ამბები

15:03 | 9.09.2012 | ნანახია 1866 - ჯერ

ზელანდიამ არგენტინა მძიმე ჯახში დაამარცხა

“სამი ერის” ნამატმა არგენტინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული იყო. სამხრეთ აფრიკასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონს, რეიტინგლიდერსა და “ოთხი ერის” ლიდერ ახალ ზელანდიას მაგრად დაუდგნენ და თითქმის საათი ვერავინ იტყოდა, გამარჯვება ვის დარჩებოდა.
პირველ ტაიმში “ოლ ბლექსი” ვერაფრით სჯობდა არგენტინას და სამხრეთამერიკელები ცოტა თამამები რომ ყოფილიყვნენ, ეგებ ანგარიშში უპირატესობაც მოეპოვებინათ. მაგრამ მათ მთავარი აქცენტი დაცვაზე აიღეს და ამ კომპონენტში ძალიან კარგადაც ითამაშეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ზელანდიელები მარცხთან ასე ახლოს აღარ ყოფილან, მაგრამ ველინგტონში შეკრებილი მაყურებელი ჯულიან სავეასა და კორი ჯეინის გვიანმა ლელოებმა დაამშვიდა.
თამაში ძლიერ წვიმასა და ქარში დაიწყო და ამან მის მსვლელობაზე თავისი გავლენა იქონია. ორივე გუნდის მორაგბეები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს და პირობებიდან გამომდინარე, ხშირად იყენებენ ფეხით ტაქტიკურ დარტყმებსაც. აარონ კრუდენმა პირველი ჯარიმა გააფუჭა, მაგრამ მეორე შანსი კარის გასწვრივ 21 მეტრიდან ხელიდან არ გაუშვა და ზელანდია მე-10 წუთზე დაწინაურდა.
არგენტინამ მალევე უპასუხა და ეს ზელანდიელთა შეცდომების სერიას მოყვა. ჯერ იყო და კორი ჯეინმა ვერ შეიმაგრა ფეხით გადაკიდებული ბურთი, მერე მაა ნონუ საკუთარი 22-დან ხელით ცდილობდა მის ატანას, მაგრამ შებოჭეს და ის წინ გადაუვარდა. არგენტინელებმა მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყეს მწვავე კონტრშეტევა, პირველი მიძალება ჩათვლის მოედნიდან სამიოდე მეტრში შეჩერდა, მერე რაქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი როდრიგო რონსერომ აიტაცა, კევინ მეალამუსთან და ბროდ რეთალიქთან შეჯახების შემდეგ ფეხზე დარჩა, თავისუფალი სივრცე ნახა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. მარტინ როდრიგესის რეალიზაცია ძელმა აისხლიტა და მე-13 წუთზე ანგარიში 3:5 გახდა.
“ოლ ბლექსმა” პასუხის ლელოთივე გაცემა გადაწყვიტა და ორჯერ დასარტყმელი პოზიციიდან ჯარიმა აუტში გაიტანა. არაფერი რომ არ გამოვიდა, კრუდენმა ისევ კარში დარტყმა გადაწყვიტა და 24-ე წუთზე დაახლოებით 40 მეტრიდან მასპინძლები დააწინაურა 6:5.
პერიოდულად, არგენტინა ძალიან კარგად უტევდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში საბოლოო ინიციატივას საკუთარ თავზე ვერავინ იღებდა და ფეხით ცდილობდა ფონს გასვლას, რასაც შედეგი არ მოყოლია.
ტაიმის მიწურულს არგენტინამ საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, ვიქტორ ვიტო თითქოს სალელოვედ გაიქცა, მაგრამ მარსელო ბოსხიმ საუცხოოდ ითამაშა და ის ხუთ მეტრში გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა.
ტაიმი 6:5 დასრულდა, მეორეს დასაწყისში კი, სტადიონზე შუქი ჩაქრა, მატჩის განახლება რამდენიმე წუთით დაგვიანდა და ამან თითქოს მორაგბეთა განწყობაზე იმოქმედა. სამაგიეროდ, ამინდიც დამშვიდდა და არგენტინას ზურგქარის უპირატესობა გამოაკლდა. ანგარიში 51-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც კრუდენმა ჯარიმა გაიტანა. მარტინ როდრიგესი ვალდებული იყო, ორიოდე წუთში ჯარიმითვე სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაეყვანა, მაგრამ უეჭველად გასატანი პოზიციიდან ჯარიმა საშინლად შეასრულა.
57-ე წუთიდან ზელანდია ისე ათამაშდა, როგორც მისგან ყველა ელოდა. მასპინძლებმა მეტოქის შერკინება მოიგეს, მერე რიჩი მაკქოუმ გაჭრა ხაზი და “ოლ ბლექსი” არგენტინელთა ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუახლოვდა. “პუმებმა” ჯარიმის ხარჯზე შეძლეს სალელოვე შეტევის შეჩერა, ზელანდიელებმა გაათამაშეს და მიეძალნენ, მერე ხაზზე გაშალეს, ხულიო ფარიას კაბელომ განზრახ პასის ჩაჭრისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და არგენტინა 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. კრუდენმა გასატანი პოზიციიდან კარში დაარტყა, ბურთი ჯერ ერთმა ძელმა აისხლიტა, მერე მეორემ და ანგარიში უცვლელი დარჩა, მაგრამ ახალი ზელანდია უკვე საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა.
მეტობაში მყოფმა ზელანდიამ შეუტია, რამდენიმე სალელოვე შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ 67-ე წუთზე, დაცვაში თავდადებით მობურთალი არგენტინა გატყდა. მრავალფაზიანი, მოკლე დარტყმების შემდეგ, იერიში ხაზზე გაიშალა, კონარდ სმიტი ორ მცველზე წავიდა და ბოჭვისას მაა ნონუს გაუკეთა გადაცემა, მან უფრო მარცხნივ ჯულიან სავეა მოძებნა და მანაც ჩათვლის ხაზი უპრობლემოდ გადალახა. კრუდენს გარდასახვა გაუფუჭდა - 14:5.
ზელანდიამ უპირატესობა იგრძნო და ჯარიმა კარში აღარ დაარტყა. 72-ე წუთზე შერკინება ირჩია, ბურთი მარჯვენა ფლანგზე გაშალა და ალამთან ლელო კორი ჯეინმა მიითვალა. ამჯერად, კრუდენის გარდასახვა ზუსტი იყო და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.
ახლა არგენტინა ავსტრალიაში გადაინაცვლებს და ერთ კვირაში “კენგურუებს” დაუპირისპირდება, ახალი ზელანდია კი, სამხრეთ აფრიკას დაუხვდება და თუ ეს თამაშიც მოიგო, თასი თითქმის დაბევებული ექნება.

8 სექტემბერი. “ოთხი ერი”. III რაუნდი
ახალი ზელანდია. ველინგტონი. “ვესტპაკ სტედიუმი”.
ახალი ზელანდია - არგენტინა 21:5 (6:5)
ახალი ზელანდია:
15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრუდენი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. ბროდ რეთალიქი, 6. ვიქტორ ვიტო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ჩარლი ფაუმუინა, 18. სემ ვაიტლოკი, 19. ლაიემ მესამი, 20. პირი ვეეპუ, 21. ბოდენ ბარეტი, 22. ბენ სმიტი.
2 ლელო: ჯულიან სავეა, კორი ჯეინი
1 გარდასახვა: აარონ კრუდენი
3 ჯარიმა: აარონ კრუდენი
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგიზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. მარკოს აერსა, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. ლეონარდო სენატორე, 20. ტომას ლეონარდი, 21. მარტინ ლანდახო, 22. ლუკას გონსალეს-ამოროსინო.
1 ლელო: როდრიგო რონსერო
1 სინბინი: ხულიო ფარიას კაბელო
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.186033