ამბები

18:08 | 23.08.2012 | ნანახია 2064 - ჯერ

Pro D2-ს 21 ქართველი იწყებს

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2 სტარტს ამ უქმეებზე, 25 აგვისტოს აიღებს და მასში უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობით ჩაებმებიან ქართველი ლეგიონერები. ჯგუფის 16 ბინადარიდან 9-ში ქართველი მორაგბეები ირიცხებიან, მათი საერთო რაოდენობა კი 21-ს აღწევს.
ყველაზე მეტმა ჩვენებურმა “ალბიში” მოიყარა თავი. ახალგაზრდა პირველხაზელები ვახტანგ ახობაძე და გიორგი თეთრაშვილი, ასევე პირველხაზელი კახა კობერიძე, რომელსაც გასულ ჩემპიონატში არც თუ ხშირად უწევდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაში. ზაფხულში ფედერალ 1-ის “ლა სეინიდან” “ალბიში” გადავიდა “ბორჯღალოსანთა” მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, ხოლო თბილისის “ლელოდან” უკანახაზელი ალექსანდრე თოდუა. “ალბიმ” ახლახანს გამართა ამხანაგური შეხვედრა “ოშთან” და 17:23 დამარცხდა, მაგრამ ჩვენთვის სასიხარულო ისაა, რომ ანგარიში ლელოთი მე-9 წუთზე თოდუამ გახსნა. მან სისწრაფეში აჯობა მცველებს და ფრანგულ კლუბში თავისი პირველი ლელო გაიტანა. განვლილ მატჩში ახობაძის გარდა მონაწილეობა ყველა ქართველმა მიიღო.
ოთხი ქართველი დაიცავს “ტარბის” ღირსებას. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე-მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე იქ ფედერალ 1-ის “სენ-ჟუნიენიდან” გადავიდა, პირველხაზელი დავით დადუნაშვილი “პერიგოდან”, რომელიც Pro D2-ს გასული სეზონის შემდეგ დაემშვიდობა, ასევე პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა ამ გუნდის ღირსებას უკვე მესამე წელია იცავს, ხოლო “ბორჯღალოსანთა” მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ფედერალ 1-ის “ვალანს დაჟენიდან” დაწინაურდა.
წლევანდელ სეზონს Pro D2-ში იწყებს “ბრივი”, რომელმაც Top 14-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა. გუნდში დარჩნენ ეროვნული გუნდის პირველხაზელები დავით ხინჩაგიშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი, ხოლო გოდერძი შველიძე მათ “მონპელიედან” შეუერთდა, სადაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა. შარშანდელის მსგავსად “ორიაკში” ითამაშებენ კარლენ ასეიშვილი, ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნაცარაშვილი.
ფედერალ 1-დან Pro D2-ში აღზევებულ “მასიში” არიან პირველხაზელი დავით აშვეთია და ეროვნული გუნდის მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი. Top 14-დან დაქვეითებული “ლიონიდან” “დაქსში” გადავიდა ვეტერანი პირველხაზელი ტარიელ რატიანიძე. სამაგიეროდ “ლიონში” რჩება კიდევ ერთი პირველხაზელი გურამ კავთიძე. Top 14-ის “აჟენიდან” “ბეზიეს” მიაშურა პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა, ხოლო ელიზბარ ყუფარაძე “კოლომიერის” ღირსებას დაიცავს.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080479