წარმატებული გამოდგა ახალგაზრდა ქართველი პირველხაზელის დებიუტი პარიზულ კლუბ “სტად ფრანსეს” შემადგენლობაში. 20 წლის ზურაბ ჟვანიას, მწვრთნელმა ქართველების “მონპელიესთან” მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი და მასპინძლებმა 32:16 იმარჯვეს.
ფოთელი ჟვანია, რომელმაც საკუთარი ოსტატობა ქუთაისის “აიაში” დახვეწა, პარიზულ გუნდში ჯერ კიდევ შარშან უნდა გადასულიყო, მაგრამ სავიზო პრობლემებმა მაშინ მას ამის საშუალება არ მისცა. მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულს ყველაფერი მოგვარდა, ახალგაზრდა ქართველმა ხელმძღვანელობას თავი ამხანაგურ მატჩებში მოაწონა და ახალი სეზონის სადებიუტო ჯახში ძირითად შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მან 40 წუთი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ნომრად მოთამაშე ჟვანიას პირისპირ 3 ნომერი გიორგი ჟღენტი იდგა, რომელმაც მოედანზე 61 წუთი გაატარა. სტუმართა რიგებში არ უთამაშია მიხეილ ნარიაშვილს და ტრავმირებულ მამუკა გორგოძეს. აღსანიშნავია, რომ “მონპელიეს”, გორგოძის გარდა, 6 არგენტინელი მორაგბეც აკლდა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას “ოთხი ერის” სადებიუტო მატჩში იცავდნენ.
“სტად ფრანსე” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ პირველ ტაიმში მათ დამრტყმელს 3 ჯარიმა გაუცუდდა. მთლიანობაში, საწყის 40 წუთში ხშირი იყო ტექნიკური წუნი, ბურთის წინ დავარდნა და არაზუსტი პასი, მე-2 ტაიმში კი, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. სტუმრები დიდიწილად უდისციპლინობამ დააღალატა, რის გამოც ორჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით - პირველი ნახევრის ბოლოსწინა წუთზე და მე-2 ტაიმის დაწყებიდან ორიდე წუთში, გარკვეული პერიოდით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ და ამით მასპინძლებმა იხეირეს.
“სტად ფრანსეს” მიერ მე-12 წუთზე გატანილ ჯარიმას “მონპელიემ” 3 ზუსტი დარტყმით უპასუხა, მაგრამ დასკვნით შვიდ წუთში 2 ჯარიმა თავადაც გაუშვა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა.
სანამ სტუმრები კაცნაკლული თამაშობდნენ, მასპინძლებმა არჩათვლილი ლელოს სანაცვლოდ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 46-ე წუთზე ლელო მაინც მიითვალეს და 19:9 დაწინაურდნენ. 58-ე წუთზე, ჯარიმით მათ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 71-ეზე ლელო-გარდასახვა უკვე “მონპელიემ” გაიტანა, მაგრამ ორ წუთში ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვა, ხოლო ბოლო წუთზე ჯარიმაც მიიღო.
თოპ 14-ის ახალი სეზონის გახსნით მატჩში, ქვეყნის ჩემპიონმა, აქვსენტი გიორგაძის, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” დაძაბულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა.
ქართველებს ტრავმა აწუხებთ და ამის გამო განაცხადში არ იყვნენ. გარდა ჩვენებურებისა, ტრავმის გამო, ორივე გუნდმა კიდევ რამდენიმე ლიდერი მოისაკლისა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე 22:18-ს იგებდნენ, მაგრამ მერე გადამწყვეტი ლელო მიიღეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ქართველ ლეგიონერთა კიდევ ორმა გუნდმა სტუმრად იმარჯვა. დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, სტუმრად “ბაიონთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და სტუმართა 17 ათასი გულშემატკივრის წინაშე 13:6 იმარჯვა.
კოლელიშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ზირაქაშვილი თამაშში, 23-ე ნომრით, 63-ე წუთიდან ჩაერთო.
პირველ ტაიმში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-2 ნახევრის დებიუტში კი, “კლერმონი” ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. მასპინძლებმა მე-60 წუთზე, ჯარიმით, ჩამორჩენა შეამცირეს და მალე 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და 75-ე წუთზე, მორგან პარამ, ჯარიმით, საბოლოო წერტილი დასვა.
I ტურის ბოლო მატჩში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” “პერპინიანს” ეწვია და 21:15 იმარჯვა.
განაცხადში 23 ნომრით აქაც მხოლოდ ერთი ქართველი - ქუბრიაშვილი იყო და ის შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა.
ამ თამაშში ქულები მხოლოდ დამრტყმელებმა დააგროვეს - მასპინძელთა მხრიდან უელსელმა ჯეიმს ჰუკმა, ხოლო სტუმართაგან ჯონ უილკინსონმა. სცენარი ასეთი იყო: ინგლისელს სტუმრები წინ გაჰყავდა, უელსელი ანგარიშს ათანაბრებდა, აი 32-ე და 37-ე წუთებზე კი, უილკინსონმა ზედიზედ 2 ჯარიმა გაიტანა და ჰუკმა ზედ შესვენების წინ მხოლოდ სხვაობა შეამცირა (12:15).
მე-2 ტაიმში, უილკინსონის მიერ 50-ე წუთზე გატანილ ჯარიმას ჰუკმა მხოლოდ 69-ეზე უპასუხა, მატჩის განახლებისთანავე კი, უილკინსონმა არეკნი დაჰკრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
დანარჩენ მატჩებში, სტუმრად “ბორდოს” 29:28 სძლია თოპ 14-ში წლეულს აღზევებულმა “გრენობლმა”; კიდევ ერთი ახალბედა “მონ დე მარსენა” “ბიარიცმა” 35:10 შეარცხვინა, ხოლო “რასინგ მეტრომ” “აჟენს” 24:20 აჯობა.
მე-2 ტურის მატჩები 24-25 აგვისტოსაა დანიშნული. ქართველთა გუნდები მეორე სათამაშო დღეს იბურთავებენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია