საქართველოს რაგბის კავშირი ცდილობს, ქართული რაგბის გულშემატკივარს კიდევ უფრო ახლოს გააცნოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები, მათი სპორტული კარიერა და ყოველდღიური ცხოვრება. სამშობლოდან შორს მყოფი ბიჭების განცდები, სურვილები, თუ როგორია მათი ერთი ჩვეულებრივი დღე და როგორია მათი ცხოვრება რაგბს მიღმა.
ამჯერად გულშემატკივარს ვთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული გრანდის - “კლერმონ ოვერნის” მესამეხაზელ ვიტო კოლელიშვილთან.
ვიტომ რაგბის თამაში “ლელოში” დაიწყო. მისი ასაკის ბიჭებს შურა თაყაიშვილი ავარჯიშებდა, შემდეგ იყო პირველი გუნდი, რომელსაც სათავეში ლევან მაისაშვილი ედგა და დღესაც განაგრძობს თავის საქმიანობას. ვიტომ ეროვნული ნაკრებისაკენ მიმავალი საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, იყო ახალგაზრდული ნაკრებისა და “ა” ნაკრების წევრი. შემდეგ მოხვდა ფრანგული “კლერმონ ოვერნის” “ესპუარების” გუნდში, სადაც ორჯერ ზედიზედ - 2010/11 და 2011/12 სეზონში თანატოლებს შორის საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გასულ გაზაფხულზე 22 წლის კოლელიშვილმა ფრანგულ გრანდთან პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მალევე მისი დებიუტი პირველ გუნდშიც შედგა. საფრანგეთის ჩემპიონატი ახლახანს დაიწყო. “კლერმონი”, ისევე, როგორც ყოველთვის, ჩემპიონობისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებს.
- ვიტო გამარჯობა, როგორ ხარ?
- ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად მიდის. უკვე მესამე სეზონია “კლერმონში” ვარ და პირველ გუნდში ვირიცხები.
- თავიდან ალბათ გაგიჭირდა - განსხვავებული რაგბი, განსხვავებული ქვეყანა, კულტურა.
- თავიდან ასეთი ცვლილებები ყველასთვის ძნელია. არავის არ ვიცნობდი, ფრანგული არ ვიცოდი, ოჯახი შორს იყო და რა თქმა უნდა გამიჭირდა. დათო ზირაქაშვილი რომ არა, ალბათ კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. ყველაფერში მეხმარება და გვერდში მიდგას. სულ ერთად ვართ. კლუბის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეებმაც კარგად მიმიღეს. ასე, რომ რთული პერიოდი უკვე გავლილია.
- პირველ ჯერზე “კლერმონის” ესპუარებში ჩაირიცხე?
- ძალიან კარგი სკოლა გამოვიარე. ჩემთან ერთად რამოდენიმე ბიჭმა გააფორმა პროფესიონალური კონტრაქტი პირველ გუნდთან. ესპუარებში ორჯერ ზედიზედ საფრანგეთის ჩემპიონი გავხდი, რაც “კლერმონის” სარაგბო სკოლის სიძლიერეზე მეტყველებს.
- გუნდის მთავარი მწვრთნელი ზელანდიელი ვერნ კოტერია?
- “კლერმონი” ძლიერი გუნდია, რაც შეეხება ვერნ კოტერს, იგი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. დავალებებს მაძლევს, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ვცდილობ მის მიერ მოცემული დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო.
- პირველ გუნდში ჯერ “ძირითადში” ვერ ხვდები?
- “ესპუარებიდან” პირველ გუნდში გასულ წელს ამოვედი, ადვილი ნამდვილად არ არის ასეთ მცირე დროში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, ძალიან ძლიერი კონკურენციაა. ასეთი მაღალი კონკურენცია მესამე ხაზში, მგონი არცერთ სხვა გუნდში არაა. მაქსიმალურად ვცდილობ მწვრთნელის მიერ მოცემული დავალებები შევასრულო, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
- შემდეგ თამაში კვირას “რასინ მეტროს” წინააღმდეგ გაქვთ ?
- მე სამწუხაროდ არ ვთამაშობ. დათო, როგორც ყოველთვის ძირითადშია. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და კარგი მატჩი იქნება. ჩემპიონატი ჯერ ახლახან დაიწყო. ორი თამაში ვითამაშეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. საკმაოდ გრძელი და მომქანცელი ჩემპიონატი გველოდება.
- კლერმონში სად ცხოვრობ?
- სტადიონთან ახლოს, ასე მირჩევნია. კარგი ადგილია, თან კლერმონი არც ისე დიდი ქალაქია, სახლიდან ნებისმიერ წერთილში მოხვედრა ძალიან ადვილია.
- მანქანა თუ გყავს ?
- დიახ, “რენო კლიო”. 6 ლიტრს წვავს ას კილომეტრზე, თან ნახევრად ჰიბრიდული ძრავი აქვს, გარემოს 50%-ით ნაკლებად აბინძურებს. კარგი მანქანაა.
- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- დილას 8 საათზე ვიღვიძებ, რათა 08:30 უკვე ბაზაზე ვიყო. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, შემდეგ შესახვევად ექიმთან შევდივარ. ათ საათზე ვარჯიში იწყება, რის შემდეგაც მთელი გუნდი ერთად ვსადილობთ კლუბის სასადილოში, ან სტადიონის გვერდით არის კარგი რესტორანი და იქ. მეორე ვარჯიში უკვე ფიზიკური მომზადებაა, რომელიც 17:00, ან 18:00 მთავრდება. ვარჯიშის შემდეგ თავისუფალი ხარ, თუმცა საკმაოდ დაღლილი და იცი, რომ ხვალ ასეთივე რეჟიმში მოგიწევს ყოფნა, ამიტომ ძირითადად სახლში მივდივარ და ვისვენებ.
- თავისუფალ დროს სად და როგორ ატარებ?
- თავისუფალ დროს ძირითადად დათოსთან და გიორგი შარაშიძესთან ერთად ვატარებ. გიორგი “კლერმონის” “ესპუარებში” თამაშობს. ხან ერთმანეთთან მივდივართ სტუმრად, ხან ქალაქში რომელიმე ბარში ვიკრიბებით. როდესაც დრო მაქვს, საფრანგეთში მყოფ ნაკრების წევრებს ვხვდები.
- საქართველოს ნაკრებში როგორ მოხვდი?
- ალბათ ყველა ადამიანისთვის ეროვნულ გუნდში თამაში საოცნებოა და თუ ასეთი პატივი გერგო, დაუვიწყარი, აუხსნელი სიხარულის გრძნობა გეუფლება. ჩემი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს იტალიის “ა” ნაკრებთან შედგა. ის თამაში მოვიგეთ. ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი, თან გვერდში ძალიან გამოცდილი და კარგი ბიჭები მედგნენ.
- იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რაგბის თამაშს იწყებენ, რას ურჩევ?
- ვთვლი, რომ ჯერ თავად მაქვს ბევრი რამ სასწავლი და ვინმესთვის რჩევის მიცემა ცოტა მიჭირს. ერთი რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ მთავარია შრომა და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია