ამბები

17:30 | 24.08.2012 | ნანახია 2365 - ჯერ

“ბლედისლოუ” ძველ-ახალ მფლობელს ელის, არგენტინაში დიდი რაგბი ჩადის

მომავალ შაბათს დიდი რაგბის მოყვარულებს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ელით. “ოთხი ერის” ეგიდით გასამართ მეორე ტურის შეხვედრებში, დიდი ალბათობით, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის საზიარო “ბლედისლოუს თასის” მფლობელი გაირკვევა, არგენტინა კი, პირველად უმასპინძლებს იმ ტურნირის შეხვედრას, რომლისკენაც ათეული წლების განმავლობაში მიილტვოდა.
თბილისის დროით 11:35 საათზე “ოლ ბლექსი” ავსტრალიას ოკლენდში, “იდენ პარკზე” დაუხვდება და რა უნდა მოხდეს გამარჯვება რომ ვერ მოიპოვოს. ერთი კვირის წინანდელმა მატჩამა ცხადყო, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ზელანდიელთა ბადალი ჯერ კიდევ არავინაა და ძნელად დასაჯერებელია “კენგურუებმა” რაიმეს შეცვლა მოახერხონ. გარდა “ოთხი ერის” მეორე ტურისა, ეს მატჩი “ბლედისლოუს თასის” მეორე დაპირისპირებაცაა (სამიდან) და დებულების თანახმად, თუ ზელანდიამ გამარჯვება მოიპოვა 2003 წლიდან დასაკუთრებულ თასს კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს, რადგან მესამე მატჩი სერიის ბედს ვეღარ შეცვლის.
ავსტრალიას აგერ უკვე 26 წელია ოკლენდში არ მოუგია, თავად ზელანდიელები კი, ამ ქალაქში ზედიზედ 28 ტესტია არ დამარცხებულან. ერთი კვირის წინ “ოლ ბლექსმა” “ვოლაბებს” სიდნეიში სძლია, თანაც ისე, რომ მეტოქეს წარმატების ოდნავი შანსიც არ დაუტოვა და სულ ბოლოს გატანილი ჯარიმით პრემიალური ქულის გარეშეც დატოვა, მაგრამ პრემია ვერ თავად მიითვალა და ახლა ამის გაკეთებას საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ეცდება.
ზელანდიელი სონი-ბილი უილიამსისთვის ეს ჯახი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ თამაშის შემდეგ საბურთაოდ იაპონიაში, მერე კი, ლიგის რაგბს დაუბრუნდება, საიდანაც თავის დროზე 15-კაცაში გადაბარგდა. დიდი ალბათობით, მოკრივე უილიამსი 15-კაცაში მოგვიანებით კვლავ დაბრუნდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მისი ბოლო სანაკრებო თამაში იქნება 15-კაცა რაგბში და რაღა თქმა უნდა თავის გამოჩენასაც ორმაგად ეცდება. “ოლ ბლექსი” პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით იწყებს თამაშს, როგორითაც ერთი კვირის წინ იბურთავა, ერთადერთი ტრავმირებული ტონი ვუდკოკი გახდა შესაცვლელი და მისი ადგლს ვაით ქროქეთი დაიკავებს.
ავსტრალიელთა რიგებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მგეზავი ქუადე კუპერის დაბრუნებაა, რომელსაც 2011 წლის მსოფლიო თასზე მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია. ამის გამო შუამარბად დაიწია ბერიკ ბარნსმა, ხოლო ადამ ეშლი-კუპერი 15 ნომერზე დადგება, გარემარბის პოზიციაზე კი, დრიუ მიჩელი ითამაშებს. ცვლილებაა შერკინების მესამე ხაზშიც, სადაც ტრავმირებული გუნდის კაპიტან დევიდ პოკოკს ახალგაზრდა მაიკლ ჰუპერი შეცვლის, ხოლო კაპიტნის სამკლავურს უილ გენია ჩაიბარებს. ერთბაშად ორი ცვლილება მოხდა შერკინების პირველ ხაზშიც და ხვალ გამოჩნდება, ეს რა შედეგს მოიტანს.
არგენტინელებს ისტიურიული დღე აქვთ - მათი დიდი ხნის ოცნება ასრულდება და “ოთხი ერის” მატჩი სამხრეთ ამერიკის მიწაზე პირველად გაიმართება. მომავალი ჯახი ქალაქ მენდოსაში თბილისის დროით 23:10 საათზე დაიწყება. კეიპტაუნში ერთი კვირის წინ ნაჩვენები უნიათო თამაშის შემდეგ, “პუმები” შინ მეტის მიღწევას ეცდებიან, თუმცა, ძნელი სავარაუდოა, მათ აფრიკის გატეხა მოახერხონ. მაგრამ 50 ათასი მაყურებელის მხარდაჭერამ, შესაძლოა, მათი საყვარელი გუნდის თამაშზე გარკვეული გავლენა იქონიოს, მით უმეტეს, რომ არგენტინის ამ მხარეში რაგბი განსაკუთრებულად პოპულარულია და ხეირიანი ქომაგობაც კარგად იციან.
აფრიკამ არგენტინას აქამდე 14-ივე თამაში მოუგო და ახლა არგენტინამ რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს, რათა წარმატებას მიაღწიოს. ორივე გუნდში ერთ სტილში თამაშობს, მეტოქეზე ფიზუკურ ზეწოლას ახორციელებს და კარგად თამაშობს ფეხით, მაგრამ ამ მხრივ აფრიკელების უპირატესობა აშკარაა - მათ ყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება და საუკეთესო დამრტყმელები, როგორც კარში, ასევე ტაქტიკურ თვალსაზრისით. საპირისპიროდ, არგენტინამ მაქსიმალურად დისციპლინირებულად უნდა ითამაშოს და ნაკლებად დაჯარიმდეს, რადგან ერთი კვირის წინ “ბოკემ” ყველა მათი წესების დარღვევით ისარგებლა და ეს აღარ უნდა განმეორდეს.
საგულისხმოა რომ აფრიკელთაგან არგენტინაში აქამდე ტესტ-მატჩები მხოლოდ გუნდის კაპიტან ჟან დე ვილერსს და ბრაიან ჰაბანას აქვთ ჩატარებული, თუმცა, 21-წლამდელთა მსოფლიო თასი მენდოსაში, ამევე სტადიონზე 2005 წელს მოიგეს ადრიან სტრაუსმა, რუან პიენაარმა და მორნი სტეინმა.
არგენტინის ნაკრებში ლუკას გონსალეს-ამოროსინოს ნაცვლად 15 ნომერზე ძირითად შემადგენლობაშია მარტინ როდრიგესი, ტრავმირებული ხუან მარტინ ჰერნანდესის ნაცვლად მგეზავად დადგება ახალგაზრდა ნიკოლას სანჩესი. აფრიკას ტრავმირებული ბისმარკ დუ პლესი არ ეყოლება, რომელიც 1 კვირის წინ გამართულ მატჩში დაშავდა და მას ადრიან სტრაუსი შეცვლის.
ამ თამაშების შემდეგ “ოთხ ერზე” ერთკვირიანი შესვენება გამოცხადდება და თამაშები 8 სექტემბრიდან განახლდება.

25 აგვისტო. “ოთხი ერი”. II რაუნდი
ახალი ზელანდია. ოკლენდი. “იდენ პარკი”. 11:35 (თბილისის დროით)
ახალი ზელანდია - ავსტრალია
ახალი ზელანდია:
15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. სონი-ბილი უილიამსი, 11. ჰოსეა გიარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ვაით ქროქეთი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენკსი, 18. ბროდ რეთალიქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ბენ სმიტი.
ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. დრიუ მიჩელი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. უილ გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტალეკი ტიმანი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რადიკ სამო, 19. ლიამ გილი, 20. ნიკ ნიკ ფიპსი, 21. ენტონი ფაინგა, 22. ქერთლი ბილი.


არგენტინა. მენდოსა. “მალვინასი”. 23:10 (თბილისის დროით)
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა
არგენტინა:
15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აერსა, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. მარტინ ლანდახო, 21. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 22. ხუნ იმჰოფი.
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ლუაზი მვოვო, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარდი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ჟაკ პოტგიტერი, 8. ვილემ ალბერტცი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. კიგან დენიელი, 20. რუან პიენარი, 21. პეტ ლამბიე, 22. ჯიჯი ენგელბრეხტი.
 

1 სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 27-6 4
2  ახალი ზელანდია 1 1 0 0 27-19 4
3  ავსტრალია 1 0 0 1 19-27 0
4 არგენტინა 1 0 0 1 6-27 0



III რაუნდი. 8 სექტემბერი
ახალი ზელანდია - არგენტინა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.151736