არგენტინის ნაკრებმა “ოთხი ერის” მე-2 რაუნდის შეხვედრაში დაამტკიცა, რომ სამხრეთელმა ბობოლებმა მისი დამატებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
“პუმებმა” პირველი ტაიმი დამსახურებულად, 13:3 მოიგეს და საათზე მეტხანს ლიდერობდნენ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ (16:16).
ეს სამხრეთამერიკელთა საუკეთესო შედეგია “სპრინგბოკთან” პაექრობებში, რადგან აქამდე გამართულ 14 ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებული სულ აფრიკა რჩებოდა, ახლა კი, ეს ტრადიცია დაირღვა. ამასთან, არგენტინელებმა პირველი ქულები აიღეს “ოთხ ერზე” და ერთ-ერთ პრეტენდენტს დაგეგმილი ქულები დააკარგვინეს.
ერთი კვირის წინათ, სამხრეთ აფრიკაში გამართული მატჩის შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა არგენტინა ასეთ პროგრესს თუ განიცდიდა. მაგრამ სამხრეთ აფრიკამ მათი ფიზკურად დაჩაგვრა ვერ მოახერხა და არსენალში არ აღმოაჩნდა სხვა ელემენტი, რითაც თავგანწირვით მობურთალ მასპინძლებს გატეხდა. არგენტინელები რაქებში თამაშისას თითქმის მუდამ ახერხებდნენ რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას, ამასთან, სტუმრები შეტევისას არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მორნი სტეინსაც რამდენიმე ისეთი ჯარიმა გაუცუდდა, რომელთაც სხვა დროს უცილობლად გაიტანდა.
მარტინ როდრიგესმა ანგარიში ჯარიმით, მეორე ცდიდან გახსნა. მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ და მალე ლელოც გაიტანეს. რვაფაზიანი შეტევა შედეგიანად სანტიაგო ფერნანდესმა დააგვირგვინა, როდრიგესმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ამას, ორივე დამრტყმელისგან ჯარიმის გაცუდება მოჰყვა, მერე მორნი სტეინმა ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ როდრიგესმა შესვენების წინ გუნდს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში სტეინმა და როდრიგესმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და უწინდელზე ხშირად ჯარიმდებოდნენ. სტეინმა 53-ე წუთზე ჩამორჩენა შეამცირა, 64-ეზე კი, ფრანსუა სტეინმა საპასუხო ლელო მიითვალა და მორნიმ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ 15 წუთში აფრიკა უფრო აქტიურობდა, მაგრამ მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს და 2 ქულაც დამსახურებულად ჩაიწერეს.
25 აგვისტო. “ოთხი ერი”. II რაუნდი
არგენტინა. მენდოსა. “მალვინასი”.
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 16:16 (13:3)
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აერსა, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. მარტინ ლანდახო, 21. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 22. ხუნ იმჰოფი.
1 ლელო: სანტიაგო ფერნანდესი
1 გარდასახვა: მარტინ როდრიგესი
3 ჯარიმა: მარტინ როდრიგესი
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ლუაზი მვოვო, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარდი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ჟაკ პოტგიტერი, 8. ვილემ ალბერტცი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. კიგან დენიელი, 20. რუან პიენარი, 21. პეტ ლამბიე, 22. ჯიჯი ენგელბრეხტი.
1 ლელო: ფრანსუა სტეინი
1 გარდასახვა: მორნი სტეინი
3 ჯარიმა: მორნი სტეინი
1 | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 49-19 | 8 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 2 | 1 | 1 | 0 | 43-22 | 6 |
3 | არგენტინა | 2 | 0 | 1 | 1 | 22-43 | 2 |
4 | ავსტრალია | 2 | 0 | 0 | 2 | 19-49 | 0 |
III რაუნდი. 8 სექტემბერი
ახალი ზელანდია - არგენტინა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია