ამბები

19:45 | 27.07.2012 | ნანახია 8061 - ჯერ

ცვლილებები რაგბის წესებში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა ისეთი პოპულარული, როგორიც მას ეკადრება. მავანთ რაგბი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც “ბორჯღალოსნები” რუსებს ამარცხებენ და ამ სპორტისადმი არასათანადო დამოკიდებულების მთავარ მიზეზად, წესების არცოდნას ასახელებენ.
ბოლო დროს საქართველოში გამოიცა სპეციალური სახელმძღვანელოები, სადაც წესები დაწვრილებითაა ასახული. ამასთან, რაგბით დაკავებული ახალგაზრდების რიცხვის მატებამ, წესების ცოდნის გაღრმავებაც გამოიწვია. თავის მხრივ, რაგბის მმართველი ორგანიზაცია IRB წესებში პერიოდულად ცვლილებებს ახორციელებს, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო დინამიკური და სანახაობრივი გახდეს, ამან კი, ისედაც მზარდი პოპულარობა კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს. ნებისმიერი წესის დანერგვას ან ცვლილებას, წინ უსწრებს მათი მთელს მსოფლიოში, ან რომელიმე ტურნირზე, გარკვეული პერიოდით მათი გამოსაცდელი ვადით დანერგვა, რის შემდეგაც მმართველები წესის საბოლოო ცვლილების მიზანშეწონილობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ.
ახალი სეზონიდან, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან (პირობითად), ხოლო სამხრეთში 2013 წლის 1 იანვრიდან, რამდენიმე წესის გამოსაცდელი ვადით შეცვლა იწყება. 1 სექტემბერი პირობითად იმიტომ, რომ განახლებული წესები ამა თუ იმ შეჯიბრის მსვლელობისას კი არა, თავიდანვე უნდა დაინარგეს. საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 1 სექტემბერს აიღებს და ამ მხრივ წესების ცვლილება ზუსტად დათქმული ვადიდან ამოქმედდება, საფრანგეთის ჩემპიონატი კი, 18 აგვისტოს იწყება და ცვლილებებიც ამ რიცხვიდან ამოქმედდება. რაც შეეხება სანაკრებო თამაშებს, აქ ცვლილებები ნოემრის ტესტებიდან დაინერგება.
წესი 3.4: სათადარიგო მოთამაშეები და გამოცვლა
ნაკრებთა მატჩზე გუნდს შეუძლია იყოლიოს რვა სათადარიგო მოთამაშე. სანაკრებო შეხვედრებში ეს წესი ნოემბრიდან ამოქმედდება. ეს სიახლე წარმატებით გამოიცადა ევროპის ქვეყნების საშინაო და საერთაშორისო საკლუბო თამაშებში. 2000 წლიდან დღემდე, ტესტებზე სათადარიგოთა სკამზე შვიდი მორაგბე იჯდა, ახლა მათ განაცხადში 23 ნომრით მე-8 დაემატება.
წესი 3.4 შვიდკაცაში: გუნდს შეუძლია თამაშის მსვლელობისას ხუთი მორაგბის გამოცვლა. ეს სიახლე ევროპის 7-კაცა გრან პრიზე უკვე ამოქმედდა. მანამდე ხუთი სათადარიგო მორაგბე კი იყო, მაგრამ მხოლოდ სამის შეცვლა შეიძლებოდა.
წესი 9ბ.1: გარდასახვის შესრულება
დამრტყმელმა დარტყმა ლელოს გატანიდან წუთნახევარში (90 წამში) უნდა შეასრულოს. ბურთი დარტყმამდე რომც გადაყირავდეს და ხელახლა გასასწორებელი გახდეს, დამრტყმელმა ყველაფერი წუთნახევარში უნდა ჩაატიოს. აქამდე დარტყმისათვის განსაზღვრული იყო ერთი წუთი, ოღონდ მისი ათვლა არა ლელოს გატანიდან, არამედ დარტყმისათვის მომზადების პერიოდიდან იწყებოდა.
წესი 12.1: ბურთის წინ დავარდნა ან გადაწოდება
ამ წესს ჩაემატა ახალი მუხლი. თუ ბურთი წინ დავარდნის, ან გადაწოდების შემდეგ კიდით ხაზს გადაკვეთს, მართალ გუნდს შეუძლია აირჩიოს დერეფანი ბურთის კიდეზე გადასვლის ადგილზე, ან შერკინება ბურთის წინ დავარდნის ან გადაწოდების ადგილზე. ამასთან, ნებადართულია დერეფანის დაწყობამდე ბურთის სწრაფად შემოგდება.
წესი 16.7: რაქის უშედეგოდ დასრულება
თუ გუნდმა რაქში ბურთი ცხადად მოიგო და მისით თამაში შეუძლია, მსაჯი დაუძახებს “გამოიტანეთ”. თუ გუნდი აქედან ხუთ წამში ბურთით არ ითამაშებს, მსაჯი დანიშნავს შერკინებას, რომელშიც ბურთს მეტოქე გუნდი შეაგდებს. ამ სიახლის მიზანია მეტი ბურთაობისთვის ხელის შეწყობა. ამიერიდან, ბოლო წუთებზე გუნდები რაქში ჭიდაობით დროს ვეღარ გაიყვანენ.
წესი 19.2: აუტიდან ბურთის სწრაფად შემოგდება
სწრაფად შემოგდებისას მოთამაშე უნდა იდგეს მოედნის გარეთ, დერეფნის შუა ხაზსა და თავის კარის ხაზს შორის მდებარე ნებისმიერ ადგილზე. აქამდე “დერეფნის შუა ხაზის” ნაცვლად ეწერა “ბურთის აუტში გადასვლის წერტილი”. ამ სიახლის შედეგად, გუნდს აუტიდან ბურთის სწრაფად თამაშში შეყვანა პრაქტიკულად იმ ადგილიდან შეუძლია, საიდანაც დარტყმა განხორციელდა, ანუ, წინანდელზე ბევრად წინიდან.
წესი 20.1: შესარკინებლად მოწყობა
შერკინების მოწყობის დროს, როდესაც პირველი ხაზი მზად იყო, აქამდე მსაჯი ოთხ სიტყვას იძახდა: “დაიხარეთ-შეეხეთ-ყოვნი-შეერკინეთ”. ახლა მხოლოდ სამი ბრძანება იქნება: “დაიხარეთ-შეეხეთ-შეერკინეთ”.
წესი 21.4: საჯარიმო და თავისუფალი დარტყმის დამატებითი პირობები
თუ გუნდს დერეფანში საჯარიმო, ან თავისუფალი დარტყმა ერგო, იქვე შეუძლია მოითხოვოს დერეფანი, რომელშიც ბურთს თავად ააგდებს. ეს წესი რეალურად იმოქმედებს მაშინ და დაზოგავს დროს, როდესაც ჯარიმა მეტოქის ლელოდან 5-მეტრზე დაინიშნება - შემტევს აღარ დაჭირდება ბურთის აუტში რიტუალური დარტყმა, რითაც დრო დაიზოგება.   

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077571