ამბები

10:17 | 8.09.2012 | ნანახია 2280 - ჯერ

“აია” თბილისში ჩემპიონთან ბრუნდება

საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის II რაუნდის ცენტრალურ შეხვედრაში, ერთმანეთს 2011 წლის ფინალისტები დაუპირისპირდებია. შარშან, გაზაფხული-შემოდგომას სისტემით ჩატარებული გათამაშების ფინალში, ქუთაისის “აიამ” საწყის ნახევარ საათში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თბილისის “არმიასთან” 22:29 დამარცხდა.
მას შემდეგ არმიელებმა ქუთათურებეს ჯერ თასის ნახევარფინალში აჯობეს, მერე კი, საგაზაფხულო ტურნირზე, მაგრამ ნახევარფინალის განმეორებით ჯახში “აიამ” შეძლო და ამ გუნდთან მარცხიანი სერია შეწყვიტა. ქუთაისელებს 8:6 მოგებამ ფინალის საგზური ვერ მოუტანა, მაგრამ ის კი აჩვენა, რომ “არმია” დაუმარცხებელი სულაც არაა. თუ რამდენად ძლიერი რწმენა გაუჩნდათ ქუთაისელებს, ეს “ავჭალაზე” 18 საათიდან გამოჩნდება. პირველ ტურში ორივე გუნდმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა. “არმიამ” კერკეტი “ჯიქები” 35:19 გატეხა, ხოლო “აიამ” “ბათუმის” წინააღმდეგობა ბოლოსღა დაძლია, საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე ლელო გაიტანა და 13:3 იმარჯვა.
მანამდე, 16 საათზე, ორი ქალაქის სამ სხვადასხვა სტადიონზე II რაუნდის სამი თამაში დაიწყება. ზემოთნახსენები “ჯიქები” “შევარდენზე” რუსთავის “ხარებს” დაუხვდებიან. პირველ ტურში ორივე გუნდი უქულოდ დარჩა და ახლა დანაკარგის ანაზღაურებას ეცდებიან. თბილისელებზე უკვე ვთქვით და “ხარები” “არმაზთან” იმავე “შევარდენზე” დამარცხდნენ (7:20), თანაც ისე, რომ მეტოქეს 0:20 ჩამორჩნენ და ერთი ლელო ბოლოსღა მიითვალეს. დებიუტანტობის მიუხედავად “ილიაუნი ჯიქი” საკმაოდ სიმპათიური, ახალგაზრდული, მებრძოლი გუნდია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლეულს, საგაზაფხულო ტურნირზე, “ხარებმა” მომავალ მეტოქეს 13:11 აჯობა. სავარაუდოდ, მაყურებელი წელსაც დაძაბულ ბრძოლას იხილავს.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ უმაღლესი ლიგა უბრუნდება ბათუმს, სადაც ადგილობრივი გუნდი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ლოკომოტივს” უმასპინძლებს. პირველ ტურში მოძლიერებულმა ბათუმელებმა “აიას” დიდი ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ. “ლოკომოტივმა” “ყოჩებთან” ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ 28:12 მაინც იმარჯვა. მართალია, “რკინიგზელებმა” ოთხი ლელო გაიტანეს, მაგრამ თავად ორი მიიღეს და პრემია ვერ აიღეს. ახლა მათ უფრო მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ “ანგისაზე” შეკრებილი მაყურებელიც საინტერესო ბრძოლით ისიამოვნებს. გაზაფხულის ტურნირზე “ლოკომოტივმა” ფინალში ითამაშა და წარმატების მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდა, ფინალში “არმიასთან” ბოლო წუთებზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა (12:13), ახლა კი, ტიტულების კოლექციის შევსებას ეცდება.
სანამ “ავჭალის” მოედანზე “არმია” და “აია” გავლენ, 16 საათზე დედაქალაქურ დერბიში უძველესი ქართული კლუბი “ყოჩები” “ლელოს” ეთამაშება. “ყოჩებს” ახლა მძიმე დროება უდგას და უმთავრეს ამოცანად უძლიერესთა შორის დარჩენა აქვს დასახული, მაგრამ სიურპრიზებზე უარს არ ამბობს და როგორც ზემოთ ვახსენეთ, 21 ქულიანი დეფიციტის შემდეგ პირველ ტურში “ლოკომოტივს” ორი ლელოთი სიტუაცია დაუძებეს. ისინი ახლაც იმავეს ეცდებიან, მაგრამ ამბიციურმა “ლელომ” საკუთარი გეგმების სერიოზულობა პირველ წრეში “აკადემიის” ნულზე დატოვებით დაამტკიცეს და დაგეგმილი ქულების აღებას ახლაც ეცდებიან.
კვირას, 16 საათზე, “შევარდენზე” ტურის დასკვნით მატჩში “აკადემია” “არმაზს” ეთამაშება. არმაზელებმა ირაკლი მაჩხანელის სახით სოლიდური შევსება რომ მიიღეს “ხარებს” იოლად სძლიეს, აკადემიელებს კი, ჯერ ისევ ძალიან უჭირთ და წარმატების მისაღწევად მეტი მობილიზება მართებთ.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. II რაუნდი
8 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00

ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ბათუმი. “ანგისა”. 16:00
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)


9 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

 

1. ლელო 1 1 0 0 25-0 5
2. არმია 1 1 0 0 35-19 5
3. ლოკომოტივი 1 1 0 0 28-12 4
4. არმაზი 1 1 0 0 20-7 4
5. აია 1 1 0 0 13-3 4
6. ბათუმი 1 0 0 1 3-13 0
7. ხარები 1 0 0 1 7-20 0
8. ჯიქები 1 0 0 1 19-35 0
9. ყოჩები 1 0 0 1 12-28 0
10. აკადემია 1 0 0 1 0-25 0


ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106861