საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, ქართველ გულშემატკივარს კიდევ უფრო ახლოს გააცნოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, მათი სპორტული კარიერა და პირადი ცხოვრება. როგორ მოხვდნენ სპორტის ამ სახეობაში და როგორია მათი ყოველდღიური ცხოვრება. ამჯერად არჩევანი საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეზე მერაბ შარიქაძეზე შევაჩერეთ.
მერაბი უკვე ერთი წელია ინგლისში, ჰართფურის უნივერსიტეტში სწავლობს და ამავე უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს. ახალგაზრდა მორაგბეს, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და კაპიტანიც არაერთხელ ყოფილა. კარგი მონაცემებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა. ქართულ რაგბში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და მერაბი ერთერთი იმ ახალგაზრდა თაობის მორაგბეთაგანია, რომელზეც ქართული სარაგბო თემი დიდ იმედებს ამყარებს.
- როდის და სად დაიწყე რაგბის თამაში?
- 12 წლის ვიყავი როდესაც ,,აკადემიის“ გუნდში შევედი. მწვრთნელი ლევან ობოლაძე იყო , შემდეგ როლანდ ბატოიანია და ბოლოს როცა პირველ გუნდში მოვხვდი პაატა ნარიმანაშვილი გია ღლონტი და დიმა ობოლაძე გვავარჯიშებდნენ. ძალიან კარგი და მეგობრული წრე შეიკრა ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ რაგბი ასე შემიყვარდა.
- ჰართფურის უნივერსიტეტში როგორ მოხვდი?
- საქართველოს რაგბის კავშირსა და ჰართფურის უნივერსიტეტს შორის მოხდა ორმხრივი შეთანხმება, რის საფუძველზეც ჰართფურის აკადემიამ საქართველოს რაგბის კავშირს, პერსპექტიული მორაგბეებისთვის გამოუყო სასწავლო სტიპენდია. საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო სამწვრთნელო შტაბმა რამოდენიმე მორაგბესთან ერთად სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით მეც შემარჩია, სწორედ ასე მოვხვდით მე გიორგი ტყეშელიაძე და სანდრო ნიჟარაძე ინგლისში და ჰართფურის უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ. წელს სანდრო საქართველოში ბრუნდება მის ნაცვლად ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ივა დავითაშვილი ჩამოვა. უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობ და რადგანაც ჰართფურის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ,,გლოსტერის“ გუნდთან მომეცა საშუალება ,,გლოსტერელ“ თანატოლებთან ერთადაც მეთამაშა.
- როგორ შეეჩვიე ინგლისს, სწავლა არ გაგიჭირდა?
- აქაურობა ძალიან მომწონს, თავიდან ცოტათი გამიჭირდა. ჰართფურის უნივერსიტეტში მარტო რაგბის თამაში საკმარისი არ არის, აუცილებელია კარგადაც ისწავლო, ჩემი ინგლისურის ცოდნა სრულფასოვანი სწავლისათვის საკმარისი ნამდვილად არ იყო, ამიტომ ბევრი მეცადინეობა დამჭირდა იმისათვის, რომ რაგბის თამაშთან ერთად კარგადაც მესწავლა. უკვე ერთი წელია აქ ვარ და ნელ ნელა შევეჩვიე ასეთ გრაფიკს. კოლეჯი დავამთავრე, გამოცდები ჩავაბარე და უკვე ინსტიტუტში ჩავირიცხე.
- საქართველოს ნაკრები?
- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო, ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოვხვდი კაპიტანიც ვიყავი თუმცა ეროვნულ ნაკრებში თამაში სულ სხვა გრძნობაა. ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ რაგბის კავშირში პასპორტი მიმეტანა, თუმცა მიზეზი არ უთქვამს. შემდეგ უკვე ილია მაისურაძემ მითხრა, რომ ეროვნული ნაკრების კანდიდატად მოვიაზრებოდი და გაფართოვებულ სიაში ვიყავი. შემდეგ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წავედი რის შემდეგაც ისევ ინგლისში დავბრუნდი, სადაც კვლავ ვასო დამიკავშირდა და მითხრა, რომ ევროპის ერთა თასზე ესპანეთთან მატჩის განაცხადში ვიყავი. თუმცა ნაკრებში გამოძახებას სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია. ორი კვირით ადრე ჰართფურის უნივერსიტეტის გუნდში თამაშის დროს ტვინის შერყევა მივიღე, კლუბის ხელმძღვანელობა საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტრამვა მქონდა და ჩემი თამაში არ შეიძლებოდა, არადა თავს კარგად ვგრძნობდი, ტრამვა სრულიად მოშუშებული მქონდა. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ მე არ ვიცოდი. საბუთები უკვე მზად მქონდა და ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობდი. ინტერნეტში ნაკრების საესპანეთო შემადგენლობა ვნახე და გამიკვირდა როცა ჩემი თავი ვერ აღმოვაჩინე სიაში. ნაკრების მენეჯერს დავუკავშირდი რის შემდეგაც გავიგე თუ რაში იყო საქმე. ამის შემდეგ ვასო აბაშიძე ელაპარაკ მილტონ ჰეიგს და უთხრა რომ არანაირი ტრამვა აღარ მქონდა. ასე შედგა ჩემი დებიუტი ნაკრებში.
- ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა ხარ?
- სწორედ ამიტომაც დამნიშნეს მესაათედ, ანუ ჩემს შემდეგ ვინც მოვა დაგვიანებულია და დღის ბოლოს მთელი გუნდი ერთად ვიგონებთ მისთვის სასჯელს. ყველანი განსაკუთრებულად მექცევიან ჩემი ასაკიდან გამომდინარე ყველა გვერდში მიდგას და ძალიან მეხმარებიან რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვუხადო.
- მილტონ ჰეიგზე და ნაკრების სამწვრთნელო შტაბზე რას გვეტყვი?
- ნაკრებს ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს და მიხარია, რომ სწორედ ასეთმა ძლიერმა მწვრთნელებმა მომცეს თავის გამოჩენის საშუალება. ბიჭები მეხუმრებიან მილტონ ჰეიგის შვილობილი ხარო, მათი უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს და ინგლისური კარგად არ იციან, ამიტომ მე ხშირად მიწევს თარჯიმნობა რის გამოც მილტონ ჰეიგთან სხვებთან შედარებით ხშირად მიწევს ურთიერთობა.
- შენი მშობლები რას ფიქრობენ რაგბზე?
- თავიდან რაგბს ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ, მაინც კონტაქტური სპორტია და ეშინოდათ ტრავმა არ მიმეღო. თუმცა ეხლა ყველაფერი შეიცვა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მშობლები რაგბში ერთერთი ყველაზე კარგად გათვიცნობიერებული ხალხია, თამაშს არ აცდენენ. თან როგორც გითხარი ჰართფურის უნივერსიტეტში სწავლის გარეშე არაფერი გამოვა რაც ჩემებს ძალიან მოსწონთ.
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი, გავიგე თბილისში მარტო არ ხარ ჩამოსული ?
- ყველაფერი გცოდნიათ, და რაღა მოგიყვეთ, ქერელაინი ინგლისში გავიცანი კარგი გოგოა ეხლა საქართველოშია და აქაურობა ძალიან მოსწონს მეტს ვერაფერს გეტყვი რადგანა ჯერ რაიმე სერიოზულზე ლაპარაკი ადრეა.
- ინგლისში როდის ბრუნდები?
- 10 სექტემბერს მივდივარ და მხოლოდ ნაკრების ტესტ მატჩებზე და ერთა თასზე ჩამოვალ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია