რუმინეთის ნაკრებმა რუსეთის ამბიციებს, რომელიც მათ ჩელენჯ ქაფზე „ენისეის“ წარმატებული თამაშისა და 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი თამაშის (ესპანეთთან და გერმანიასთან) მოგების შემდეგ გაუჩნდათ, მძლავრი პასუხი გასცა.
სტუმრად 0:30 განცდილი მარცხის შემდეგ, თავად რუსები ამბობენ, რომ მათი ადგილი ევროპის მოწინავე 8 გუნდის სიახლოვესაც კი არაა და ეს იმიტომ, რომ შედეგი სრულად ასახავს ამ გუნდებს შორის არსებულ სხვაობას. რუმინელებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ, მაგრამ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეს ის, რაც ოდითგანვე კარგად გამოსდიოდათ და უბრალოდ, „დათვებს“ მეტოქის შესაჩერებლად არც ხასიათი და არც საშემსრულებლო ოსტატობა აღმოაჩნდათ.
ტრიბუნებზე შეკრებილ 6 ათას მაყურებელს პირველი ლელოს ლოდინი ნახევარი საათი მოუხდა. სტუმრების სადებიუტო მონდომება მასპინძლებმა ჩაახშეს, მერე ფეხით ტაქტიკური დარტყმებით და მორკინალების აქტიური მუშაობით „დათვები“ „დაჩეჩქვეს: და რუმინელთა მძლავრმა სამმეოთხედელებმა ხაზის გაჭრა დაიწყეს. ამ ყველაფერს 26-ე წუთზე ანდრეი გარბუზოვის სინბინი მოყვა და სამ წუთში ანგარიშიც გაიხსნა - სტელიან ბურჩეამ შერკინებიდან აიტაცა ბურთი და მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს. ფლორინ ვლაიკუს გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 5:0 დასრულდა.
მარტივი ჭეშმარიტება - რაგბი რომ ხასიათის თამაშია, მეორე ტაიმში დადასტურდა. თამაში განახლდა თუ არა, მოედნის ცენტრში ბურთი ვლაიკუმ მოიხელთა და ლელომდე ისე ირბინა, მისი შეჩერება არავის უცდია. რუმინელთა ბომბარდირმა ამჯერად გარდასახვაც შეასრულა და ისედაც გატეხილი რუსები ნოკაუტიდან მატჩის ბოლომდე ვერ გამოვიდნენ. „მუხებმაც“ თავისუფლება იგრძნეს და საქმეს შეუდგნენ. შერკინებისა და სათამაშო უპირატესობა მათ ჯერ ვლაიკუს მიერ რეალიზებულ ჯარიმად აქციეს, მერე კი, სტუმრების მარცხენა ფრთის სისუსტით ისარგებლეს და ლელოს მიჰაი მაკოვეიმ უწია. თამაში ისე სრულდებოდა, მასპინძლები უპირატესობის მეოთხე ლელოში რეალიზებას ვერ ასწრებდნენ, მაგრამ „დათვებმა“ ბოლოს ერთხელაც მოისუსტეს და უკვე დამატებულ წუთებზე რუმინელებს ბონუს-ქულა ჯოდი როუზმა მოუტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და თამაში 30:0 დასრულდა.
12 მარტს საქართველო რუსეთს სოჭში ეწვევა, ხოლო რუმინეთი გერმანიას დაუხვდება. დასკვნით სათამაშო დღეს ქართველები და რუმიბელები „ბორის პაიჭაძეზე“ შეიბმებიან და არაოფიციალურ ფინალში 2016 წლის ევროპის ჩემპიონს გამოავლენენ (ექვსი ერის გუნდების გამოკლებით).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია