იყო დრო, როდესაც საქართველოს რაგბის კავშირს სავარჯიშოს ვინ ჩივის და, სათამაშო მოედნებიც კი არ ჰქონდა. წვიმის შემთხვევაში თამაშები ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა. ამ მხრივ სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა. სრკ-ის მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ ტერიტორიები გამოყო, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მეშვეობით” კი, იქ სტადიონები აშენდა. რამდენიმე სტადიონის მშნებელობა ახლაც მიმდინარეობს და სარაგბო ინფრასტრუქტურა დღითიდღე ვითარდება, რაც უდავოდ სასიხარულოა. ახლა წვიმის გამო თამაშების გადადება საჭირო აღარაა და ისინი მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიან მოედნებზე იმართება, რომელსაც წვიმა ვერაფერს აკლებს.
მაგრამ სწორედ ეს ხელოვნურსაფარიანი მოედნები იქცა ერთგვარ პრობლემად. საქმე ისაა, რომ გულშემატკივრისთვის მასზე მიმდინარე თამაშის ყურება სასჯელის ტოლფასია. არც “შევარდენზე” და არც “ავჭალაზე”, ხელოვნური მოედნების გარშემო ტრიბუნები ისე არაა მოწყობილი, რომ იქიდან მაყურებელს მატჩის მსვლელობისთვის თვალის მიდევნება სათანადოდ შეეძლოს. ორ რიგად ჩაწყობილ სკამებს ღობე ისე ეფარება, რომ თამაშის ყურებისას თვალები უეჭველად აგიჭრელდება. თუ ადგილს ძირითად ტრიბუნაზე დაიკავებ, სიშორის გამო იმის გარჩევა, რაც მოედანზე ხდება, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. თუ ძირითად ტრუბუნაზე “ავჭალის” სტადიონზე დაჯექი, მაშინ შესაძლოა საღამოს კისერმა შეგაწუხოს (გამუდმებით მარჯვნივ ყურების გამო).
ახლა ამ პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩების მსვლელობისას, იმის გამო, რომ მორაგბეებმა არ იცოდნენ, ბუნებრივ საფარზე ითამაშებდნენ თუ ხელოვნურზე, რკინის ქაცვებიანი ბუცები ჩაიცვეს, რომლითაც ხელოვნურ ხალიჩაზე გასვლა კატეგორიულად აკრძალულია და პრობლემებიც გაჩნდა. თამაშები რამდენიმე წუთით იმის გამო შეწყდა, რომ სტადიონის დირექციამ ზოგიერთ მორაგბეზე სწორედ აკრძალული ბუცი შენიშნა. სანამ ამ მოთამაშემ თანაგუნდელისგან სხვა, თავისი ზომა ბუცი ინათხოვრა, ან ვინმე მისი თანაგუნდელი გასახდელში გაიქცა ახლის მოსატანად, გვარიანი დრო გავიდა.
სტადიონებს მოფრთხილება უნდა და რაგბის კავშირის გადაწყვეტილება, რომ წვიმის დროს ბუნებრივ საფარს გაუფრთხულდეს, ერთის მხრივ სავსებით მისაღებია, მაგრამ გაფრთხილება უნდა ხელოვნურ საფარსაც და გულშემატკივარსაც. ადამიანს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საყურებლად “ავჭალაზე” მივა და კისერი ატკივდება, დამიჯერეთ, მეორედ იქ მისვლის სურვილი აღარ გაუჩნდება, არადა, სპორტის რაიმე სახეობის პოპულარიზაცია არა მხოლოდ მოთამაშეთა ზრდით, მაყურებელთა დასწრებითაც განისაზღვრება.
ამასთან, სველი ბალახი და წვიმა სპორტის ამ სახეობის განუყოფელი ნაწილია და მე თუ მკითხავთ, რაგბის ყურება წვიმაში და ნახევრად ატალახებულ მოედანზე უფრო სასიამოვნოა (ვარკეთილის მეურნეობის მოედანი არ იგულისხმება, სადაც მხოლოდ უსწორმასწორო ტალახია), ვიდრე წვრილ ოთკუთხედებს იქით, სადღაც შორს, კედლის მიღმა, სადაც შეგიძლია მხოლოდ ივარაუდო, რა მოხდა, თორემ დანახვით ვერაფერს დაინახავ. წვიმაში რაგბის ყველგან თამაშობენ და გასაგებია, რომ ჩვენ მათი დარი მოვლის შესაძლებლობები შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ ბუნებრივი მოედნები მეტად დაიტვირთება და ამით თავად მორაგბეებიც ისიამოვნებენ და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება.
და ერთი აუცილებელი, ალბათ მაყურებელთა სიამოვნებაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტიც. საქვეყნოდ ცნობილია, რომ რა მაღალი დონისაც უნდა იყოს ხელოვნური საფარი, მასზე ტრავმის მიღების რისკი ერთიორად მაღალია, ვიდრე ბუნებრივ საფარზე. აქ საუბარია იმ სახის ტრავმებზე, როგორიცაა კუნთის დაჭიმვა, მყესის გაწყვეტა, რისი მოწმენიც ბოლო დროს არაერთხელ გავმხვდარვართ. ერთია, როდესაც ხელოვნურ საფარს ესა თუ ის გუნდი პერიოდულად (და არა მუდმივად), უამინდობის დროს სავარჯიშოდ, კომბინაციების დასახვეწად იყენებს და მეორე - იქ თამაში. თამაშის მსვლელობისას, როდესაც მორაგბე უკიდურესად მობილიზებული და დაძაბულია, უკონტაქტოდ ისე შავდება, რომ მერე სამკურნალოდ დიდი ხარჯის გაწევა (ხშირ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო) უწევს და დიდი დროც უცდება.
2011 წლის ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფა” ამის უტყუარი ფაქტია. ტურნირამდე საქართველოს ნაკრები გამუდმებით ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობდა, რის შემდეგაც სათამაშოდ ბუნებრივ მოედანზე გავიდა და დაახლოებით 15 წუთში ლამის მთელი გუნდი კუნთდაჭიმული იწვა. ამ მიზეზების გათვალისწინებით, IRB რეკომენდაციას იძლევა, რომ ხელოვნური საფარი (რომელთა მოწყობაც სწორედ IRB-ს დაფინანსებულია, მაგრამ მისი ეგიდით ჩატარებული თამაშები იქ არასდროს იმართება) მხოლოდ სავარჯიშოდ გამოიყენონ და ვფიქრობ, მათი რეკომენდაციის გათვალისწინება ქართული რაგბისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია