სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებმა “ოთხი ერის” პირველი გათამაშების მოგების შანსი რომ შეინარჩუნონ, ვალდებულნი არიან, IV რაუნდში მაქსიმალურად მეტი ქულა აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალ ზელანდიას თასი ხელის ერთ გაწვდენაზე ექნება.
ზედიზედ სამი თამაშის მომგები “ოლ ბლექსი”, დანიდინში სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს, რომელსაც სატურნირო ცხრილში ხუთი ქულით უსწრებს და კიდევ მოგების შემთხვევაში, მისი დანარჩენებზე უპირატესობა უფრო თვალშისაცემი გახდება, ხოლო ავსტრალია იმ არგენტინას დაუხვდება, რომელთანაც 2003 წლის შემდეგ არ უბურთავია და თავისი უპირატესობის დამტკიცება ურთიერთჯახში მოუწევს.
ზელანდიელებმა სამივე განვლილი თამაში კი მოიგეს, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლეს პრემიალური ქულის აღება. სამხრეთ აფრიკამ, სადებიუტო მატჩში არგენტინას რომ აჯობა, მერე ამ გუნდს სამხრეთ ამერიკაში თავდაჯერებული ეწვია, მარცხს დიდი გაჭირვებით გაექცა და მხოლოდ ფრესღა დასჯერდა, ერთი კვირის უკან კი, ავსტრალიასთან გარდასახული ლელოთი დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
თანამედროვე რაგბში, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენად ითვლება, მაგრამ დღევანდელი რეალობით ცოტას თუ ჯერა, რომ “სპრინგბოკის” ძალისმიერი სტილი, “ოლ ბლექსის” მრავალფეროვნებას დაჩაგრავს. “ბოკესგან” ყველა ითხოვს, რომ ნაცადი ძალისმიერი სტილი შეცვალოს და მათ უფრო აქტიურად გამოიყენონ ნიჭიერი უკანახაზელები. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს მათი 10 და 15 ნომრები, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰეინეკე მეიერი ირწმუნება, რომ უკეთესი არჩევანი არა აქვს და სტილის შეცვლასაც არ აპირებს, რადგან სწორედ ამ სტილით თამაშით მოიპოვა სამხრეთ აფრიკამ 2007 წლის მსოფლიო თასი და 2009 წელს მოიგო “სამი ერი”.
შეიძლება ითქვას, რომ ახლა, “ბოკეს” სტილის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოცდა იქნება, მაგრამ სპეციალისტები ამთავიდანვე ვარაუდობენ, რომ ზელანდია თამაშს 14 ქულიანი უპირატესობით მოიგებს, რაც აფრიკას და მის მწვრთნელს, კარგ დღეს ნამდვილად არ დააწევს. დიდია ალბათობა იმისა, რომ “ოლ ბლექსმა” ბოლო საშინაო მატჩით სარგებლობა გადაწყვიტოს და მოგებასთან ერთად, ოთხი ლელოს გატანაზე და პრემიალური ქულის აღებაზე იზრუნოს, რათა მერე აფრიკაში და არგენტინაში, უფრო დამშვიდებული გაემგზავროს.
წინა მატჩთან შედარებით, ზელანდიელთა თავკაცმა უკანა ხაზი უცვლელი დატოვა, სამაგიეროდ, შეიცვალა შერკინების ნახევარმცველი, 9 ნომერი აარონ სმიტი, რომელიც მანამდე სათადარიგო პირი ვეეპუმ ჩაანაცვლა. არგენტინასთან მატჩში, სმიტი რაქიდან ბურთის გატანას აგვიანებდა და ალბათ, ამის გამოც გადაიყვანეს მარქაფაში. თავის მხრივ, მაშინ შეცვლაზე შესულმა ვეეპუმ თამაში დაალაგა, ააჩქარა და დასკვნით 20 წუთში, ზელანდიელებმა ორი ლელო გაიტანეს, რითაც გამარჯვება დაიბევეს, ხოლო თავად მორაგბემ, ძირითადში თამაშის უფლება “გამოიმუშავა”.
ზელანდიელთა შერკინების ხაზში, როტაციული პრინციპით სამი ცვლილება მოხდა - სათადარიგოები “სასტარტოში” დაწინაურდნენ, ერთი კვირის წინ თამაშის დამწყებებმა კი, სკამზე გადაინაცვლეს. პირველ ხაზში ადგილები კევინ მეალამუმ და ენდრიუ ჰორმა გაცვალეს, მეორეში ბროდ რეთალიქის ადგილას სემ ვაიტლოკი დაწინაურდა, ხოლო მესამეში ვიქტორ ვიტო ლიამ მესამიმ ჩაანაცვლა. ხვალვე, ერთგვარ რეკორდს დაამყარებს “ოლ ბლექსის” კაპიტანი რიჩი მაკქოუ, რომელიც გუნდს “სამ ერზე” და მის მემკვიდრე “ოთხ ერზე” 32-ეჯერ უკაპიტნებს. ამ მაჩვენებლით ის ერთპიროვნულად გალიდერდება და უკან მოიტოვებს სამხრეთაფრიკელ ჯონ სმიტს.
სულ ორი ცვლილებაა და ორივე შერკინების ხაზში “ბოკეს” შემადგენლობაში. ორი კვირით დისკვალიფიცირებული იბენ ეცებეთის ნაცვლად, მეორე ხაზში ფლიპ ვან დერ მერვე დაწინაურდა, ხოლო ფრანსუა ლოუმ, მესამე ხაზში მარსელ კოტცე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკამ, დანედინში ბოლოს 2008 წელს ითამაშა და 30:28 მოიგო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ პროფესიონალურ ერაში, მათ ზელანდიურ მიწაზე სულ სამჯერ იმარჯვეს, ბოლო სტუმრობისას კი, 2011 წელს ველინგტონში 7:40 შერცხვნენ. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება შარშან პორტ ელისაბედში შედგა და აფრიკელებმა 18:5 იმარჯვეს.
უკვე ახლა, მთელი სარაგბო სამყარო მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არ შეიყვანეს აქამდე არგენტინის ნაკრები სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირში. სამხრეთ აფრიკაში ნაჩვენები მედგარი დაცვის შემდეგ, “პუმებმა” “სპრინგბოკი” არგენტინაში ფრეს დააჯერეს, ერთი კვირის წინ კი, ახალ ზელანდიას ნერვები დააწყვიტეს. ახლა მათ საკუთარი ძალა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ ავსტრალიაში, რის შემდეგაც, ყველა მოუთმენლად ელის ამ გუნდის ორ თამაშს საკუთარ სიმაგრეში, როდესაც ავსტრალიას და ზელანდიას არგენტინაში დაუხვდებიან.
მომავალ ჯახში, ფავორიტად მაინც ავსტრალია ითვლება, მაგრამ მათ ამ სტატუსის გამართლება ძლიერ გაუჭირდებათ, მით უმეტეს სამი უმძიმესი დანაკლისის შემდეგ - ჯეიმზ ჰორვილი, დევიდ პოკოკი და ახლა უილ გენიაც. გენიას ნაცვლად 9 ნომრად ნიკ ფიპსმა უნდა ითამაშოს, რომელიც ავსტრალიელთა სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს სამოასთან მატჩში იდგა და მაშინ “კენგურუებმა” მარცხი განიცადეს. არგენტინა ცნობილია თავისი შერკინების სიძლიერით და ეს, მასპინძლებს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის, მითუმეტეს, რომ ავსტრალიელები თავისი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არიან.
მასპინძლებმა, სიურპრიზის სახით, 15 ნომრად გადაიყვანეს უნივერსალი ბერიკ ბარნსი, რომელმაც ერთი კვირის წინ შუამარბად ითამაშა. მეორე ხაზში გამოჩნდა კეინ დუგლასი. სტუმართა გუნდში ორი ცვლილებაა და იქ მხოლოდ 15 და 9 ნომრები შეიცვალნენ. ფულბელად ლუკას გონსალეს-ამოროსინო, ხოლო 9 ნომერზე მარტინ ლანდახო დადგებიან.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ნაკრები ერთადერთია სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლათაგან, რომლისთვისაც არგენტინას აქამდე მოუგია. ამ გუნდების დაპირისპირება სულ 17-ჯერ შედგა და ოთხჯერ იმარჯვეს სამხრეთამერიკელებმა, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, დანარჩენ 12 შემთხვევაში კი, გამარჯვება ავსტრალიელების იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ 2000 წლიდან დღემდე, ამ გუნდების სულ ოთხი დაპირისპირება შედგა და ოთხივე “კენგურუებმა” მოიგეს. ბოლოჯერ მათ, არგენტინელებს 2003 წლის მსოფლიო თასზე, სიდნეიში 24:8 აჯობეს.
15 სექტემბერი. “ოთხი ერი”. IV რაუნდი
ახალი ზელანდია. დანიდინი. Fორსყტჰ Bარრ შტადიუმ
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა (11:35 თბილისის დროით)
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრუდენი, 9. პირი ვეეპუ; 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუინა, 18. ბროდ რეთალიქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. აარონ სმიტი, 21. ბოდენ ბარეტი, 22. ტამატი ელისონი.
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პიენაარი; 1. ტენდაი (ბესტ) მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ფლიპ ვან დერ მერვე, 5. იოანდრე კრუგერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. დენ გრელინგი, 18. ანდრეს ბეკერი, 19. მარსელ კოტცე, 20. იოან გუსენი, 21. იოან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
ავსტრალია. გოლდენ ქოასთი. “სქილედ პარკი”
ავსტრალია - არგენტინა (14:05 თბილისის დროით)
ავსტრალია: 15. ბერიკ ბარნსი, 14. დომ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკქეიბი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. ნიკ ფიპსი; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კეინ დუგლასი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. სტივენ მური, ან საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ბრეტ შაინი, 21. ენტონი ფაინგა, 22. ქერთლი ბილი.
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგიზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. მარტინ როდრიგესი, 22. ხუან იმჰოფი.
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 70-24 | 12 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 1 | 1 | 1 | 62-48 | 7 |
3 | ავსტრალია | 3 | 1 | 0 | 2 | 45-68 | 4 |
4 | არგენტინა | 3 | 0 | 1 | 2 | 27-64 | 2 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია