ალექსანდრე თოდუამ და შალვა სუთიაშვილმა საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pრო D2-ის კლუბებში ოფიციალური დებიუტები მოიწყეს. მათ წლევანდელი სეზონის პირველ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ და “ელიტარული დებიუტი” ახლაღა ჰქონდათ.
ევროპის წამყვან კლუბებში ქართველი მორაგბეების თამაშით განებივრებული არ ვართ და 24 წლის თოდუას ოფიციალურ თამაშში გამოჩენა ორმაგად სასიხარულოა. მისი, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის “ალბი” “უაიონას” ეწვია და 6:40 შერცხვა. გარემარბი თოდუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთმა წევრმა, შერკინების მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ, სხვა ქართველი ლეგიონერები კი, განაცხადში არ იყვნენ.
“ალბიმ” მხოლოდ პირველ ტაიმში გაწია წინააღმდეგობა და შესვენებაზე გასვლისას მეტოქეს 6:16 ჩამორჩებოდა, ფარხმალი კი, დასკვნით 20 წუთში დაყარა, როდესაც სამი ლელო გაუშვა (სულ ოთხი). “ალბის” პირველი თამაში მოგებული ჰქონდა და 4 ქულით მე-12 ადგილზეა.
პირველი ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა, ახლა კი, “მასის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. პირველივე წუთებიდან ითამაშა “მასის” პირველხაზელმა დავით აშვეთიამაც. ის 54-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 69-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნებამ მოუწია. “მასი”, რომელმაც პირველ ტურში გამარჯვება მოახერხა, “ოშთან” სტუმრად 16:30 დამარცხდა და 4 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. განვლილ მატჩში მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ.
დამარცხდა ეროვნული გუნდის სამეულის, დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივიც”, რომელმაც საკუთარი მატჩი ასევე სტუმრად, “კარკასონთან” 14:34 დათმო. შველიძე და ნატრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მწვრთნელმა 51-ე წუთზე ოთხი მორაგბე შეცვალა, მათ შორის ორივე ქართველი პირველხაზელი და ბრძოლაში ხინჩაგიშვილი ჩართო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 55-ე წუთისთვის 34:0 იგებდნენ და “ბრივმა” ორი საპასუხო ლელო-გარდასახვა მხოლოდ დასკვნით 10 წუთში გაიტანა. ქართველთა სამეულის გუნდი 4 ქულით მეთერთმეტეა.
გამარჯვება მოიპოვა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავას და გიორგი ნემსაძის “ტარბმა”, რომელმაც “პოს” უმასპინძლა და 24:14 სძლია. შერკინების შემკვრელი ჩხაიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნემსაძე საქმეში 76-ე წუთიდან ჩაერთო. პირველ ტაიმში სტუმართა ჯარიმას და ლელოს მასპინძლებმა სამი ჯარიმით და ერთი არეკნით უპასუხეს. “პომ” მე-60 წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ “ტარბმა” ერთ წუთში ლელო გაიტანა.
გარდასახვა არაზუსტი იყო და “პომ” საფინალო სასტვენამდე 7 წუთით ადრე მარცხისგან თავის დაღწევის შანსი შეინარჩუნა (14:17), მაგრამ 77-ე წუთზე მასპინძელთა ლელო-გარდასახვამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. “ტარბი” 4 ქულით მე-9 საფეხურს იკავებს.
ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 8 ქულით მე-4 ადგილზეა კარლენ ასეიშვილის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”. ამჯერად მან “ექს-ან-პროვანსს” უმასპინძლა და 42:19 აჯობა. შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა “ბორჯღალოსანმა” დათუნაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ასეიშვილი. სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში ნაცარაშვილი. აღსანიშნავია, რომ ტაიმი, რომელიც 20 წუთი (ორი სინბინის გამო) კაცნაკლულებმა ჩაატარეს, მასპინძლებმა 12:19 დათმეს, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მეორე ტაიმში “ორიაკმა” სამი ლელო გაიტანა, მაგრამ პირველში ერთი გაშვებული ჰქონდა და პრემიალური ქულა ვერ აიღო.
9 ქულით გათამაშების ლიდერმა, გურამ კავთიძის “ლიონმა” ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” შვიდი ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ 2 გაუშვა და პრემიალური ქულაც აიღო. მასპინძლებმა მომხვდური 63:15 გაანადგურეს. კავთიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მობურთალი შეყლაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს. “ბეზიეს” პირველ ტურში აღებული ერთადერთი პრემიალური ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.
ტარიელ რატიანიძის “დაქსი” “ლა როშელთან” სტუმრად 6:32 დამარცხდა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა რატიანიძემ მოედანზე 49 წუთი გაატარა, მისი გუნდი კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ელიზბარ ყუფარაძის “კოლომიემ” “ნარბონს” დაძაბულ ბრძოლაში 29:25 აჯობა, მაგრამ ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ამ გუნდს 5 ქულით მე-7 საფეხური უჭირავს. Pრო D2-ის მორიგი ტური 8-9 სექტემბერსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია