას და საერთოდ, რუსეთის ჩემპიონატის მსვლელობისას მსაჯობით უკმაყოფილო შალვა ძაგნიძემ, რომელიც ამ კლუბის მენეჯერია, რუს ჟურნალისტს ნამატჩევს განუცხადა:
- “ნოვოკუზნეცკს” გამარჯვებას ვულოცავ, ყოჩაღ. გამარჯვებისთვის მადლობა ჯერ საკუთარ თავს, მერე კი, მსაჯს უნდა გადაუხადონ. ასეთი მსაჯობა უბრალოდ მიუღებელია. ასეთ პირობებში რუსეთში რომელი რაგბის განვითარებაზეა საუბარი? მსაჯები პირველივე წუთიდან აფუჭებენ თამაშს. მეორე ტაიმში რეფერი მიხვდა, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა და ჩვენი მხარე დაიჭირა, მაგრამ ასე არ შეიძლება. მსაჯები მთელი თამაშის განმავლობაში ისე უნდა მოიქცნენ, როგორც წესია და არა ისე, როგორც მოესურვებათ. იმ ანგარიშში, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა, 99 პროცენტით დამნაშავე მსაჯია. მეორე წრეში მოსკოვში ვითამაშებთ და ვფიქრობ, რევანშს ავიღებთ. უფრო სწორედ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, რადგან თამაშით მეტოქეს არაფრით ჩამოვუვარდებით.
- თქვენი 5 ნომერი თორნიკე ძაგნიძე ძალზე ემოციურად გამოხატავდა პროტესტს...
- პირველი ყვითელი ბარათი აბსოლიტურად დაუმსახურებლად მიიღო და ეს ყველამ ნახა. მერე წითელი მისცეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. როცა ხედავ, შეგიძლია თამაშის მოგება, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ, ძნელია ემოციები შეიკავო.
“სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა პაატა ძოწენიძემ თავის მხრივ დაამატა: “ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მსაჯმა კი...”
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია