ამბები

17:37 | 18.08.2012 | ნანახია 2272 - ჯერ

“ოლ ბლექსმა” “ოთხი ერი” გამარჯვებით დაიწყო

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა ტრანსფორმირებული “სამი ერი” - “ოთხი ერი” გამარჯვებით გახსნა. “ოლ ბლექსმა” ახალი ტურნირის სადებიუტო მატჩი სიდნეიში მასპინძელი ავსტრალიის ძლევით დაასრულა და ამ გუნდებს შორის გასათამაშებელი “ბლედისლოუს თასის” შენარჩუნებისკენაც დიდი ნაბიჯი გადადგა.
ავსტრალიელებმა მარცხი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. მათ პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ტექნიკური წუნი. მასპინძლებს მარტივ სიტუაციებში ხშირად უვარდებოდათ ბურთი წინ, რის გამოც მეტოქეს შეტევების წამოწყების კარგი შესაძლებლობები ექმნებოდათ და ამით სათანადადოდაც ისარგებლეს. მთლიანობაში, თამაში არ იყო ისეთი საყურებელი, როგორსაც ამ გუნდებმა მიგვაჩვიეს, რადგან შეცდომები ზელანდიელებსაც მოსდიოდათ და ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა. მეორე ტაიმში სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ გუნდები დაცვაშიც მეტი ყურადღებით თამაშობდნენ და მაყურებელს მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი სამი ლელოთი მოუწია დაკმაყოფილება.
პირველსავე წუთზე “ოლ ბლექსი” კარის გასწვრივ 18 მეტრში დანიშნულ შერკინებაში დაჯარიმდა და ბერიკ ბარნსმა ანგარიში გახსნა. ეს ახალ ტურნირის პირველი 3 ქულა იყო, მაგრამ მერე სტუმრები ამოქმედდნენ და ავსტრალიელთა შეცდომების წყალობით, 18 უპასუხო ქულა მიითვალეს, რითაც საკუთარი გამარჯვება განაპირობეს. მე-10 წუთზე ავსტრალია შერკინებაში დაჯარიმდა და დენ კარტერმა კარიდან მარცხნივ 25 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. მე-13 წუთზე ზედ ცენტრალურ ხაზთან დაინიშნა ზელანდიის შერკინება, იქიდან ბურთი კარგად გავიდა, კარტერმა კიდით ხაზთან იზრაელ დეგი გარღვევაზე გაიყვანა, რომელმაც ბოლო მცველ ქერთლი ბილი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და შეხვედრის პირველი ლელო მიითვალა. კარტერმა პრაქტიკულად იმავე პოზიციიდან, საიდანაც მანამდე ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ამჯერად გარდასახვა გააძვრინა ძელებსშუა.
სტუმრებმა წნეხი გააძლიერეს, ავსტრალიელებმა საკუთარი 22-დან ასვლა რამდენიმე წუთი ვერ მოახერხეს, ბოლოს რაქში ხელით თამაშისთვის დაჯარიმდა და მე-19 წუთზე კარტერმა კარის გასწვრივ 25 მეტრიდან ანგარიში 13:3 გახადა. ხუთიოდე წუთში “კენგურუებს” სხვაობის შემცირების შანსი მიეცათ. გენიამ ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე 10 მეტრშიღა შებოჭეს, მერე მცველები დაჯარიმდნენ, ავსტრალიამ სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და ლელოს გატანა სცადა, მაგრამ მასპინძლებმა ჩათვლის ხაზი ვერ გადაკვეთეს, მერე თავად დაჯარიმდნენ და ნაღდი 3 ქულაც დაკარგეს.
33-ე წუთზე მასპინძლები მარტივ სიტუაციაში დაშვებული შეცდომისთვის კიდევ ერთხელ დაისაჯნენ. ქერთლი ბილს უმარტივეს სიტუაციაში დაუვარდა გადაკიდებული ბურთი წინ, ზელანდიამ შესატევად კარგი პლაცდარმი მიიღო, შერკინებიდან გატანილი ბურთი მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშდა, კარტერმა დაგს უპასა, იმან კორი ჯეინს და ალამთან ლელო გავიდა. კარტერის გარდასახვა არაზუსტი იყო და შესვენებამდე 5 წუთით ადრე “ოლ ბლექსი” 15 ქულით დაწინაურდა.
ტაიმის ბოლოს მასპინძლები გამოცოცხლდნენ, როგორც იქნა მათ ფაზები გადააბეს და ჯერ დიგბი იოანემ გაჭრა ხაზი კარგად და 1 მეტრამდე მიუახლოვდა სტუმართა ჩათვლის მოედანს, მერე რაქიდან გამოტანილი ნეითან შარპმა მიიღო, ხაზი ამჯერად მან გაკვეთა და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ბარნსმა გარდასახვით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა და ტაიმი 10:18 დასრულდა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა უფრო აგრესიულად დაიწყეს და პრაქტიკულად საფინალო სასტვენამდე მატჩის გადარჩენის იმედს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ზელანდიელთა დაცვა არ გატყდა. “კენგურუების” მონდომებამ პირველი შედეგი 45-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ზელანდია თამაშგარისთვის დაჯარიმდა და ბარნსმა ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ კარტერმა მალევე ხელსაყრელი სიტუაციიდან სტუმრებს რვაქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, რაზეც 50-ე წუთზე ბარნსმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა - 16:21.
54-ე წუთზე ავსტრალია ცენტრალურ ხაზთან ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდა და კარტერს 51 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, 63-ე წუთზე მან უკვე კარის გასწვრივ 22 მეტრიდან მიიღო შანსი და ის ხელიდან აღარ გაუშვა. 68-ე წუთზე ზელანდიას შეეძლო თამაში დაესრულებინა, როდესაც ჰოსეა გიარი გაიქცა ფლანგზე, მაგრამ მასპინძლებმა ის ზედ ალამთან გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს და ლელოს გადარჩნენ. მერე საპირისპირო ფლანგზე კორი ჯეინი აპირებდა ლელოს გატანას, მაგრამ 5-მეტრა ხაზთან ბურთი ვერ დაიმორჩილა და შანსი მანაც ხელიდან გაუშვა.
საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე, ზელანდია ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში კვლავ თამაშგარისთვის დაჯარიმდა და ბარნსმა ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, რამაც ავსტრალიას მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნა. ამისათვის მასპინძლებს ლელო ჭირდებოდათ და მოინდომეს კიდეც. მათ ფაზები კი მიაბეს, მაგრამ ზელანდი დაცვაში მაგრად დადგა და მომცვდურს ცენტრალური ხაზიდან ერთი მეტრით წინ წაწევის საშუალებაც კი არ მისცა. მერე “ოლ ბლექსმა” ბურთი მოიხელთა, დეგმა ფეხით გადაკიდა და ადამ ეშლი-კუპერს ისღა დარჩენოდა, ის აეღო და ორი შემტევით შევიწროებულს საკუთარ ჩათვლის მოედანში დაემიწებინა. 5-მეტრა შერკინებაში ავსტრალია დაჯარიმდა, კარტერმა ხელსაყრელი სიტუაციიდან კარში უშეცდომოდ დაარტყა, ზელანდიას 27:19 მოაგებინა და მასპინძლები პრემიალური ქულის გარეშე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ “ოთხ ერზე” პრემიელური ქულა 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ასევე, 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის იწერება. დღეს საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე, სამხრეთ აფრიკა “სამ ერს” დამატებულ არგენტინას უმასპინძლებს, მეორე ტური კი 25 აგვისტოს გაიმართება და გუნდები სტუმარ-მასპინძლის სტატუსს გაცვლიან.

18 აგვისტო. “ოთხი ერი”. I რაუნდი
ავსტრალია. სიდნეი. ANZ Stadium.
ავსტრალია - ახალი ზელანდია 19:27 (10:18)
ავსტრალია:
15. ქერთლი ბილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. რობ ჰორნი, 12. ენტონი ფაინგა, 11. დიგბი იოანე, 10. ბერიკ ბარნსი, 9. უილ გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკორე კეპუ, 4. სიტალეკი ტიმანი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. დევიდ პოკოკი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
სათადარიგოები: 16. სტივენ მური, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. რადიკ სამო, 20. მაიკლ ჰუპერი, 21. ნიკ ფიპსი, 22. დრიუ მიჩელი.
1 ლელო: შარპი
1 გარდასახვა: ბარნსი
4 ჯარიმა: ბარნსი
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. სონი-ბილი უილიამსი, 11. ჰოსეა გიარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენკსი, 18. ბროდ რეთალიქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ბენ სმიტი.
2 ლელო: დეგი, ჯეინი
1 გარდასახვა: კარტერი
5 ჯარიმა: კარტერი

სამხრეთ აფრიკა. კეიპტაუნი. “ნიულენდი”. 19:00 საათი
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა
სამხრეთ აფრიკა:
15. ზეინ კერშნერი, 14. ლუაზი მვოვო, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარდი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ვილემ ალბერტცი, 8. კიგან დენიელი.
სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. ჟაკ პოტგიტერი, 20. რუან პიენარი, 21. პეტ ლამბიე, 22. ჯიჯი ენგელბრეხტი.
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ჰერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აერსა, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. ტომას ლეონარდი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდახო, 22. მარტინ როდრიგესი.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.454904