პარასკევს, 17 აგვისტოს, სტარტს აიღებს 2012-2013 წლის საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი. ქართველი ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა ,,მონპელიემ” ახალი სეზონის წინ სამწვრთნელო შტაბში სერიოზული საკადრო ცვლილებები განახორციელა. მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს წარსულში ცნობილი მორაგბეები, ფრანგი სტეფან გლა და არგენტინელი მარიო ლედესმა დაეხმარებიან.
ლედესმა წლების განმავლობაში ,”კლერმონ ოვერნის“ ღირებას იცავდა და კარიერის დასრულების შემდეგ, ერთი წელი დედაქალაქური ,,სტად ფრანსეს“ შერკინების დამრიგებლად მუშაობდა. რაც შეეხება სტეფან გლას, მწვრთნელის ამპლუაში წელს მისი დებიუტი შედგება.
სასიხარულოა, რომ “მონპელიეს“ სამ ქართველ ლეგიონერს (მამუკა გორგოძე, გიორგი ჟღენტი, ირაკლი ნარიაშვილი) კიდევ ორი ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, გიორგი ბაზაძე და ლაშა ლომიძე შეემატნენ. ორივე მორაგბე ფრანგული კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა და მზადებას თანატოლებთან ერთად გადიან.
”მონპელიე“ პირველ მატჩს 18 აგვისტოს სტუმრად “სტად ფრანსესთან“ გამართავს. სამწუხაროდ, შეხვედრას ტრამვის გამო დააკლდება საქართველოს ნაკრების და ფრანგული კლუბის მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც მომავალი ბატალიების წინ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა.
“გუნდი რთულ ჩემპიონატისთვის საკმაოდ კარგად მოემზადა. ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, “ბაიონასთან” და “პერპინიანთან”. სამწუხაროდ მე არ მითამაშია, ფეხი მაქვს ნატკენი.
ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვვარჯიშობ, ინდივიდუალური პროგრამით ვემზადები. ორი დღეა, რაც სირბილი დავიწყე, თუმცა ტკივილები კიდევ მაქვს. “სტად ფრანსესთან“ ვერ ვითამაშებ, თუმცა, იმედი მაქვს, სრულფასოვან ვარჯიშს მალე შევძლებ.
ფიზიკურად კარგად ვართ, მეც, ჟღენტმაც და ნარიაშვილმაც წონაში ცოტა დავიკელით და თავს ბევრად უფრო კარგად ვგრძნობთ. მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, თუმცა წინ ძალიან რთული სეზონი გველოდება და რამეზე საუბარი ჯერ ადრეა.
გუნდში ორი ახალი მწვრთნელი გვყავს. წარსულში ძალიან კარგი მორაგბეები იყვნენ და იმედი მაქვს, მათი გამოცდილება წაგვადგება. კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდებით – გიორგი ბაზაძით და ლაშა ლომიძით კმაყოფილია. ისინი ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და თავს კარგად გრძნობენ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია