ამბები

13:48 | 10.09.2012 | ნანახია 2196 - ჯერ

კაკოვინის წარმატებული დებიუტი “ტულუზაში”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა ვასილ კაკოვინმა ფრანგული გრანდის, “ტულუზას” შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და “აჟენის” განადგურებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
22 წლის კაკოვინი ტრავმირებული იყო და ამის გამო ახალი სეზონის საწყისი სამი ტური გამოტოვა. ამჯერად მწვრთნელმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შესვენებაზე შეცვალა. ტრავმები ჯერ არ მოუშუშებიათ და განაცხადში არ იყვნენ ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე. ტულუზელებმა პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანეს, თავად ერთი მიიღეს და ტაიმი 27:8 მოიგეს. მეორე ტაიმში მათ კიდევ ხუთი ლელო მიითვალეს და ჯამში “აჟენი” 62:13 გაანადგურეს. “ტულუზამ” პრემიალური ქულაც აიღო, ჯამში 15 დაუგროვდა და მე-3 ადგილზეა.
ოთხივე თამაში მოიგო და თოპ 14-ის სატურნირო ცხრილს 18 ქულით (2 პრემიალური) ლიდერობს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”. IV ტურში მისი მეტოქე “ბორდო” იყო. განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი მოხვდა, რომელმაც თამაში პირველივე წუთიდან დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მე-16 წუთზე დაშავდა, მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. ქართველ პირველხაზელს დამატებითი გამოკვლევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმეც მას შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ქუბრიაშვილის დაშავებიდან სამ წუთში, ტრავმა ჯონი უილკინსონმაც მიიღო და ისიც შეცვალეს. “ტულონმა” პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანა, დანარჩენი ქულები ჯარიმებით აგროვა და შესვენებაზე გასვლისას 13:6 იგებდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ოთხი ლელო მიითვალეს, შეხვედრა 42:12 მოიგეს და პრემიალური ქულაც აიღეს.
მძიმე თამაში მოიგო დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, რომელიც “რასინგ მეტროს” მასპინძლობდა. თამაშს 16286 მაყურებელი დაესწრო და “კლერმონი” დებიუტშივე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა მიიღო და ტაიმი 7:6 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში სტუმრებმა ჯარიმა და არეკნი მიითვალეს და 12:7 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა 64-ე წუთამდე ორი ჯარიმით უპასუხეს და თამაშიც 13:12 დასრულდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ზირაქაშვილი იყო, რომელმაც მოედანზე 48 წუთი გაატარა და შეცვალეს. “კლერმონს” 14 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.
უქართველებოდ ჩაიარა ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსესა” და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრის” დაპირისპირებამ, რომელიც ფრედ - 20:20 დასრულდა. “კასტრი” საათის თავზე 20:12 იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, 76-ე წუთზე კი, ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. “კასტრი” 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო 6-ქულიანი “სტად ფრანსე” მე-9 პოზიციას იკავებს.
“ბიარიცთან” სტუმრად 8:27 დამარცხდა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა გორგოძემ, განაცხადში არ ყოფილა ჟღენტი, ხოლო ნარიაშვილი შეცვლაზე 37-ე წუთზე შევიდა, მაგრამ 68-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. პირველი ტაიმი დაბალშედეგიანი აღმოჩნდა და ფრედ - 3:3 დასრულდა. სამაგიეროდ, 50-ე წუთიდან “ბიარიცმა” გაილაღა და 67-ეზე უკვე 27:3 იგებდა, რაზეც “მონპელიემ” ბოლო წუთზე ერთი ლელოთი უპასუხა და მეტოქეს პრემიალური ქულა არ ააღებინა. “მონპელიეს” 9 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში “გრენობლმა” “მონ დე მარსანი” 52:7 გაანადგურა, ხოლო “პერპინიანმა” “ბაიონს” 18:13 მოუგო. თოპ 14-ის მომდევნო ტური 14-15 სექტემბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105453