არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს სანაკრებო ტურნირის – “ოთხი ერის” - სადებიუტო მატჩში, სამხრეთ აფრიკასთან 6:27 დამარცხდა. კეიპტაუნში მასპინძლები საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და “პუმებს” წარმატებაზე ფიქრის მცირედი საშუალებაც არ დაუტოვეს.
სამხრეთამერიკელები მხოლოდ იმით თუ დაიკვეხნიან, რომ სახელოვან მეტოქეს მათთვის სადებიუტო შეხვედრაში 4 ლელო არ გაატანინეს და პრემიალური ქულის გარეშე დატოვეს. ერთ კვირაში ისინი აფრიკელებს საკუთარ სამშობლოში უმასპინძლებენ და პირველი გამარჯვების თუ არა, პირველი ქულების მოპოვებასაც სწორედ იქ ეცდებიან.
“ნიულენდზე” წარმატების მისაღწევად სტუმრებმა მარტივი ტაქტიკა ირჩიეს. ისინი ხშირად ჰკიდებდნენ ბურთს მცველების ზურგს უკან და იქ აფრიკელთა შეცდომების იმედად იყვნენ. მაგრამ მასპინძლებს შეცდომა არ დაუშვიათ, არც ხუან მარტინ ჰერნანდესის დარტყმები იყო მაინცდამაინც ზუსტი, ხოლო “სპრინბოკი” მოთმინებით ელოდა თავის შანსს და როცა ლელოს გატანის შესაძლებლობა ეძლეოდა, მიზანსაც აღწევდა.
უნდა ითქვას, რომ არგენტინელ ჰერნანდესს მხოლოდ ტაქტიკური დარტყმები არ უფუჭდებოდა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, მან ერთი ისეთი ჯარიმაც გააცუდა, რომელიც ასპროცენტიანთა კატეგორიას განეკუთვნება და ამით, სხვაობის 11 ქულამდე შემცირების შანსი გაანიავა.
მატჩის დებიუტში ანგარიში მორნი სტეინმა ჯარიმით გახსნა, რაზეც მე-14 წუთზე ჰერნანდესმა ზუსტი დარტყმით უპასუხა, ხოლო სამიოდე წუთში აფრიკელებმა პირველი ლელო გაიტანეს - შერკინების შემდეგ სამფაზიანი შეტევა კუთხეში ზეინ კერშნერმა დააგვირგვინა, ხოლო სტეინმა გარდასახვა გაიტანა.
სტეინმა 25-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა, ხოლო კიდევ სამ წუთში მარსელ კოტცე მოლს მოწყდა და “ბოკეს” მეორე ლელო მიითვალა, ხოლო სტეინის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა.
ჰერნანდესმა ჯარიმით სხვაობის შემცირება მოახერხა და ტაიმი 6:20 დასრულდა. შესვენების შემდეგ არგენტინელს 2 დარტყმა გაუცუდდა, 57-ე წუთზე კი, ბრაიან ჰაბანამ იოლი ლელო გაიტანა და სტეინმა ანგარიში 27:6 გახადა.
სამხრეთ აფრიკას პრემიალური ქულის ასაღებად კიდევ ერთი ლელო სჭირდებოდა, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქე საკუთარ ჩათვლის მოედანს აღარ გააკარეს და შეიძლება ითქვას, საპატიო სხვაობით დამარცხდნენ.
ერთ კვირაში ამ გუნდების მატჩ-რევანში უკვე არგენტინაში გაიმართება, ხოლო ახალი ზელანდია ავსტრალიას დაუხვდება.
სამხრეთ აფრიკა. კეიპტაუნი. “ნიულენდი”. 19:00
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 27:6 (20:6)
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა,13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ლუაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარდი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ვილემ ალბერტცი, 8. კიგან დენიელი.
სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. ჟაკ პოტგიტერი, 20. რუან პიენარი, 21. პეტ ლამბიე, 22. ჯიჯი ენგელბრეხტი.
3 ლელო: კერშნერი, კოტცე, ჰაბანა
3 გარდასახვა: მორნი სტეინი
2 ჯარიმა: მორნი სტეინი
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ჰერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აერსა, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. ტომას ლეონარდი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდახო, 22. მარტინ როდრიგესი.
2 ჯარიმა: ხუან მარტინ ჰერნანდესი
1 | სამხრეთ აფრიკა | 1 | 1 | 0 | 0 | 27-6 | 4 |
2 | ახალი ზელანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 27-19 | 4 |
3 | ავსტრალია | 1 | 0 | 0 | 1 | 19-27 | 0 |
4 | არგენტინა | 1 | 0 | 0 | 1 | 6-27 | 0 |
II რაუნდი. 25 აგვისტო
ახალი ზელანდია - ავსტრალია
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია