ამბები

18:42 | 9.09.2012 | ნანახია 1572 - ჯერ

ავსტრალიამ “ოთხ ერზე” პირველი გამარჯვება იზეიმა

ავსტრალიის ნაკრებმა “ოთხი ერის” გათამაშებაში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა და “ნელსონ მანდელას სინის” შენარჩუნებისკენ, რომელიც მისი და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირებისას თამაშდება, ერთი ნაბიჯი გადადგა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 13:6 დაწინაურდნენ, მაგრამ მე-2 ნახევარში მისი შენარჩუნება ვეღარ შეძლეს და 70-ე წუთზე გაშვებული ლელოთი დამარცხდნენ.
მატჩის დებიუტში აფრიკამ აგრესიულად შეუტია და მორნი სტეინმა 42 მეტრიდან არეკნით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, მე-3 წუთზე, მისი 30 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა ზუსტი იყო და ანგარიში გაიხსნა.
მე-17 წუთზე უკვე აფრიკელები დაჯარიმდნენ და ბერიკ ბარნსმა კარის გასწვრივ 20 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა.
“ბოკემ” სწრაფადვე უპასუხა. განახლდა თუ არა თამაში, მათ მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს, მორნი სტეინმა ორჯერ სცადა იერიშის დაგვირგვინება და ორჯერვე მაშინ შეაჩერეს, როდესაც ჩათვლის მოედნამდე ნახევარი მეტრიღა რჩებოდა. მეორე ჯერზე ყველაზე სწრაფად სიტუაციაში ბრაიან ჰაბანა გაერკვა, რაქიდამ ბურთი აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეხტა, ხოლო მორნი სტეინმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მალევე მან 45 მეტრიდან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და “ბოკეს” უპირატესობა ათ ქულამდე გაიზარდა, რაზეც ბარნსმა ორიოდე წუთში ასევე შორეული დარტყმით უპასუხა - 6:13.
34-ე წუთზე, სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ. ბესტ მტავარირამ უბურთო ავსტრალიელი წააქცია, რომელიც ფეხით გადაკიდებულზე თამაშს ცდილობდა და სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, შესვენებამდე ინიციატივა აფრიკელთა მხარეს იყო და მასპინძლებს ჩამორჩენის შემცირების შანსი არ მისცემიათ, მაგრამ მე-2 ტაიმში, უკვე სრული შემადგენლობით მოთამაშე სამხრეთ აფრიკამ მეტოქის იერიშებს ვეღარ გაუძლო.
მე-2 ნახევარი კვლავ მორნი სტეინის არეკნის გატანის მცდელობით დაიწყო, მაგრამ დარტყმა ისევ არაზუსტი აღმოჩნდა. მერე ავსტრალიამ შეუტია კარგად, მეტოქეს საკუთარ 22-ში დაჯარიმება აიძულა და ბარნსმა ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა. მორნიმ თამაშის განახლებისთანავე მიიღო სტატუსქვოს აღდგენის საშუალება, მაგრამ არცთუ ცუდი პოზიციიდან ჯარიმა გააფუჭა.
აფრიკელები შეტევებს განაგრძობდნენ, მაგრამ ავსტრალია დაცვაში კარგად თამაშობდა, 56-ე წუთზე, მეტოქის 22-თან დერეფანი მოიგო, რამდენიმე ფაზით წინ წაიწია, მერე შეცვლაზე ორიოდე წუთით ადრე შესულმა სკოტ ჰიგინბოთამმა ხაზი გაჭრა და ლელო ლამის ძელებსშუა გაიტანა, ბარნსმა კი გარდასახვა გამოიყენა და ავსტრალია 16:13 დაწინაურდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-60 წუთზე გაათანაბრეს, როდესაც ჯარიმის დარტყმა ფრანსუა სტეინმა ითავა და მიზანმა არ უმტყუნა. ბარნსმა გასატანი ჯარიმით ავსტრალიელებს უპირატესობა ორიოდე წუთში დაუბრუნა, რაზეც სტეინმა ჯარიმითვე ხუთ წუთში უპასუხა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა.
განახლდა თუ არა თამაში, ავსტრალიამ შეუტია, ბენ ალექსანდერმა სიჩქარეში მიიღო ბურთი, ის ვეღარავინ შეაჩერა, 10 მეტრი მცველებთან ჭიდილში დაფარა და გამარჯვების ლელო გაიტანა, ბარნსმა კი, გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ ეპიზოდში ავსტრალიელთათვის ცუდი ის მოხდა, რომ ტრავმა მიიღო უილ გენიამ. როგორც შემდგომში გაირკვა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და ის ნაკრებს “ოთხ ერზე” ვეღარ დაეხმარება. უფრო მეტიც, გენიას 6 თვით მოუწევს უქმობა.
სამხრეთ აფრიკამ ბოლომდე იბრძოლა, ჯარიმები კარში აღარ ურტყა, მაგრამ ლელოს გატანაც ვერ მოახერხა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ახლა სამხრეთ აფრიკა ზელანდიაში გადაინაცვლებს და თუ ტიტულის მოგების შანსის შენარჩუნება უნდა, “ოლ ბლექსთან” არ უნდა დამარცხდეს და მას ხუთქულიანი უპირატესობის გაზრდის საშუალება აღარ უნდა მისცეს.
ავსტრალიელები არგენტინას, გენიას, ჯეიმს ჰორვილისა და დევიდ პოკოკის გარეშე დაუხვდებიან და მოგებასთან ერთად, პრემიალური ქულის აღებაც უნდა სცადონ, “ოთხი ერისთვის” ბრძოლას რომ შერჩნენ.

8 სექტემბერი. “ოთხი ერი”. III რაუნდი
ავსტრალია. პერთი. “პათერსონსი”.
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 26:19 (6:13)
ავსტრალია
: 15. ქერთლი ბილი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. უილ გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტალეკი ტიმანი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ნიკ ფიპსი, 21. მაიკ ჰარისი, 22. ენტონი ფაინგა.
2 ლელო: სკოტ ჰიგინბოთამი, ბენ ალექსანდერი
2 გარდასახვა: ბერიკ ბარნსი
4 ჯარიმა: ბერიკ ბარნსი
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პიენაარი; 1. ბესტ მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. იოანდრე კრუგერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. ფრანსუა ლოუ, 20. იოან გუსენი, 21. პეტ ლამბიე, 22. ლუაზი მვოვო.
1 ლელო: ბრაიან ჰაბანა
1 გარდასახვა: მორნი სტეინი
4 ჯარიმა: მორნი სტეინი (2), ფრანსუა სტეინი (2)
სინბინი: ბესტ მტავარირა
 

1   ახალი ზელანდია 3 3 0 0 70-24 12
2 სამხრეთ აფრიკა 3 1 1 1 62-48 7
3 ავსტრალია 3 1 0 2 45-68 4
4 არგენტინა 3 0 1 2 27-64 2



IV რაუნდი. 15 სექტემბერი
ავსტრალია - არგენტინა, ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.163839