“ოთხი ერის” გათამაშება ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება და დიდი შანსია, მესამე რაუნდის თამაშების შემდეგ თასის მაძიებელი გუნდების რაოდენობა ორამდე დავიდეს. ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები, გამარჯვების შემთხვევაში დანარჩენ ორს საგრძნობლად ჩამოიტოვებენ და ტიტულის მფლობელის ვინაობასაც მერე ურთიერთშეხვედრებში გაარკვვენ.
ორიდან პირველი მატჩი თბილისის დროით 11:35 საათზე ველინგტონში დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონი და ამ გათამაშების ლიდერი ახალი ზელანდია დებიუტანტ არგენტინას დაუხვდება. “ოლ ბლექსი” უპირობო ფავორიტია და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციებს გაიმყარებს. ერთი შეხედვით უიმედო “პუმებს” სულ სხვა ამოცანა აქვთ, მათ პოზიციები სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებში უნდა გაიმყარონ და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ისინი დიდი ანგარიშით არწაგებისთვის უფრო იბრძოლებენ, ვიდრე გამარჯვებისთვის.
ზელანდიამ საწყისი ორი თამაში ავსტრალიას მოუგო, მაგრამ ორი კვირის წინანდელ შემადგენლობაში, ამჯერად ერთბაშად ექვსი ცვლილების გაკეთება მოუხდათ. რაგბი-ლიგაში გადასული სონი-ბილი უილიამსის ნაცვლად უკანა ხაზში შუამარბად გამოჩნდა კონარდ სმიტი, ხოლო გარემარბი ჰოსეა გიარი ახალგაზრდა ჯულიან სავეამ შეცვალა, რომელმაც ივნისის ტესტებზე ირლანდიასთან საოცრად ითამაშა და სამი ლელო მიითვალა. ტრავმა გაუმიზეზდა მგეზავ დენ კარტერს და ადგილი აარონ კრუდენს დაუთმო. შერკინების პირველ ხაზში ვაით ქროქეთის ნაცვლად დაბრუნდა ტონი ვუდკოკი. ძირითად შემადგენლობაში დაწინაურდნენ ბროდ რეთალიქი და ვიქტორ ვიტო, ხოლო სემ ვაიტლოკი და ლაიემ მესამი სათადარიგოთა შორის იქნებიან.
1985 წლიდან დღემდე, ეს გუნდები ერთმანეთს სულ 14-ჯერ შეხვდნენ და 13-ჯერ გამარჯვება ზელანდიელებს დარჩათ, ერთი ჯახი კი ფრედ დასრულდა. მათი ბოლო შეყრა 2011 წლის მსოფლიო თასზე შედგა და ველინგტონში მასპინძლებმა 33:10 იმარჯვეს.
არგენტინის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში განცდილი მარცხის შემდეგ, “სპრინგბოკს” სახლში დიდი ბრძოლა გაუმართა და მეტოქე ფრეს დააჯერა - 16:16. არადა, “პუმები” თითქმის მთელი მატჩი იგებდნენ და მიზანთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა, ეს შედეგი იმდენად მისაღები აღმოჩნდა, რომ ისტორიულ ფრეზე დღესაც სიამაყით საუბრობენ. ორი კვირის წინ თავგამოჩენილ შემადგენლობაში სულ ორი ცვლილებაა - დაბრუნდა მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი და მესამეხაზელი ხუან მანუელ ლეგიზამონი. არგენტინელებისთვის ცუდი ისაა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჰაერში ძალიან დიდი დრო გაატარეს და ამან შესაძლოა მათ თამაშზე გარკვეული გავლენა იქონიოს.
სამი საათის შემდეგ, პერთში ავსტრალიის ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუხვდება და “ოთხ ერზე” პირველი გამარჯვების თუ არა, პირველი ქულების აღებას ეცდება. სამხრეთ აფრიკას კი, თითქმის 11 თვის შემდეგ, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში განცდილი მარცხისათვის რევანშის შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია ისიც, რომ აფრიკელები “კენგურუებთან” ბოლო ოთხ თამაშში დამარცხდნენ, უკანასკნელი 7 დაპირისპირებიდან კი, მხოლოდ ერთი მოიგეს. სამაგიეროდ, “სპრინგბოკს” პერთში ჩატარებული ბოლო ჯახი მოგებული აქვს (2009 წელს 32:25) და სამი წლის წინანდელი წარმატების გამეორებას ახლაც ეცდება.
ავსტრალიის ნაკრებში 15 ნომრად ქერთლი ბილის დაბრუნებამ გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. უნივერსალმა ადამ ეშლი-კუპერმა შუამარბად გადაინაცვლა, ხოლო გარემარბად დრიუ მიჩელის ნაცვლად დომინიკ შიპერლი დადგება. შერკინების პირველ ხაზში სტივენ მური ტატაფუ პოლოტა-ნაუმ ჩაანაცვლა, ხოლო მესამე ხაზში სკოტ ჰიგინბოთამის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში რადიკ სამო გამოჩნდა. ცვლილებებია სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაშიც: 9 ნომერზე რუან პიენაარის გამოჩენის გამო, ფრანსუა ჰუგარდი გარემარბად ითამაშებს.
8 სექტემბერი. “ოთხი ერი”. III რაუნდი
ახალი ზელანდია. ველინგტონი. “ვესტპაკ სტედიუმი”.
ახალი ზელანდია - არგენტინა (11:35 თბილისის დროით)
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრუდენი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. ბროდ რეთალიქი, 6. ვიქტორ ვიტო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ჩარლი ფაუმუინა, 18. სემ ვაიტლოკი, 19. ლაიემ მესამი, 20. პირი ვეეპუ, 21. ბოდენ ბარეტი, 22. ბენ სმიტი.
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგისამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. მარკოს აერსა, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. ლეონარდო სენატორე, 20. ტომას ლეონარდი, 21. მარტინ ლანდახო, 22. ლუკას გონსალეს-ამოროსინო.
ავსტრალია. პერთი. “პათერსონსი”.
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა (14:35 თბილისის დროით)
ავსტრალია: 15. ქერთლი ბილი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. უილ გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტალეკი ტიმანი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლაიამ გილი, 20. ნიკ ფიპსი, 21. მაიკ ჰარისი, 22. ენტონი ფაინგა.
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პიენაარი; 1. ბესტ მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. იოანდრე კრუგერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. ფრანსუა ლოუ, 20. იოან გუსენი, 21. პეტ ლამბიე, 22. ლუაზი მვოვო.
1 | ხალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 49-19 | 8 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 2 | 1 | 1 | 0 | 43-22 | 6 |
3 | არგენტინა | 2 | 0 | 1 | 1 | 22-43 | 2 |
4 | ავსტრალია | 2 | 0 | 0 | 2 | 19-49 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია