ამა წლის 1 სექტემბერს 2012/2013 წლების საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი გუნდების გაზრდილი რაოდენობით და სახეცვლილი სისტემით იწყება. შარშან მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველობა დანარჩენი ევროპის მსგავსად შემოდგომა-გაზაფხულის სიტემით ჩატარდება და მასში რვის ნაცვლად ათი ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
გუნდების რაოდენობის ზრდა ჩვენს ქვეყანაში რაგბის პოპულარობის ზრდამ განაპირობა. მორაგბეთა რიცხვმა რამდენიმე ათასით იმატა, გაიზარდა კლუბების რაოდენობაც, საქართველოს ჩემპიონატის ხარისხმაც და წლეულს უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი ჩაებმება, პირველ ლიგაში კი, 15 გუნდი ითამაშებს, რომლებიც საწყის ეტაპზე აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებად იქნებიან დაყოფილი. აღმოსავლეთში 9 კლუბია, დასავლეთში 6, უმაღლესი ლიგის საგზურის მიღების შანსი კი, საბოლოოდ ორ გუნდს ექნება.
რაც შეეხება უმაღლეს ლიგას, აქ ათი გუნდი რეგულარულ პირველობას ორ წრედ ჩაატარებს და პლეი ოფში ექვსი მათგანი გავა. პლეი ოფის პირველ ეტაპზე რეგულარული პირველობის ორი მოწინავე დაისვენებს, მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხედგილოსანი მეხუთეს ერთმატჩიან დუელში გაეჯიბრება და ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა. იქაც ერთმატჩიანი ჯახები შედგება, რის შემდეგაც გამოვლინდება ორი ფინალისტი და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა. რაც შეეხება ქვედა გუნდებს, ბოლო ორ ადგილზე გასული პირველი ლიგის ორ საუკეთესოსთან მომავალ გათამაშებაში უძლიერესთა შორის თამაშის უფლებისთვის იბრძოლებს – უმაღლესი ლიგის მე-9 ადგილოსანი პირველი ლიგის მეორეს, ხოლო უმაღლესის ბოლოადგილოსანი პირველი ლიგის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება.
რეგულარულ პირველობაში ქულათა დარიცხვის სისტემა ძველებური იქნება. გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას მიიღებს, ფრის შემთხვევაში 2 ქულა დაიწერება და იმოქმედებს პრემიალური სისტემაც - 7 და ნაკლები ქულით მარცხი, ასევე, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა (ლელოებით 3:0, 4:1, 5:2 და ა.შ.), მხოლოდ გამარჯვებულ გუნდს, ერთ პრემიალურ ქულას მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ წლეულს საქართველოს ჩემპიონატში ეროვნული გუნდის რამდენიმე მორაგბე დაბრუნდება, რომლებიც მანამდე საფრანგეთის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონებში გამოდიოდნენ. ამ გუნდებისთვის პრობლემები არახალია, თითქმის ყველა მათგანი უსახსრობას უჩივის, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მაინც გეგმავენ და გუნდების შემადგენლობებიდან გამომდინარე, საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად ყველა მათგანს ექნება, რაც მომავალ გათამაშებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ახალი სისტემის ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში, სამი პარალელური მატჩით გაიხსნება. 1 სექტემბერს 17:00 საათზე, თბილისის “შევარდენის სანაკრებო ბაზაზე” თბილისის “არმაზი” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება. ამ თამაშში ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მოვლენა ისაა, რომ დიდი ხნის შესვენების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს “არმაზის” შემადგენლობაში დაუბრუნდება “ბორჯღალოსანთა” გამორჩეული გარემარბი ირაკლი მაჩხანელი. მან გასული სეზონი საფრანგეთის რანგით მესამე ფედერალ 1 დივიზიონში გაატარა და საფრანგეთში მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე მეტი ლელო გაიტანა (ერთ სეზონში), მაგრამ დაბალ დონეზე უცხოეთეში დარჩენას სამშობლოში დარჩენა არჩია. რუსთაველებმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და მხოლოდ კახა კობერიძე დაკარგეს, რომელიც საფრანგეთის “ელიტა 2”-ის “ალბიში” გადავიდა და ამბიციაც არ აკლია.
უმაღლესი ლიგის კიდევ ორი არათბილისური გუნდი ურთიერთობის გარკვევას ქუთაისში დაიწყებენ, სადაც ადგილობრივი “აია” “დინამოზე” “ბათუმს” დაუხვდება. ქუთაისელებმა საფრანგეთის Top 14-ში (“სტად ფრანსე”) პირველხაზელი ზურაბ ჟვანია მიავლინეს და მას პარიზულ კლუბში უკვე დებიუტიც ჰქონდა. საფრანგეთში წავიდა სათამაშოდ ტატო ჩხიკვაძეც, იქიდან კი გუნდს დაუბრუნდა 9 ნომერი გიორგი როხვაძე. რუსეთის ჩემპიონატში მთელი ზაფხული იბურთავა და ხუთი ლელო გაიტანა მესამეხაზელმა ბექა ყურაშვილმა, ახლა კი, ისიც “აიას” დაუბრუნდა. ამათ გარდა ქუთაისელებს მრავლად ჰყავთ ის ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებმაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბურთაობით გამოიჩინეს თავი და მათი გუნდის მთავარ მწვრთნელსაც ეიმედება.
ბოლო დროს ეტაპობრივად ძლიერდება “ბათუმი” და ამბიციაც დიდი აქვს. ზღვისპირეთში სურთ, რომ მათ ძველი დიდება დაიბრუნონ და საქართველოს ჩემპიონატში კვლავ ფავორიტებად იქცნენ. მომავალ ჯახში საინტერესო იქნება შუამარბი ირაკლი გიორგაძის თამაში, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მშობლიურ “აიაში” თამაშობდა, ახლა “ბათუმს” მიაშურა და პირველსავე ტურში ქუთაისში უწევს სტუმრობა.
თბილისში “ავჭალაზე” საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი “ლოკომოტივი” თანაქალაქელს, საქართველოს უძველეს კლუბ “ყოჩებს” ეთამაშება. ორივე გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და მორაგბეებიც სხვაგან თამაშს ამჯობინებენ, თუმცა, ორივე, განსაკუთრებით კი “რკინიგზელები” (რომელთაც რკინიგზასთან სახელის მეტი აღარაფერი აკავშირებთ), სეზონის წინ მუდამ ფავორიტებში ირიცხებიან. გაზაფხულის გარდამავალ ტურნირში “ლოკომოტივი” ბოლო წამებზე დამარცხდა “არმიასთან” და ახლა ტიტულის დაბრუნებას ეცდება, თუმცა, შემადგენლობა ოთხმა მორაგბემ დატოვა, უმეტესად მორკინალებმა და ამან შესაძლოა სეზონის სტარტზე “ლოკომოტივს” პრობლემები შეუქმნას.
პირველი სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ქვეყნის ჩემპიონი, თასის მფლობელი და გაზაფხულის ტურნირის მომგები “არმია”, “ავჭალაზე” 19:00 საათზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის “ჯიქებს” დაუპირისპირდება. ახალგაზრდულმა გუნდმა “ჯიქებმა”, საგაზაფხულო ტურნირზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, გამოცდილებაც მიიღეს და წელს უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მიუხედავად ზედიზედ მოგებული ტიტულებისა, ამბიცია არ განელებიათ არმიელებსაც და მაყურებელიც საინტერესო ბრძოლას იხილავს.
კვირას, 2 სექტემბერს, 17 საათზე, “ავჭალაზე” გაიმართება ტურის დასკვნითი მატჩი და მასში “ლელო” “აკადემიას” დაუპირისპირდება. ტრადიციულად, ორივე ეს გუნდი შესვენებისას მორაგბეთა ნაწილმა დატოვმა, მაგრამ არის ნამატიც. “ლელოში” ითამაშებს საფრანგეთიდან დაბრუნებული, ეროვნული გუნდის კვაჭი რევაზ ბელქანია. ლელოელები წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას, “აკადემია” კი, ტრადიციას არ დაარღვევს და იოლად არავის დანებდება.
საქართველოს მორაგბეთა 2012-1013 წლების ეროვნული ჩემპიონატი.
I რაუნდი. 1 სექტემბერი. შაბათი
თბილისის. “შევარდენი”. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 19:00 საათი
არმია (თბილისი) - ილიაუნის ჯიქი (თბილისი)
2 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია