საქართველოს მორაგბეთა ეროვნული პირველობის I რაუნდის დასკვნით მატჩში, თბილისურ დერბიში, “ლელომ” “აკადემიას” 25 უპასუხო ქულა გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა.
თამაში დაბალი ხარისხის, ცუდი საყურებელი გამოვიდა. პირველ ტაიმში დაძაბულობა ზღვარს სცილდებოდა, რის გამოც მოედანზე სამჯერ გვარიანი გაწევ-გამოწევა გაჩაღდა, მაგრამ, საბედნიეროდ, საქმე ჩხუბამდე არ მისულა. უხეშობის ზღვარზე მიმდინარე მატჩში მრავლად დაიღვარა სისხლი, რის გამოც თამაში უსაშველოდ გაიწელა.
მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ირაკლი ყიასაშვილს ჰქონდა, მაგრამ 45 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. მას აცილებული ჯარიმით გიორგი აბდუშელიშვილმა უპასუხა. მერე “ლელომ” ჯარიმა კარში აღარ დაარტყა და ლევან მაისაშვილის შეგირდებმა სალელოვედ შეუტიეს, მაგრამ არაფერი რომ არ გამოვიდა, ყიასაშვილმა გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე მეორე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.
31-ე წუთზე, “ლელომ” 5-მეტრა დერეფანი მოიგო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, ლექსო გუგავა მცველებს დაუსხლტა და ლელო გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა და შესვენებამდე დარჩენილი დრო “აკადემიას” იერიშებში გაილია. ჩამორჩენის შემცირების შანსი ჯერ ივა დავითაშვილს ჰქონდა, მაგრამ მიზანმა უნტყუნა. მერე “აკადემიამ” 5-მეტრა აუტი პირველ კაცზე ააგდო და ლელოც გავიდა, მაგრამ რეფერიმ მანამდე წესების დარღვევა დააფიქსირა, ბოლოს კი, ჯიმი ღამბაშიძე კონტრშეტევაზე გაიქცა, დაახლოებით 60 მეტრი დაფარა და თითქოს ალამთან ლელოც დაიდო, მაგრამ მსაჯმა დაჩი კოპაძისგან ბოჭვის დროს, მას ბურთი წინ დაუვარდა და ვერ დაამიწაო.
მე-2 ტაიმი პირველზე უხარისხო გამოდგა, მაგრამ 2 ლელო გავიდა. ჯერ ლაშა ხმალაძემ აუბნია ფინტებით თავგზა მცველებს და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, მერე კი თავი კოპაძემ გამოიჩინა. ყიასაშვილმა ორივე გარდასახა გამოიყენა და “ლელომ” 25:0 იმარჯვა, მაგრამ ამ თამაშით ლევან მაისაშვილის გუნდს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
ბევრი აქვს დასახვეწი “აკადემიასაც”, რომელიც პრაქტიკულად დერეფანს ვერ იგებდა, შერკინებაშიც უხეიროდ იდგა და მაინცდამაინც არც გადაწყვეტილებების მიღება უვარგოდა.
საქართველოს მორაგბეთა 2012-1013 წლების ეროვნული ჩემპიონატი.
I რაუნდი. 1 სექტემბერი. შაბათი
თბილისის. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 20:7
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი) 13:3
თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 28:12 (14:0)
თბილისი. “ავჭალა”. 400 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ილიაუნის ჯიქი (თბილისი) 35:19 (16:6)
2 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 25:0 (11:0)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი (ნიჟარაძე 48), 13. ანდღულაძე, 12. კოპაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. გოგიშვილი (სანიკიძე 8), 2. ბელქანია (ხიდეშელი 45), 3. სუჯაშვილი (ჟღენტი 68), 4. ჭეიშვილი (კვერნაძე 66), 5. ქოიავა, 6. ჭყოიძე (მძინარიშვილი 52), 7. დარასელია, 8. ნიკოლაიშვილი.
3 ლელო: გუგავა, ხმალაძე, კოპაძე
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
2 ჯარიმა: ყიასაშვილი
აკადემია: 15. მაკაროვი, 14. ჭუაძე, 13. წასიძე, 12. მარგიანი (მოლოდინაშვილი 30), 11. ი. დავითაშვილი (სუთიძე 55), 10. აბდუშელიშვილი (შ. დავითაშვილი 46), 9. ჯ. ღამბაშიძე (ცირეკიძე 71); 1. მაჩიტაძე, 2. წვერავა, 3. გ. ღამბაშიძე (ფირცხალაიშვილი 78), 4. ნებულიშვილი, 5. გელაძე (დ. გოგოლაშვილი 35; ობოლაძე 70), 6. თოდაძე (ჩაჩუა 41), 7. გაჩეჩილაძე, 8. ნ. ჩხიკვაძე.
1 | ლელო | 1 | 1 | 0 | 0 | 25-0 | 5 |
2 | არმია | 1 | 1 | 0 | 0 | 35-19 | 5 |
3 | ლოკომოტივი | 1 | 1 | 0 | 0 | 28-12 | 4 |
4 | არმაზი | 1 | 1 | 0 | 0 | 20-7 | 4 |
5 | აია | 1 | 1 | 0 | 0 | 13-3 | 4 |
6 | ბათუმი | 1 | 0 | 0 | 1 | 3-13 | 0 |
7 | ხარები | 1 | 0 | 0 | 1 | 7-20 | 0 |
8 | ჯიქები | 1 | 0 | 0 | 1 | 19-35 | 0 |
9 | ყოჩები | 1 | 0 | 0 | 1 | 12-28 | 0 |
10 | აკადემია | 1 | 0 | 0 | 1 | 0-25 | 0 |
II რაუნდი. 8-9 სექტემბერი
ხარები - ჯიქები, არმია - აია, ბათუმი - ლოკომოტივი, ყოჩები - ლელო, აკადემია - არმაზი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია