ამბები

15:50 | 2.09.2012 | ნანახია 1918 - ჯერ

ჟღენტმა წლევანდელი Top 14-ის ქართული ლელოების ანგარიში გახსნა

“მონპელიეს” პირველხაზელი გიორგი ჟღენტი გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის წლევანდელ სეზონში ლელოს გატანა მოახერხა.
III ტურში “მონპელიე” “აჟენს” მასპინძლობდა, მომხვდური 32:15 დაამარცხა, 4 უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. შერკინების პირველ ხაზში, ჟღენტთან ერთად, მიხეილ ნარიაშვილი თამაშობდა, ხოლო მამუკა გორგოძე მეორე ხაზში ირჯებოდა. მწვრთნელმა ნარიაშვილი 44-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ მას მოედანზე დაბრუნება 79-ე წუთზე მოუწია, როდესაც მასპინძელთა პირველხაზელი რეფერიმ სინბინში გაუშვა. მიშამ ბოლოსწინა წუთზე გორგოძე შეცვალა. ჟღენტმა მოედანზე 58 წუთი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ სამივე ჩვენებურმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა და თითქმის ყველგან იყო გორგოძე, ბევრს მოძრაობდა ჟღენტიც, რომელმაც 27-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, “აჟენის” დაცვის ხაზი გაკვეთა და საკუთარი გუნდის პირველი ლელო გაიტანა.
მასპინძლებმა ტაიმი 10:3 მოიგეს, მერე სხვაობა ოთხ ქულამდე დავიდა, მაგრამ დასკვნით ოც წუთში “მონპელიემ” 3 ლელოს გატანა შეძლო და სოლიდური სხვაობით იმარჯვა.
“მონპელიეს” 3 თამაშის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
ლელოუხვი გამოდგა “კლერმონისა” და “პერპინიანის” დაპირისპირება. ტრიბუნაზე შეკრებილმა 17423-მა მაყურებელმა სულ 11 ლელო იხილა, რომელთაგან 7 მასპინძლების ანგარიშზეა, ანუ, მათ მეტოქეზე სამით მეტჯერ შეძლეს ჩათვლის მოედნის აღება და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. “კლერმონმა” 53:31 იმარჯვა და სასტარტო შემადგენლობაში მობურთალმა დავით ზირაქაშვილმა, ამაში 62-წუთიანი გარჯით საკუთარი დიდი წვლილი შეიტანა. ვიტო კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთის წილ 3 ლელო გაიტანეს და 27:10 დაწინაურდნენ. მე-2 ნახევრის საწყის ოც წუთში, “კლერმონმა” ერთის საპასუხოდ კვლავ 3 ლელო მიითვალა და 48:17 დაწინაურდა. ამის შემდეგ, მასპინძლები მოეშვნენ და 4 წუთის ინტერვალით 2 ლელო მიიღეს (48:31). მათ გამარჯვებას საფრთხე მაინც არ ემუქრებოდა, მაგრამ “კლერმონს” პრემიალური ქულის მისაღებად ლელო სჭირდება, რაც 73-ე წუთზე გააკეთეს კიდეც და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ახლა “კლერმონს” 10 ქულა აქვს, 3-ით ჩამორჩება ლიდერებს და მე-3 ადგილზეა.
ლიდერი კი, “ბიარიცთან” ერთად, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”, რომელმაც ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, “მონ დე მარსანთან” სტუმრად 29:15 მოგებულ მატჩში, ტულონელებმა 3 უპასუხო ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.
ქართველ ლეგიონერთაგან ამ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ქუბრიაშვილმა მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა.
სტუმრებმა მეტოქე დასკვნით ათ წუთში გატეხეს. პირველ ტაიმში მასპინძელთა მიერ გატანილ ოთხ ჯარიმას “ტულონმა” ლელოთი და 3 ჯარიმით უპასუხა, რომელთაგან ბოლო ჯონ უილკინსონმა ზედ შესვენების წინ გაიტანა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გაიყვანა (14:12).
“მონ დე მარსანი” ჯარიმით 65-ე წუთზე დაწინაურდა, ოთხ წუთში უილკინსონმა ჯარიმით კვლავ სტუმრები დააწინაურა, 72-ე და 77-ე წუთებზე კი, “ტულონმა” 2 ლელო მიითვალა და პრემიალური ქულის წყალობით, “ბიარიცს” გაუტოლდა (ჯამში 13 ქულა).
“ბაიონთან” 31:10 იმარჯვა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” და 9 ქულით მე-5 ადგილზეა. განვლილ შეხვედრაში ქართველ პირველხაზელს მონაწილეობა არ მიუღია (ტრავმა). “კასტრმა” მე-2 წუთზე გაშვებულ ლელოს სამით კი უპასუხა, მაგრამ პრემიალური ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა ტაიმი 11:10 მოიგეს, მეორე ნახევარში კი, უპასუხო 20 ქულა მიითვალეს.
ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა ვასილ კაკოვინმა, მაგრამ “ბიარიცთან” სტუმრად გამართულ მატჩში ის განაცხადში არ იყო. განაცხადში არ იყვნენ “ტულუზას” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი - ტრავმირებული ჯაბა ბრეგვაძე და ვეტერანი აქვსენტი გიორგაძე, მათი გუნდი კი, 17:22 დამარცხდა და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და სტუმრებმა პრემიალური ქულის მომტანი ლელო ბოლოსღა გაიტანეს.
“ტულუზა” 10 ქულით მე-4 ადგილზეა.
“გრენობლთან” 12:26 დამარცხდა ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”. ახალგაზრდა ქართველმა პირველხაზელმა დასკვნითი 4 წუთი ითამაშა.
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა სტუმართა შეცდომებით ისარგებლეს, 2 ლელო გაიტანეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. “სტად ფრანსეს” 4 ქულა დარჩა და მე-11 საფეხურს იკავებს.
ტურის კიდევ ერთ მატჩში “რასინგ მეტრომ” “ბორდოს” 18:7 სძლია.
IV რაუნდის შეხვედრები 8-9 სექტემბერსაა დანიშნული.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095238