საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ PRO D2-ს სამი ტურის შემდეგ კარლენ ასეიშვილის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” ლიდერობს, რომელმაც სამივე თამაში მოიგო.
გასულ ტურში “ორიაკი” ელიზბარ ყუფარაძის “კოლომიეს” ეწვია და 29:22 დაამარცხა. ყუფარაძე განაცხადში იყო, სამაგიეროდ, სასტარტო შემადგენლობაში იყო სტუმართა გუნდის სამივე ლეგიონერი. სამწუხაროდ, ასეიშვილი დაშავდა და 23-ე წუთზე შესაცვლელი გახდა, შესვენებისას შეცვალეს ნაცარაშვილიც, ხოლო ნაკრების მეორეხაზელი დათუნაშვილი მატჩის განახლებიდან 3 წუთში გაიყვანეს მინდვრიდან. აღსანიშნავია, რომ “ორიაკმა” ტაიმი 20:9 მოიგო, ხოლო 46-ე წუთისთვის 26:9 დაწინაურდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩამორჩენის 4 ქულამდე დაყვანა შეძლეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე “ორიაკმა” ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გუნდმა სამივე თამაში კი მოიგო, მაგრამ პრემიალური ქულა ერთხელაც ვერ აიღო და 12 ქულა აქვს.
11 ქულით მეორე ადგილზეა გურამ კავთიძის “ლიონი”, რომელიც დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივს” სტუმრად დაუზავდა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ხინჩაგიშვილი იყო, რომელიც მე-60 წუთზე შველიძემ შეცვალა. ამ დროს ჩაერთო თამაშში ნატრიაშვილიც. რაც შეეხება კავთიძეს, ის მოედანზე 43-ე წუთზე შეუშვეს, მაგრამ ექვს წუთში ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
“ბრივმა” ტაიმი 6:3 მოიგო, 46-ე წუთისთვის კი, 16:3 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 62-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. დარჩენილ წუთებში მასპინძლები ერთხელაც დაწინაურდნენ, მაგრამ საპასუხო ჯარიმაც მალევე გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ - 19:19. “ბრივს” 6 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 6-6 ქულა აქვს მე-7-დან მე-12 ადგილამდე მყოფ 6 გუნდს.
ფრედ - 25:25 დაასრულა თავისი შეხვედრა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბმა”, რომელიც “უაიონას” მასპინძლობდა. ოთხივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო: მესამეხაზელი ჩხაიძე შესვენებისას შეცვალეს, პირველხაზელები დადუნაშვილი და მირცხულავა - 44-ე წუთზე, ხოლო ნემსაძემ შერკინების მეორე ხაზში 65 წუთი ითამაშა. მთელი თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. პირველი ტაიმის ბოლომდე, წინ “ტარბი” გადიოდა და “უაიონა” ათანაბრებდა, მაგრამ ბოლოს ტაიმი სტუმრებმა მოიგეს - 16:13. მერე სიტუაცია შეიცვალა და მასპინძლები 3 ქულით წინგასულ მეტოქესთან ანგარიშს 2-3 წუთში ათანაბრებდნენ. “ტარბი” 6 ქულით მე-11-ეა.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” ტარიელ რატიანიძის “დაქსს” უმასპინძლა და მომხვდური 22:9 დაამარცხა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48 წუთი ითამაშა, ხოლო რატიანიძე შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტაიმი 13:3 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მერე ქულებს მხოლოდ “ბეზიე” აგროვებდა, რომელმაც პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით მე-14 ადგილზეა. “დაქსი” ჯერაც უქულოდაა და ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” “პოსთან” 19:22 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. შერკინების მეორეხაზელმა მაისურაძემ და გარემარბმა თოდუამ სრულად ითამაშეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს პირველხაზელი თეთრაშვილი. “ალბის” საწყისი 20 წუთი ჩაუვარდა და მეტოქეს 3:19 ჩამორჩა, ტაიმი კი 13:22 დათმო. 69-ე წუთზე სხვაობა უკვე 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და ახლა 5 ქულით მე-13 ადგილზე არიან.
დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “კარკასონთან” სტუმრად 23:44 დამარცხდა. აშვეთია განაცხადში არ იყო, ხოლო სუთიაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროს მისი გუნდი უკვე 9:37 აგებდა, დარჩენილ დროში კი, ერთის საპასუხოდ ორი ლელო გაიტანა. “მასი” 4 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. Pრო D2-ის მომდევნო ტური 15-16 სექტემბერსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია