საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ახალ სეზონს, ექვსი გუნდის 13 ქართველი ლეგიონერი იწყებს. 2012-2013 წლების პირველობაშიც, უძლიერეს ფრანგულ გუნდებში უმეტესად ჩვენებური პირველხაზელები ითამაშებენ და მხოლოდ ორი იქნება შერკინების მესამეხაზელი, ერთი კი, მეორეხაზელია.
სადებიუტო მატჩში, დღეს, 23 საათზე ქართველთა გუნდების დერბი შედგება - ქვეყნის ჩემპიონი “ტულუზა” “კასტრს” უმასპინძლებს, მაგრამ ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ არიან. ტულუზელთა შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი და აქვსენტი გიორგაძე ირიცხებიან. კაკოვინმა გასული სეზონი “ბრივში” გაატარა და “ტულუზას” ახალწვეულია, ხოლო ბრეგვაძე და გიორგაძე ამ გუნდს გასული სეზონის მიმდინარეობისას სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდნენ, მაგრამ მერე ტრავმა მიიღეს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ უთამაშიათ. “კასტრის” ღირსებას იცავს ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ამ გუნდის სტაჟიანი წევრია, მაგრამ პირველ ტურში გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.
2012-2013 წლების სეზონის პირველი ტურის დანარჩენი თამაშები შაბათს გაიმართება. დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, პირველ მატჩს სტუმრად “ბაიონთან” გამართავს. ზირაქაშვილი დიდი ხანია ამ გუნდის ლიდერად იქცა და მასთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონობაც იზეიმა, ხოლო კოლელიშვილმა კლერმონელებთან პროფესიული კონტრაქტი გაზაფხულზე გააფორმა და ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა, წელს კი, ალბათ მოედანზე უფრო ხშირად გამოჩნდება.
ქუთაისის “აიადან” პარიზულ “სტად ფრანსეში” ზაფხულში გადაბარგდა პირველხაზელი ზურაბ ჟვანია და ამ გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა. პირველ ტურში პარიზელები მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” უმასპინძლებენ. სტუმრებს დიდი პრობლემები ექნებათ, რადგან მათ არგენტინის ნაკრებში გამოძებულ ექვს მორაგბესთან ერთად, გუნდის ლიდერი, ქართველი მესამეხაზელი გორგოძეც დააკლდებათ, რომელსაც ფეხი აწუხებს.
გასული სეზონის მსგავსად სამი ქართველი იცავს “ტულონის” ღირსებას - დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე. ქუბრიაშვილი “ტულონის” ძირითადი შემადგენლობის მორაგბეა, ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ კი, ძირითადი გუნდი უკვე დააჭაშნიკეს, მაგრამ ვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდში, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად გვარიანი გარჯა მოუწევთ. ახალი სეზონის პირველი ტური სწორედ “ტულონისა” და “პერპინიანის” დაპირისპირებით დასრულდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია