ამბები

1:26 | 2.09.2012 | ნანახია 2166 - ჯერ

სადებიუტო ტურში, პრემია მხოლოდ “არმიას” შეხვდა
საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის პირველმა ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. ობიექტურად უფრო ძლიერმა გუნდებმა, დაგეგმილი გამარჯვებები ჩაიწერეს, მაგრამ ოთხი მოგებულიდან, მხოლოდ ერთმა შეძლო მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება.
“ავჭალის” სტადიონზე სახეცვლილი, შემოდგომა-ზაფხულის სისტემაზე გადასული ჩემპიონატის გახსნით მატჩს ძალიან ცოტა მაყურებელი დაესწრო. ალბათ, იმიტომ, რომ 1 სექტემბერს თბილისში იწვიმა, შესაბამისად, თამაშები ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა, რომელიც მაყურებლებისთვის მოუხელთებელია და რაგბის გულშემატკივარმაც, წვალებას სახლში დარჩენა არჩია. ვინც სტადიონზე მივიდა, მატჩის ხარისხით მაინცდამაინც ნასიამოვნები ვერ დარჩებოდა, რაც სეზონის სტარტზე, გასაკვირი სულაც არაა.
მანამდე იყო ერთი სასიამოვნო ამბავი. ამჯერად, საქართველოს ჩემპიონატის ორგანიზატორებს გახსნის ცერემონიალი არ გამორჩათ და “ავჭალაზე”, ჩემპიონატის გახსნის დღეს, საქართველოს ჰიმნი გაისმა. მერე გუნდებმა და მაყურებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცოტა ხნის წინ დაღუპულ ქართველ სპეცრაზმელებს და თამაშიც დაიწყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის კარგი საყურებელი არ გამოდგა. “ლოკომოტივმა” ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა, რამდენიმე ლიდერი აკლდა. ექსპერიმენტული იყო “ყოჩების” შემადგენლობაც და რადგან სეზონი ახლაღა იწყება, წუნი თავიდანვე მოსალოდნელი ჩანდა.
ამ ყველაფრის ფონზე, “ლოკომოტივი”, მეტი ჯანის და გამოცდილების ხარჯზე, მაინც ფლობდა სათამაშო უპირატესობას და მე-13 წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ ვახტანგ კავთიძეს, 35 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა გაუფუჭდა. ორიოდე წუთში, იერიშებმა “რკინიგზელებს” შედეგი მაინც მოუტანა, ილია გოგიშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კავთიძემ გარდასახვა გამოიყენა. ათიოდე წუთში, “ლოკომოტივმა” 5-მეტრა შერკინებიდან გაიტანა ბურთი, იქვე, გივი ბერიშვილმა დაარტყა, მერე იერიში მარჯვნივ გაიშალა და ბექა წიკლაურმა მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ ისევ ზუსტად გარდასახა - 14:0.
მეორე ტაიმი კვლავ თემურ ბენდიაშვილის იერიშებით დაიწყო და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ლადო გუნიავამ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა და კავთიძემ მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა. ამის შემდეგ, ქვეყნის მრავლგზის ჩემპიონები მოეშვნენ და მატჩში, რომელიც ერთ გუნდს, ზედმეტი ძალის დახარჯვის გარეშე დიდი ანგარიშით უნდა მოეგო, ინტრიგა დაბრუნდა. 50-ე წუთზე, “ყოჩებმა” მეტოქის 22-ის ხაზთან ფეხით ცუდად მოგერიებული ბურთი მოიხელთა და დავით ბელაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
“ლოკომოტივმა” კვლავ შეუტია და ვალდებული იყო ლელო გაეტანა, მაგრამ ხაზის გადაკვეთა ვერ მოახერხა და 64-ე წუთზე, კონტრშეტევაზე, ბელაშვილმა დუბლი მიითვალა. ამჯერად, გიგი გაბუნიას გარდასახვა ზუსტი იყო და სხვაობა 9 ქულამდე დავიდა. “ყოჩებს” იმედი კი გაუჩნდა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა, ბოლოს კი, “ლოკომოტივმა” მეოთხე ლელო მიითვალა. ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, გივი ბერიშვილმა მბოჭავები ერთი-მეორეს მიყოლებით ჩამოიშორა და კავთიძემ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა. “ლოკომოტივმა” 28:12 კი მოიგო, მაგრამ 4-ის წილ ორი ლელო რომ მიიღო, პრემიალური ქულის გარეშე დარჩა.
ამ მატჩის პარალელურად კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდა. ქუთაისში ადგილობრივ “აიას” “ბათუმმა” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთამდე, მასპინძლები მხოლოდ სამ ქულას იგებდნენ, მაგრამ მერე, ქუთათურებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს და 13:3 იმარჯვეს. შევარდენზე პირველსავე ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა “არმაზმა” და “ხარებს” 20:7 სძლია. 
დღის ბოლო ჯახი საინტერესო სანახავი გამოდგა. “ავჭალაზე” მაყურებელმაც იმატა და მოსულთა უმრავლესობა “ჯიქების” გულშემატკივარი იყო. უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, მეტოქედ საქართველოს ჩემპიონი “არმია” ყავდა, რომელიც სათამაშოდ, “ოლ ბლექსის” მსგავსად, სულ შავი ფორმით გავიდა. ეს შეხვედრა წინამორბედზე უფრო სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ სეზონის სტარტი აქაც თვალსაჩინო იყო, ოღონდ ეს, ტექნიკურ წუნზე უფრო ნაკლებად აისახებოდა, უბრალოდ, კომბინაციები იყო შესათამაშებელი.
ახალგაზრდულმა “ჯიქებმა” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ფიზიკურად უფრო ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს ვერაფერი დააკლო. ეს იმიტომ, რომ ისინი უამრავ შეცდომას უშვებდნენ, რამდენჯერმე წააგეს საკუთარი დერეფანი და ხშირად ჯარიმდებოდნენ, რითაც “არმიამ” კარგად ისარგებლა. არმიელებმა მატჩის დებიუტში ჯარიმების კარში დარტყმა იუკადრისეს და ლელოს გატანაზე დაიწყეს ზრუნვა და მე-9 წუთზე შედეგსაც უწიეს. დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და გიორგი ზაქაშვილმა ანგარიში გახსნა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა გამოიყენა.
“ჯიქებმა” იერიშებით უპასუხა და ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება. ნუგზარ გიორგაძის პირველი დარტყმა მიზანს აცდა, მეორემ კი ძელებსშუა გაიარა. კობახიძემ და გიორგაძემ ჯარიმები გაცვალეს და მერე ჩემპიონმა კვლავ სალელოვედ შეუტია, თუმცა ლევან გოგოლაშვილი, ორივე ჯერზე, ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში აუტში გადაიყვანეს. სამაგიეროდ, შესვენებამდე კობახიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 16:6 დასრულდა.
ამ ორ ჯარიმას, გიორგაძემ ორი ზუსტი დარტყმით მეორე ნახევრის დებიუტშივე უპასუხა, მერე კი, ცენტრიდან არეკნი გაუცუდდა. არმიელები კვლავ ლელოზე თამაშობდნენ, “ჯიქები” ისევ ხშირად ჯარიმდებოდნენ, მსაჯმა ისინი ორჯერ გააფრთხილა, მერე კი, 51-ე წუთზე, როდესაც გიორგი ოქრომელიძემ პასი განზრახ ჩაჭრა, ის სინბინით დასაჯა. რიცხობრივი უპირატესობა ქულებში მალე აისახა, კაცნაკლული გუნდი ვეღარ დადგა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, რასაც კობახიძემ გარდასახვა მიაყოლა. 
ლელოზე ლელოთი, ნომინალურმა სტუმრებმა მალევე უპასუხეს. გურამ შენგელია ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ითამაშა კარგად და ლამის, ჩათვლის მოედნის ხაზამდე იარა, იქ მცველებმა შებოჭეს, თუმცა, რამაზ ხარაზიშვილი მას კარგად მიყვა და ლელოც გავიდა, ხოლო გიორგაძემ გარდასახვით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. მათდა სამწუხაროდ, 63-ე წუთზე რეფერიმ გიორგაძე განზრახ დაჯარიმებისთვის გაასინბინა და “ჯიქები” კიდევ ერთხელ დარჩა მოედაბნზე კაცნაკლული. “არმიამ” ძალისმიერი იერიში წამოიწყო და ხვიჩა ბუჯიაშვილმა თავისი გუნდის მესამე ლელო მიითვალა - 28:19.
სანამ “ჯიქების” შემადგენლობა შეივსებოდა, არმიელებმა კიდევ ერთხელ დააგვირგვინეს წარმატებით ძალისმიერი შეტევა. ამჯერად თავი გიორგი კაკოვინმა გამოიჩინა და გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ “არმია”, რომელიც ლელოებით 4:1 იგებდა პრემიალურ ქულას იღებდა და ანგარიში აღარც შეცვლილა, საფინალო სასტვენამდე კი, რეფერიმ კიდევ ორჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი - ჯერ “ჯიქებიდან” ალეკო ზაბახიძე, ხოლო მერე “არმიადან” კობახიძე გაასინბინა. 
პირველი რაუნდის დასკვნითი მატჩი დღეს, “ავჭალაზე” 17 საათზე დაიწყება და მასში “ლელო” “აკადემიას” დაუპირისპირდება. 
 
საქართველოს მორაგბეთა 2012-1013 წლების ეროვნული ჩემპიონატი. 
I რაუნდი. 1 სექტემბერი. შაბათი
თბილისის. “შევარდენი”. 
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 20:7
ქუთაისი. “დინამო”. 
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი) 13:3
თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 28:12 (14:0)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ჭურღულია, 12. გოგიშვილი, 11. ქავთარაძე, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი (გასვიანი 41), 2. გენებაშვილი, 3. გუნიავა, 4. ცუხიშვილი, 5. ხოლუაშვილი, 6. ნიშნიანიძე, 7. ჩიტიძე, 8. ბერიშვილი.
4 ლელო: გოგიშვილი, წიკლაური, გუნიავა, ბერიშვილი
4 გარდასახვა: კავთიძე
ყოჩები: 15. კვარაცხელია, 14. აბრამალიძე, 13. მახარაძე (ხულელიძე 68), 12, ქუშაშვილი (კობაური 48), 11. ხარშილაძე, 10. გაბუნია, 9. ჯაფარიძე (ხელაძე 75); 1. ესაკია (ჭინჭარაძე 62), 2. ცუცქირიძე, 3. შენგელია, 4. ბელაშვილი, 5. ტვილდიანი, 6. აფციაური, 7. გუგეშაშვილი, 8. მალაღურაძე.
2 ლელო: ბელაშვილი (2)
გარდასახვა: გაბუნია
 
თბილისი. “ავჭალა”. 400 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ილიაუნის ჯიქი (თბილისი) 35:19 (16:6)
არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჩხიკვაძე, 12. გაგოშვილი (გაბროშვილი 66), 11. გოგოლაშვილი (ნუცუბიძე 73), 10. ნინიძე, 9. სამხარაძე (ჯინაშვილი 76); 1. ზაქაშვილი (კაკოვინი 52), 2. მეკოკიშვილი, 3. გურგენიძე (დონაძე 45), 4. ჩიტიძე (სურგულაძე 78), 5. აზალაძე (ცხადაძე 61), 6. თხილაიშვილი, 7. თავართქილაძე, 8. ბუჯიაშვილი.
4 ლელო: ზაქაშვილი, ტექნიკური, ბუჯიაშვილი, კაკოვინი
3 გარდასახვა: კობახიძე
3 ჯარიმა: კობახიძე 
1 სინბინი: კობახიძე
ჯიქები: 15. შარმაზანაშვილი, 14. ხარაზიშვილი, 13. ბერძული, 12. კუპრეიშვილი, 11. ტურაშვილი, 10. გიორგაძე, 9. ზაბახიძე; 1. ოქრიაშვილი (გაგნიძე 50), 2. ოქრომელიძე, 3. ყაულაშვილი (ხატიაშვილი 64), 4. მიქაძე, 5. გოგოლიძე (ტალახაძე 75), 6. მამრიკიშვილი, 7. შენგელია, 8. კიკვიძე.
ლელო: ხარაზიშვილი
გარდასახვა: გიორგაძე
4 ჯარიმა: გიორგაძე
3 სინბინი: ოქრომელიძე, გიორგაძე, ზაბახიძე
 
1. არმია                1 1 0 0 35-19 5
2. ლოკომოტივი   1 1 0 0 28-12 4
3. არმაზი              1 1 0 0 20-7 4
4. აია                    1 1 0 0 13-3 4
5. ლელო              0 0 0 0 0-0  0
6. აკადემია          0 0 0 0 0-0  0
7. ბათუმი            1 0 0 1 3-13  0
8. ხარები             1 0 0 1 7-20  0
9. ჯიქები             1 0 0 1 19-35 0
10. ყოჩები           1 0 0 1 12-28 0
 
2 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
 
ზურა ქსოვრელი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.195617