ამბები

11:59 | 15.09.2012 | ნანახია 2155 - ჯერ

მთელი ტური თბილისში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის ხუთივე თამაში დედაქალაქში, ორ სტადიონზე გაიმართება. ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, 4 მატჩი შაბათსაა დანიშნული და “შევარდენსა” და “ავჭალაზე” წყვილად ჩატარდება, ხოლო ტურის დასკვნითი შეხვედრა კვირას შედგება.
პირვანდელი გრაფიკით, ერთი მატჩი მეზობელ რუსთავში უნდა გამართულიყო, მაგრამ საბოლოოდ სიტუაცია შეიცვალა და აუტსაიდერების ჯახი “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება. “ხარები” “აკადემიას” მასპინძლობენ და გუნდები პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. საწყის ორ მატჩში ორივე გუნდმა მარცხი განიცადა, ოღონდ, “ხარები” მეორე ტურში “ჯიქებთან” მცირე სხვაობით დამარცხდნენ და ერთი პრემიალური ქულა აიღეს, აკადემიელებმა კი, ორ თამაშში მხოლოდ ორი ჯარიმა გაიტანეს.
ამავე დროს დაიწყება “შევარდენზე” “არმაზისა” და “ყოჩების” დაპირისპირება. არმაზელები ზედიზედ მესამე მატჩს მართავენ ისეთ გუნდთან, რომელსაც საჩემპიონო ამბაცია არ გააჩნია და რაღა თქმა უნდა, მორიგი 4 ქულის აღებას გეგმავენ. თავის შანსს დაელოდებიან “ყოჩებიც”, რომლებიც, მართალია, ჯერაც უქულოდა არიან, მაგრამ ბოლო წლების ქართული რაგბის ფლაგმანებს - “ლელოსა” და “ლოკომოტივს” 2-2 ლელო გაუტანეს და ახლა მეტის მოლოდინი ექნებათ.
18 საათზე მოედანზე მედლების მოპოვების ამბიციის მქონე გუნდები გავლენ. “შევარდენზე” უმაღლესი ლიგის დებიუტანტი “ილიაუნი ჯიქი” ქუთაისის “აიას” მასპინძლობს, რომელმაც აქამდე ორი მძიმე თამაში ჩაატარა და არც ახლა ელის იოლი გასეირნება. ქუთაისელებმა ბოლო წუთებზე ჯერ “ბათუმი” გატეხეს, მერე ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი “არმია” (16:15), რითაც კარგ ხასიათზე უნდა იყვნენ. “ჯიქებმა” ჯერ გაზაფხულის ტურნირზე, მერე კი, ჩემპიონატის სტარტზე აჩვენეს, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ. პირველ ტურში არმიელებმა მათ მხოლოდ დასკვნით 20 წუთში ააღებინეს ბრძოლაზე ხელი, ხოლო ერთი კვირის უკან “ხარებს” 13:6 აჯობეს.
“ავჭალაზე” გაზაფხულის ტურნირის ფინალის გამეორება შედგება. მაისში “ლოკომოტივი” “არმიას” ბოლო წუთამდე უგებდა, მაგრამ უკანასკნელი შეტევისას ლელო გაუშვა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და 12:13 დამარცხდა. მიმდინარე სეზონი ორივემ გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ერთი კვირის თავზე ორივე დამარცხდა. “ლოკომოტივი” ბათუმს სტუმრობდა და იქიდან მხოლოდ პრემიალური ქულა წამოიღო (10:13), არმიელებს კი “ავჭალაზე” “აიამ” აჯობა (15:16). ახლა ორივე ეცდება დანაკარგის ანზაღაურებას და ხასიათის გამოკეთებას.
კვირას, 18 საათზე, წლეულს ქულათა მაქსიმუმის ამღები “ლელო” “ავჭალაზე” “ბათუმს” უმასპინძლებს. “ლელომ” ორივე თამაში ისე მოიგო, რომ ორივეჯერ გაუტანა მეტოქეს სამით მეტი ლელო და პრემიალური ქულა აიღო, მაგრამ ახლა მისი მეტოქე უფრო სერიოზული ძალის იქნება. ბათუმელები რომ გაძლიერდნენ, მათი შემადგენლობიდანაც ჩანს და შედეგებიდანაც. პირველ ტურში მათ ქუთაისში საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გაუშვეს ლელო და 3:13 დამარცხდნენ, ხოლო მეორე ტურში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ლოკომოტივს” 13:10 აჯობეს. მოკლედ, ქართული რაგბის მოყვარულებს საინტერესო შაბათ-კვირა ელით.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. III რაუნდი
15 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00

არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 18:00
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)
16 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
ლელო (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

 

1.  ლელო 2 2 0 0 72:22 10
2. არმაზი 2 2 0 0 44:13 8
3. აია 2 2 0 0 29:18 8
4. არმია 2 1 0 1 50:35 6
5. ლოკომოტივი 2 1 0 1 38:25 5
6. ბათუმი 2 1 0 1 16:23 4
7. ჯიქები 2 1 0 1 32:41 4
8. ხარები 2 0 0 2 13:33 1
9. ყოჩები 2 0 0 2 34:75 0
10. აკადემია 2 0 0 2 6:49 0


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126035