ამბები

0:50 | 17.08.2012 | ნანახია 3183 - ჯერ

დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური დებიუტი ინგლისელებთან შედგება

ბრიტანულ რაგბში ქართული ფანჯარა გაიჭრა. დღეს, “ედინბურგის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია პირველ მატჩს ჩაატარებს. ექვსწლიანი ფრანგული გამოცდილების შემდეგ, დიმა მოკრძალებული ,”ვალანს დაჟენიდან“ შოტლანდიაში, ამბიციურ ”ედინბურგში“ გადაბარგდა და ამჯერად, ძალებს კელტურ ლიგაში სცდის.
17 აგვისტოს, “ედინბურგი“ ინგლისურ “ნიუკასლ ფალკონთან“ ამხანაგურ მატჩს მართავს და შოტლანდიელთა მთავარმა, მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი ექვს ნომრად ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
“ედინბურგი” რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, ამაზე გასული წლის “ჰეინეკენის თასიც” მეტყველებს. შოტლანდიელებმა ევროპული გრანდები, ასპარეზობიდან ზედიზედ გამოთიშეს და ნახევარფინალური მატჩი, ირლანდიურ ”ალსტერთან” დაძაბულ ბრძოლაში დათმეს.
წლევანდელი სეზონისთვის გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა. სამწვრთნელო შტაბს ინგლისური რაგბის ლეგენდა, ნილ ბეკი შეემატა, რომელიც შოტლანდიური გუნდის შერკინებას უხელმძღვანელებს.
სადებიუტო მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი “ედინბურგის“ ქართველ ლეგიონერს შეეხმიანა და მის ახალ შოტლანდიურ შთაბეჭდილებებზე გაესაუბრა.
- როგორ მიგიღეს ახალ გუნდში?
- ძალიან კარგად. 31 ივლისს ჩამოვედი. ასეთი დონის გუნდში ჯერ არ მითამაშია. მთავარი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერში ძალიან დამეხმარნენ. თან ენის ბარიერიც არის, ჯერ ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობ და ცოტათი კომუნიკაცია მიჭირს. თუმცა, ყველანი გვერდში მიდგანან და მეხმარებიან. მომავალი კვირიდან ენის კურსებზე ვიწყებ სიარულს და იმედი მაქვს, მალე ეს ბარიერიც აღარ მექნება.
- ედინბურგი როგორი ქალაქია?
- რაგბის წყალობით ბევრს ვმოგზაურობ და ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ედინბურგი ძალიან მომწონს. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და ყველაფრის ნახვა ვერ მოვახერხე, თუმცა რაც ვნახე, ძალიან მომეწონა. ჯერ მანქანა არ მყავს, ამიტომ ბინა სტადიონთან ახლოს შევარჩიე და ძირითადად, ფეხით დავდივარ.
- როგორია სხვაობა საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის?
- 6 წელი საფრანგეთში ვიცხოვრე. იქაურობას ძალიან შევეჩვიე და ბევრი მეგობარი შევიძინე. ახლა, ჩემს ცხოვრებაში ახალი ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, უნდა გავიცნო შოტლანდიური კულტურა, ხალხი და რაგბი.
- “ედინბურგში“ შოტლანდიის ნაკრების ბევრი მორაგბე თამაშობს?
- თითქმის მთელი შოტლანდიის ნაკრები “ედინბურგშია”. ძალიან კარგი ხალხია და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ხშირად იხსენებენ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან მატჩს და ყველანი აღნიშნავენ, რომ ეს თამაში მათთვის ერთერთი ურთულესი იყო. ჩვენი ნაკრების ძალა კარგად ახსოვთ.
- გუნდში არიან გამორჩეული მოთამაშეები ვისთანაც მეტად მეგობრობ?
- თითქმის ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. თავისუფალ დროს უფრო ხშირად პირველხაზელ ჯეფ კროსთან და კაპიტან კრეიკ ლეიდლოუსთან ერთად ვატარებ. ლეიდლოუს ძალიან სასაცილო აქცენტი აქვს, თვითონ შოტლანდიელებსაც უჭირთ კარგად გაგება და ხშირად ვეხუმრებით.
- თავისუფალ დროს სად ატარებ?
- სიმართლე გითხრათ, თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს. დილის 9:30 საათზე ვარჯიში მეწყება და საღამოს 17:00 საათამდე ბაზაზე ვარ. მე რომ ჩამოვედი, გუნდს ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა და აუცილებელია, რომ მეც დავეწიო. ვარჯიშების შემდეგ ვრჩები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.
- ”ედინბურგი“ ”ჰეინეკენის თასის“ ნახევარფინალისტია...
- გუნდი ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. მაიკლ ბრედლი გუნდში ძალიან კარგ ატმოსფეროს ჰქმნის, ყველანი შეკრულები და ერთი ოჯახივით ვართ, რაც შედეგზეც აისახება. წელს ინგლისის ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი ნილ ბეკი დაგვემატა, რომელიც შერკინებას უხელმძღვანელებს. მისი გამოცდილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.
- 17 აგვისტოს ”ნიუკასლ ფალკონს“ ეთამაშებით და ძირითადში ექვს ნომერზე დგახარ...
- მაიკლ ბრედლიმ და ნილ ბეკმა ექვს ნომერზე დამაყენეს. მათ მსოფლიო თასზე 8 ნომერზე ჩემი თამაში ნანახი აქვთ, თუმცა, მითხრეს, რომ ჩემი გამოცდა სხვა პოზიციებზეც აინტერესებთ. პირველი თამაშია და ცოტათი ვნერვიულობ. ენის ბარიერი არსებობს, თან ჯერ კარგად შეთამაშებული არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოედანზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082033