ამბები

13:42 | 4.09.2012 | ნანახია 1689 - ჯერ

ჯოგლიძემ “სპარტაკს” ვერ უშველა, “ენისეიმ” ვვა დაიფრინა

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის XV ტურში, ქართველების “სპარტაკი” პრინციპულ მატჩში უშუალო კონკურენტ “იმპერიას” პირველი ტაიმის შემდეგ 12:5 უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 12:14 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეტოქის უკან მოტოვების შანსი ხელიდან გაუშვა.
ორივე ეს გუნდი რვა საუკეთესოს შორის მოსახვედრად იბრძვის და მათ ჯახში ბევრი რამ უნდა გადაწყვეტილიყო, რამაც თამაშს ნერვიული ფონი შესძინა. საკუთარი კორექტივები წვიმამაც შეიტანა. სველ მოედანზე ორივე გუნდი ფეხით თამაშს ცდილობდა, რათა ბურთი მეტოქის მოედანზე გადაეტანა, იქ უპირატესობა მოეპოვებინა და ჯარიმით ქულები დაეგროვებინა. ანგარიში “იმპერიამ” ლელოთი გახსნა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა.
შესვენებამდე 20 წუთზე მეტი რჩებოდა და ეს პერიოდი “ლელოს” აღზრდილი გოდერძი ჯოგლიძის ბენეფისად იქცა. შესვენებამდე მას ოთჯხერ მიეცა ჯარიმის შესრულების უფლება, თავისი სნაიპერული თვისებები გამოავლინა და ოთხივე დარტყმა უზადოდ შეასრულა, მათ შორის ერთი - ზუსტად ცენტრიდან. შედეგად, “სპარტაკმა” ტაიმი 12:5 მოიგო და მეორე ტაიმში 7-ქულიანი უპირატესობის დასაცავად მოემზადა. მოსკოველებს რაღაც ეტაპზე ეს გამოსდიოდათ კიდეც და პენზელებს ლელოს გატანის საშუალება არ მოსცეს, მაგრამ მერე მასპინძლებმა გეგმებში ცვლილებები შეიტანეს, აქცენტი ჯარიმების გამოყენებაზე გააკეთეს და არც შემცდარან.
რთული პოზიციიდან გატანილ ჯარიმას, მალე არეკნი მოყვა, სულ ბოლოს კიდევ ერთი ჯარიმა გავიდა და “იმპერია” 14:12 დაწინაურდა. დარჩენილ დროში “სპარტაკი” ბევრს ეცადა, მაგრამ მასპინძელთა დაცვის გარღვევა ვეღარ მოახერხა, მცირე სხვაობით დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. 14 თამაშიდან 16 ქულით “სპარტაკი” მე-8 ადგილზე რჩება, მაგრამ უკვე 6 ქულით ჩამორჩება “იმპერიას”, მხოლოდ 2 ქულას უგებს უახლოეს მდევარ “ბულავას”, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული; და 3 ქულას უგებს აუტსაიდერ “ფილის”.
“იმპერიას” წინააღმდეგ გამართული მატჩი სრულად ჩაატარეს ერისთავმა, კვანთიძემ, კვერნაძემ, მინაძემ, მახარობლიძემ, ადანაიამ და ჯოგლიძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ხეჩიკოვი (68-ე წუთზე შეცვალა კიკვაძემ), გოგლიჩიძე (68 დახუნდარიძე) და თუთბერიძე (ითამაშა 75 წუთი).
ნამატჩევს “სპარტაკის” ადმინისტრატორმა შაკო ძაგნიძემ განაცხადა, რომ გუნდმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა და ამის გამო დაისაჯა.
“ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, ძალიან ადრე ვირწმუნეთ გამარჯვების. მეორე ტაიმში უამრავი არასაჭირო შეცდომა დავუშვით, შეტევაში გაუგებრად ვმოქმედებდით. ვფიქრობ, ეს დაღლილობის ბრალია, რაც მოედნის სიმძიმემ განაპირობა”, - თქვა ძაგნიძემ.
3 სექტემბერს გაიმართა რუსეთის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩიც, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნის ორი წამყვანი კლუბი და ბოლო წლების ჩემპიონები დაუპირისპირდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, რატი ურუშაძის და ქუთაისში აღზრდილი, რუსეთის პასპორტის მქონე ვალერი ცნობილაძის “ენისეი-სტმ”-მა კრასონიარსკში მონინოს “ვვა-პოდმოსკოვიეს” უმასპინძლა და 51:18 გაანადგურა. ეს ყველაზე სამარცხვინო მარცხია პოდმოსკოვიელებისთვის უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. “ენისეი” რუსეთის ჩემპიონატში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება (15 თამაში, 15 მოგება და 72 ქულა) და რეგულარული პირველობის მოგება პრაქტიკულად განაღდებული აქვს.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137844