ამბები

13:38 | 27.08.2012 | ნანახია 1486 - ჯერ

ლეგიონერებმა Pro D2-ც დაიწყეს

შაბათ-კვირას საფრანგეთში მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2 დაიწყო და მასში ქართველი ლეგიონერებიც ჩაებნენ. მატჩები დაძაბული გამოდგა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გამარჯვებული გუნდებიდან ვერავინ ჩაიწერა პრემიალური ქულა (მეტოქეზე 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის), ხოლო 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის 1 ქულა 5 გუნდს შეხვდა.
Top 14-იდან დაქვეითებული, დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილის და გოდერძი შველიძის “ბრივი” სადებიუტო ტურში ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” ეწვია და უხეშობით გამორჩეულ ჯახში 27:20 იმარჯვა. შეყლაშვილი და ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შერკინების პირველ ხაზში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ხინჩაგიშვილმა 51-ე წუთამდე ითამაშა, მერე კი, მის ნაცვლად თამაშში შველიძე ჩაერთო. 51-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე ნატრიაშვილიც, ხოლო შეყლაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბეებს სამი წითელი და ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა. პირველად ჩხუბი მე-8 წუთზე ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევა. მეორე ჩხუბი ტაიმის მიწურულს მოხდა და ამჯერად რეფერი ყვითელი ბარათებით შემოიფარგლა. 53-ე წუთზე მან “ბეზიეს” მეორე მორაგბე გააძევა, ხოლო დასკვნით 10 წუთში “ბრივის” ორი მორაგბე გაასინბინა. ერთ-ერთი “გაყვითლებული” შველიძე იყო, რომელიც მსაჯმა 78-ე წუთზე დასაჯა. პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და სტუმრებმა 21:17 იმარჯვეს. მეორე ტაიმის დასაწყისში “ბეზიემ” ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მერე თავად ორი გაუშვა და “ბრივმა” 27:20 იმარჯვა.
Top 14-დან დაქვეითებულმა კიდევ ერთმა გუნდმა, გურამ კავთიძის “ლიონმა” გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავა და გიორგი ნემსაძის “ტარბს” უმასპინძლა და 30:12 იმარჯვა. სასიხარულოა, რომ ამ თამაშშიც ყველა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ოღონდ სასტარტო შემადგენლობაში შერკინების შემკვრელად მხოლოდ ჩხაიძე იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს. 59-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში მირცხულავა და ნემსაძე, ასევე, მასპინძელთა რიგებში – კავთიძე, ხოლო დადუნაშვილი მოდანზე ოთხი წუთით ადრე გამოჩნდა.
მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება, მეტოქეს მიახლოვების საშუალება არ მისცეს, ტაიმი 17:6 მოიგეს, ბოლოს კი, მესამე ლელოს გატანას და პრემიალური ქულის აღებასაც ეცადნენ, მაგრამ ეს აღარ გამოუვიდათ.
ხუთი ქართველის - ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ” ელიზბარ ყუფარაძის “კოლომიე” ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 22:20 დაამარცხა. სამწუხაროდ, ამ მატჩში გუნდების განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი მაისურაძე იყო, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მასპინძლებმა შუალედში ლელო-გარდასახვაც მიითვალეს - 13:6. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში სტუმრებმა სამი ჯარიმა მიითვალეს და წინ გაიჭრნენ, რაზეც 71-ე წუთამდე მასპინძლებმა ორით უპასუხეს და უპირატესობა დაიბრუნეს (19:15). საფინალო სასტვენამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც “კოლომიე” ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს კი დაჯარიმდა და მარცხი განიცადა.
კარლენ ასეიშვილის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” ტარიელ რატიანიძის “დაქსი” სტუმრად 31:16 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა რატიანიძემ. სტუმართა რიგებში სრულად გაისარჯა მეორეხაზელი დათუნაშვილი, ასეიშვილი შეცვლაზე 33-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შევიდა და ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 10 წუთი უქმად გაატარა, ხოლო ნაცარაშვილი ბრძოლაში 62-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლები სრაფი ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, მაგრამ მომდევნო ნახევარ საათში სამი ჯარიმა და ერთი არეკნი მიიღეს, თავად კი, ჯარიმიდან მხოლოდ ერთხელ იხეირა და მდევრის როლში აღმოჩნდნენ. “დაქსი” მორიგი ჯარიმით 32-ე წუთზე ბოლოჯერ დაწინაურდა, შესვენებამდე კი, ლელო გაუშვა და ტაიმი 13:17 დათმო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც “ორიაკმა” ლელოთი, არეკნით და ორი ჯარიმით უპასუხა.
ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით იმარჯვა ფედერალ 1-დან დაწინაურებულმა, დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”. მან “ექს-ან-პროვანსს” უმასპინძლა და მატჩის უმეტესი დრო მდევრის როლში გაატარა. სუთიაშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იდგა და 62-ე წუთამდე ითამაშა, ოღონდ 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 9:3 მოიგეს, “მასიმ” წონასწორობა 66-ე წუთზე აღადგინა (15:15) და 73-ეზე დაწინაურდა. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე ანგარიში უკვე “ექს-ან-პროვანსმა” გაათანაბრა, მაგრამ ბოლო წამზე მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაიტანეს.
Pro D2-ის მეორე ტურის თამაშები 1-2 სექტემბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10458