ამბები

14:45 | 26.08.2012 | ნანახია 2972 - ჯერ

გორგოძე გამარჯვებით დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელმაც ტრავმის გამო Top 14-ის ახალი სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა, “მონპელიეს” “კლერმონთან” მატჩში დაუბრუნდა და საკუთარ გუნდს მოგებაში (13:8) დაეხმარა.
2012 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს დაზიანება ბოლომდე არ მოუშუშებია და ამის გამო, სათადარიგოთა შორის იყო. ის მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და დასკვნითი 40 წუთი ითამაშა. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები - გიორგი ჟღენტი და მიხეილ ნარიაშვილი. პირველმა 64, ხოლო მეორემ 49 წუთი ითამაშა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა დავით ზირაქაშვილმა, ხოლო ვიტო კოლელიშვილი განაცხადში არ ყოფილა.
“მონპელიემ” ანგარიში მე-20 წუთზე არეკნით გახსნა, 33-ე წუთზე ლელო გაუშვა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მასპინძლებმა საპასუხო ლელო სამ წუთში მიითვალეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ტაიმი 10:5 მოიგეს.
მე-2 ტაიმის დასაწყისში “კლერმონს” 2 მორაგბე გაუსინბინეს და “მონპელიემ” ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. უკანასკნელ წუთზე თავისი წილი ჯარიმა “კლერმონმაც” გაიტანა და ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.
2 ტურის შემდეგ, “კლერმონი” 5 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “მონპელიე” 4 ქულით მეათეა.
დაძაბულ ბრძოლაში, სტუმრად “რასინგ მეტრო” დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე სტუმრად ორივე თამაში მოიგო და 8 ქულით მე-3 ადგილზეა.
“რასინგ მეტროს” წინააღმდეგ მატჩში განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.
პირველი ტაიმი ფრედ - 13:13 დასრულდა, 50-ე წუთისთვის კი, მასპინძლები 21:13-ს იგებდნენ. “ტულონმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე მე-60 წუთზე დაიყვანა, ხოლო გამარჯვების მომტანი ჯარიმა ჯონ უილკინსონმა 76-ე წუთზე გაიტანა – 21:23.
საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ჯაბა ბრეგვაძის, ვასილ კაკოვინისა და აქვსენტი გიორგაძის “ტულუზამ”. ამჯერად, “მონ დე მარსანი” 37:22 დაიბრიყვა, 4 ლელო გაიტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და პრემიალური ქულაც აიღო.
ქართველ მორაგბეებს ტრავმები აქვთ და განაცხადში ამის გამო არ იყვნენ, მათი გუნდი კი, 9 ქულით, მე-2 ადგილზეა.
ტრავმირებულია და “კასტრის” განაცხადში არ იყო ანტონ ფეიქრიშვილი, მისმა გუნდმა კი, “გრენობლს” 30:13 აჯობა.
მასპინძლებმა 3 ლელო გაიტანეს, აქედან 2 საჯარიმო, მაგრამ ბოლო წუთზე ერთი ლელო თავადაც გაუშვეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს. აღსანიშნავია, რომ რეფერიმ სტუმართა სამ მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, 2 მასპინძელი გაასინბინა, ერთს კი, მე-2 ყვითელი ბარათისთვის წითელი ამოუღო. “კასტრი” 5 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
ამჯერად, “სტად ფრანსეს” განაცხადში ვერ მოხვდა ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი “ბაიონთან” 11:24 დამარცხდა. მასპინძლებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, სტუმრებმა კი, თითო-თითო ლელო, არეკნი და ჯარიმა გაიტანეს. “სტად ფრანსე”, 4 ქულით, მე-9 ადგილზეა.
ტურის სხვა შეხვედრებში, “ბორდომ” “პერპინიანს” 26:22 აჯობა, ხოლო “ბიარიცმა” სტუმრად “აჟენი” 25:19 დაამარცხა.
III ტურის თამაშები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096675