ამბები

17:59 | 28.08.2012 | ნანახია 2562 - ჯერ

ჯოგლიძემ “სპარტაკს” მოაგებინა, ჩირგაძე და ყურაშვილი სამშობლოში დაბრუნდნენ

რუსეთის მორაგბეთა ჩემპიონატის ყველაზე ქართულმა გუნდმა - მოსკოვის “სპარტაკმა” მე-13 ტურში ტაგანროგის “ბულავა” გოდერძი ჯოგლიძეს კარგი გარჯის წყალობით 28:18 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია.
ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია და საუკეთესო ოქტეტში მოსახვედრად იბრძვის. პირველ ტაიმში “სპარტაკს” სათამაშო უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ დაწინაურება ვერ შეძლო, გოდერძი ჯოგლიძის ოთხ ჯარიმას მეტოქემაც ამდენივე ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი 12:12 დასრულდა. მეორე ნახევარში ჯოგლიძემ “სპარტაკის” უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა - 21:15, მაგრამ სტუმრებმა ჩამორჩენის 3 ქულამდე დაყვანა მოახერხეს. შემდეგი ჯარიმისას მოსკოველებმა მეტოქის 5 მეტრში შერკინება ირჩიეს და არც შემცდარან. მალიაკინის ძალისმიერ ლელოს ჯოგლიძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და “სპარტაკმა” 28:18 იმარჯვა, რის შემდეგაც 13 თამაშში 15 ქულით მე-8 ადგილამდე აღზევდა. მას ქულით ჩამორჩება “ბულავა” და 2 ქულით - “ფილი”.
“ბულავას” წინააღმდეგ ჯოგლიძის გარდა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ხეჩიკოვი, ერისთავი, კვანთიძე, კვერნაძე, მინაძე, მახარობლიძე, გოგლიჩიძე, თუთბერიძე და ადანაია. შეცვლაზე ითამაშეს კიკვაძემ და დახუნდარიძემ.
პარალელურად, რუსული კლუბი “ნოვოკუზნეცკი” დატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ მორკინალები ზაზა ჩირგაძე და ბექა ყურაშვილი. ვეტერანი ჩირგაძე კარიერას “ბათუმში” გააგრძელებს, ხოლო 30 წლის ყურაშვილი ქუთაისის “აიას” დაუბრუნდა, საიდანაც “ნოვოკუზნეცკში” საქართველოს საგაზაფხულო თასის გათამაშების შემდეგ გადავიდა და რუსეთის პრემიერლიგაში თავი ლელოებით გამოიჩინა.
“ბექას და ზაზას წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ მათ დახმარება სეზონის დასაწყისში ვთხოვეთ, რადგან ჩირგაძის და ყურაშვილის გარეშე გუნდის შერკინება ზედმეტად ახალგაზრდული იქნებოდა. მათი მადლობლები ვართ, რადგან სეზონის პირველ ნახევარში დიდი დახმარება გაგვიწიეს. გადამწყვეტი როლი ფინანსურმა მხარემ ითამაშა და ბიჭები საქართველოში დაბრუნდნენ, სადაც უკეთესი კონტრაქტები შესთავაზეს. მინდა გითხრათ, რომ ორივე მათგანი “ნოვოკუზნეცკის” განაცხადში რჩება და თუ საქართველოში საქმეები არ აეწყობათ, ნებისმიერ დროს შეეძლებათ ჩვენთან დაბრუნება”, - განაცხადა ნოვოკუზნეცკელთა თავკაცმა ვიაჩესლავ შალუნოვმა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083474