გერმანიის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე თამაშით მიღებული გაკვეთილები კარგად აითვისა, 2016 წლის გათამაშების მესამე ტურში, პრინციპულ მატჩში პორტუგალიას 50:27 (!) აჯობა და მომავალ ორწლიან ციკლში უძლიერესთა შორის დარჩენის კარგი შანსი გაუჩნდა.
რაც ერთა თასი ჩამოყალიბდა, ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილი არასდროს შეუნარჩუნებია. გასულ 2-წლიან ციკლში (2013/2014 წლები) ამასთან ძალიან ახლოს იყო ბელგია, მაგრამ საბოლოოდ დაქვეითება მოუხდა, ახლა კი, მიზანთან კიდევ უფრო ახლოსაა გერმანია, რომელიც ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პორტუგალიას დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. ისევე, როგორც ბელგიაში, გერმანიაშიც რაგბის განვითარება წინ მიდის და ევროპაშიც კონკურენცია იზრდება, რაც ზოგადად რაგბის განვითარებისთვის ძალიან კარგია და ეგებ ექვსი ერის ქვეყნებიც დაფიქრდნენ, რომ ჩარჩოების გაფართოება ამ პროგრესისთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მიმცემი იქნება.
ჰანოვერში ამ თამაშის საყურებლად 9 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია და ქომაგებს იმედები არც ნაკრების მორაგბეებმა გაუცრუეს. მასპინძლებმა მეტოქე მაგრად დაჯაბნეს სტატიკაში, პორტუგალია გააწამეს შერკინებასა და მოლში, რამდენჯერმე მოუგეს მათივე დერეფანი, უპირატესობა ჰქონდათ ჯანში და შედეგმაც არ დააყოვნა.
ანგარიში სტუმრებმა სწრაფი ლელოთი გახსნეს, მაგრამ მასპინძლების შემართებამ შედეგი გამოიღო და შესვენებამდე გერმანელებმა 3 ლელო გაიტანეს, სამივე გარდასახვა გამოიყენეს, მანამდე კი, ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირეს. ამაზე პორტუგალიამ ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 24:8 დასრულდა.
მეორეს ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, რასაც პორტუგალიელის სინბინი მოყვა. გერმანიამ შერკინება ირჩია და პირველივე ჯერზე საჯარიმო, პრემიალური ლელო დაიმსახურა - 31:8. მასპინძლები ისე გათამამდნენ, რომ ჯარიმის კარში დარტყმა იუკადრისეს და არც შეცდნენ, რადგან მორიგ მოლს და მისგან დროულად მოწყვეტას მეხუთე ლელო მოყვა. ამ 8-წუთიან ინტერვალში ჯამში 3 ლელო გავიდა და ყველა ჯერზე, როცა სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, გერმანელებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს, ხოლო 70-ე წუთზე რაქიდან მოულოდნელი შეტევის შემდეგ „ლობუში“ მე-7-ედ დაალელოვეს - 50:20.
დრო იწურებოდა და გერმანია შეტევაში იყო, როდესაც რეფერის რაქში წესების დარღვევა „გამოეპარა“, რითაც სტუმრებს შეტევაში გადასვლის შანსი გაუჩნდათ. მერე გერმანელებმა ბურთი აუტში რომ გაგზავნეს, დრო ჯერ არ ამოწურულაო და პორტუგალიამაც ბოლო შეტევით მეოთხე, პრემიალური ლელო გაიტანა. მართალია სტუმრები 27:50 ჩამორჩნენ, მაგრამ ახლა „ლობუშს“ და გერმანიას თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ და ყველაფერი დასკვნით ორ ტურში გადაწყდება, სადაც ნებისმიერ ბონუს-ქულას ოქროს ფასი დაედება. ბევრი რამ ესპანეთზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 12 მარტს პორტუგალიას მასპინძლობს და 19-ში გერმანიას სტუმრობს. მომდევნო მატჩში გერმანელებს რუმინეთში აქვთ გასვლა, ხოლო დასკვნით ტურში პორტუგალია რუსეთს მიიღებს.
მატჩის სრული ჩანაწერი
http://www.dailymotion.com/video/x3unfee_replay-160227-enc1a-germany-portugal_sport
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია