ჩემპიონატის ამ სასტარტო მატჩში, ფავორიტად "აია" მიიჩნეოდა და ქუთაისელებმა სძლიეს კიდევაც მეტოქეს, მაგრამ თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ეს გამარჯვება იოლად არ მოსულა, მასპინძლებმა დიდი ოფლისღვრის ფასად გატეხეს უმაღლეს ლიგაში ახლადაღზევებული მეტოქე.
`ბათუმი” ადრიანად ესტუმრა იმერეთს. რამდენიმე წინასამატჩო დღე, ზღვისპირელები წყალტუბოში გადიოდნენ საწვრთნელ შეკრებას. მარტო ეს ფაქტიც კარგად მოწმობს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი სასტარტო შეხვედრას. მართლაც, ბათუმურმა გუნდმა, რომლის განაცხადში, სხვათა შორის, 7 ქუთაისელი მორაგბე ირიცხება, დიდი წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
`აიას” უკვე მე-5 წუთზე ჰქონდა დაწინაურების შანსი, გაგა სინაურიძემ 30 მეტრიდან საჯარიმო დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელებს შორის ვერ გაატარა. სამაგიეროდ, სულ მალე, მიზანმა არ უმტყუნა ბათუმელ შავლეგ მახარაშვილს, რომელმაც საკმაოდ შორიდან და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა ჯარიმა და თავისიანები წინ გაიყვანა. ქუთაისელებს მდევრის როლში ყოფნა აშკარად არ ეპიტნავად. მათ დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდნენ. მე-12 წუთი იყო, აუტიდან მოგებული ბურთი სინაურიძეს ჩაუვარდა, რომელმაც ზურაბ ძნელაძეს გადააწოდა, ამან მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიაღწია, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი გაუვარდა. ხუთ წუთში, ქუთაისელები ისევ მიუახლოვდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანს, მაგრამ ამჯერად, ბათუმელებმა მოიერიშეები შებოჭეს და თავიდან აიცილეს ხიფათი. 23-ე წუთზე, მახარაშვილმა მოედნის ცენტრში დანიშნული საჯარიმოს რეალიზება მოინდომა, მაგრამ მიზანს ააცილა.
თამაში მძაფრ ბრძოლაში გრძელდებოდა, მეტოქეები მონაცვლეობით უტევდნენ ერთმანეთს. `ბათუმს” მაინც არ დასცალდა პირველი ნახევრის მოგება. შესვენებამდე სამი წუთით ადრე, სინაურიძემ უნაკლოდ შეასრულა კარის გასწვრივ დანიშნული საჯარიმო და ანგარიშიც გააყაიმა.
რაც მართალია, სტუმრებს არც თამაშის განახლების შემდეგ განელებიათ ბრძოლის ჟინი, ეგ იყო, მათ მასპინძლებზე მეტად დაეტყოთ დაღლა და თითქმის მთელი მეორე ტაიმი, `აიამ” მეტოქის ნახევარზე გაატარა.
42-ე წუთზე, ქუთაისელთა კაპიტანმა ირაკლი რევიშვილმა სწრაფი დრიბლინგით მიაღწია ბათუმელთა ჩათვლის მოედნამდე და წესით, ლელოც უნდა მიეთვალა, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა... ამის შემდეგ, სინაურიძეს გაუცუდდა საჯარიმო. მალე, მახარაშვილმაც არაზუსტად დაარტყა. დრო გადიოდა და მასპინძლები ვერაფრით ახერხებდნენ დაწინაურებას. `აია” არასასურველი მდგომარეობიდან ისევ ვეტერანმა, 35 წლის მოთამაშე-მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ გამოიყვანა, როცა ზუსტად მოედნის ცენტრიდან გაიტანა საჯარიმო. ამის შემდეგ, ქუთაისელებს აღარ გაუშვიათ ხელიდან ინიციატივა. არადა, 73-ე წუთზე ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ - რეფერიმ ბაჩუკი გოშაძე გაასინბინა. ბოლო შეტევა `აიასი” იყო. ბექა ყურაშვილმა მარცხენა ალამთან ლელო მიითვალა, ხამაშურიძეს კი რეალიზაცია არ გასჭირვებია.
ევგენი კუნჭულია: `ამ ეტაპისთვის რაც შეგვეძლო, ის ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ხშირად ვკარგავდით ბურთს. ახალი გადმოსულები ვართ უმაღლეს ლიგაში, ბიჭებს შეთამაშება აკლიათ. პირველ ტაიმში უპირატესობა არ დაგვითმია, მეორეში კი ცოტა დავიღალეთ და ვფიქრობ, მარცხიც ამ ფაქტორმა განაპირობა. მაგრამ ყველაფერი წინაა”.
კობა გიორგაძე: `დაძაბული თამაში გამოდგა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ოთხმა წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა, მათ ნაცვლად ახალგაზრდებს ვცდით. თანდათან დავლაგდებით და უკეთესი თამაშით გავახარებთ ჩვენს ქომაგებს.”
`აია” (ქუთაისი) - `ბათუმი” -13:3 (3:3)
ქუთაისი. `დინამო”. 1 სექტემბერი. 17 საათი
`აია”: ხამაშურიძე, აბრამიძე, კუხიანიძე (ფრუიძე, 74), ძნელაძე, გოშაძე, სინაურიძე(შარვაშიძე, 62), როხვაძე, არაბიძე(რატიაშვილი, 65), მატკავა(თხელიძე, 34), ულუმბელაშვილი (წაქაძე,41), ჯიმშიტაშვილი, შალამბერიძე, რევიშვილი(ცირეკიძე, 63), შაშიაშვილი(ჩიტეიშვილი, 41), ყურაშვილი
მწვრთნელი: კობა გიორგაძე
1 ლელო: ყურაშვილი
1 გარდასახვა: ხამაშურიძე
2 ჯარიმა: სინაურიძე, ხამაშურიძე
1 სინბინი: გოშაძე
`ბათუმი”: მახარაშვილი, სვინტრაძე, ხონელიძე, აშვეთია, ცისკარიშვილი, ი.გიორგაძე, გ.ბრეგაძე(ქოპილაშვილი,48) მჭედლიძე (კაიკაციშვილი, 40), ჯაჯაია, გოგიბერიძე (კელენჯერიძე, 550, უჩავა, ბერიძე (ნიბლაძე, 48), გრძელიშვილი (კორტავა, 48), ჩირგაძე, მეგრელიძე
მწვრთნელი: ევგენი კუნჭულია
1 ჯარიმა: მახარაშვილი
რეფერი: უ. ნარიმანიძე, ასისტენტები: ი. მჟავანაძე, ს. ჩიხლაძე
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია